[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თარგმანი

სრეჩკო ჰორვატი - "ნაცისტები მთვარეზე ცხოვრობენ?"

დათო ლაღიძე 

(სტატია გამოქვეყნებულია სრეჩკო ჰორვატისა და სლავოი ჟიჟეკის ერთობლივ წიგნში „რა სურს ევროპას?“ 2014წელს)

fqsit5orz38ie8xf4t67ekdposx photo: mvinfo.hr

ცოტა ხნის წინ, ბუქარესტის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კონფერენცია “ნაციონალური საკითხი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში” მიმდინარეობდა, ლიფტთან, სემინარების ოთახის განლაგების, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო რუკა აღმოვაჩინე. ეს იყო ევროპის პატარა რუკა, სადაც ნაჩვენები იყო “ბერლინის ოთახი”, “ამსტერდამის ოთახი”, “პარიზის ოთახი”, “ლონდონის ოთახი” და ა.შ. რომელიც იყო მრავალფეროვნების გამოხატულება, თუმცა ასევე უსვამდა ხაზს ევროპული პროექტის ერთიანობას. არსებობს კი ამაზე უკეთესი სურათი თუ როგორ უნდა გადაიჭრას ნაციონალური საკითხი ევროპის კავშირში? რუკის მიხედვით, ყველა ქვეყანა ერთმანეთის გვერდით ცხოვრობს ბედნიერად და უკონფლიქტოდ; ყოველ ოთახს თავისი იდენტობა გააჩნია; ერთი, როგორც საქორწინო ოთახი, მეორე აკადემიური კონფერენციის, ერთ-ერთს კი კომერციული რეკლამა აქვს მინიჭებული, სხვა ფოკუს ჯგუფებისთვის არის განკუთვნილი და ა.შ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ გჭირდება სასტუმროს დატოვება - ყველაფერი ერთ ადგილზეა თავმოყრილი.

ამ კითხვას პასუხი, შესაძლოა, სხვა უცნაური მაგალითის მოხმობით გავცეთ. საუბარია „კოსტა კონკორდიაზე“, ცნობილ კრუიზზე, რომელიც ტირენიის ზღვაში, 2012 წლის იანვარში, კლდეს შეეჯახა. მისი სახელი (კონკორდია) არის სიმბოლო ერთიანობის და ევროპული ნაციების ჰარმონიის, ხოლო თავად კრუიზი - რუმინეთის სასტუმროს სასემინარო ოთახების მსგავსად - 13 გემბანისგან შედგება, რომლებსაც სახელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიხედვით ქვიათ: პოლონეთი გემბანის ზედა ნაწილშია, მას მოყვება ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ. გემის შუა ნაწილში არის “ევროპული ატრიუმი” “ლონდონის სალონი”, “დისკო ლისაბონი”, “ბარი ბერლინი” და ა.შ. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ „კოსტა კონკორდია“ იყო პავილიონი ჟან-ლუკ გოდარის „სოციალიზმის“ გადაღებისას, რომელიც რეჟისორმა თანამედროვე ევროპის სიმბოლოდ წარმოაჩინა - არა სამხედრო ხომალდი, ან კატერი, არამედ ნელი, დიდი, მდიდრული კრუიზერი. მაგალითად, ფილმში ალან ბადიუ კითხულობს ლექციას ცარიელ ჰოლში, და პატი სმიტი დახეტიალობს გემბანზე გიტარით ხელში… თუმცა, ეს არავის ადარდებს.

შესაბამისად, რეტროაქტიულად, „კოსტა კონკორდიას“ გემბანების ევროპული ქვეყნების მიხედვით დარქმეული სახელები და გოდარის ბოლო ფილმი გვაძლევს დღევანდელი ევროპის სავარაუდო სურათს. არსებობს არა რეალური ჰარმონია და ერთიანობა, არამედ დეკადანსი, რომელიც გარდაუვალ კატასტროფამდე მიდის. არის თუ არა, „კოსტა კონკორდიას“ კაპიტანი, რომელიც შემთხევამდე ერთი დღით ადრე, ლამაზ ქალებთან ერთად, ძვირფასი ღვინის სმაში ატარებს დროს, დღევანდელი ევროპის ფინანსური ელიტის მეტაფორა? კაპიტანი, რომელმაც გემი მგზავრებზე ადრე დატოვა, ჰგავს თუ არა Goldman Sachs-ისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ბანკირებს, მენეჯერებსა და ბროკერებს, რომლებიც ყოველთვის დროულად ტოვებენ ჩაძირულ გემს და ჩასაძირად წირავენ ხალხს როგორც ეს დღეს საბერძნეთში ან დანარჩენ სამხრეთ ევროპაში ხდება? ერთი მხრივ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა „გამოუშვა“ 1,000 მილიარდ ევროზე მეტი 2011 წლის დეკემბრიდან, არა ხალხის, არამედ ბანკების გადასარჩენად. მეორე მხრივ, ჩვენ ქამრების შემოჭერის პოლიტიკის განგრძობადი შოკური თერაპიისა და სტრუქტურული ცვლილების მოწმენი ვართ, ყველა ევროპულ ქვეყანაში - საბერძნეთიდან რუმინეთამდე, იტალიიდან ესპანეთამდე, ასევე სლოვენიასა და ხორვატიაში.

ამ რადიკალური, ნეოლიბერალური შემობრუნების ერთ-ერთი შედეგი მემარჯვენე ძალების და ნაციონალიზმის აღზევებაა, რომელიც უფრო და უფრო ახდენს მუშათა კლასის მობილიზებას. შემთხვევითი არ არის, რომ ჩეხეთში, მემარჯვენე, ექსტრემისტულ პარტიას, რომელიც ბოშათა წინააღმდეგ პოგრომების ორგანიზატორობით არის ცნობილი, „მუშთა პარტია“ ჰქვია. არც ის არის გასაკვირი, რომ საბერძნეთის წინა არჩევნების უმთავრესი სიურპრიზი მხოლოდ „სირიზა“ კი არ იყო, არამედ „ოქროსფერი განთიადიც“ - წარსულში მარგინალური, პრო-ფაშისტური ჯგუფი, რომელიც საბერძნეთის კრიზისს ემიგრანტებს აბრალებს და მათ რიგითი ბერძნებისთვის სამუშაო ადგილების “მოპარვაში” ადანაშაულებს. მოკლედ, ფინანსური კრიზისის გამო, მემარჯვენე და ექსტრემისტული ჯგუფები უფრო და უფრო ძლიერდებიან.

ამ რიტორიკის ტიპური ილუსტრაცია კი ასეთია: “მათ წაგვართვეს ყველა ჩვენი სუვერენული უფლება. ჩვენ გამოვდგებით მხოლოდ საერთაშორისო კაპიტალისთვის, რომელიც ნებას გვრთავს შევავსოთ მისი ფულის ტომრები საპროცენტო განაკვეთით… სამი მილიონი ადამიანია დარჩენილი სამუშაოსა და საზრდოს გარეშე. ჩინოვნიკები, კი მართლაც რომ მუშაობენ, რათა დამალონ ეს უბედურება. ისინი ლაპარაკობენ ზომებსა და შემწეობაზე. მდგომარეობა მათთვის თანდათან უმჯობესდება, ჩვენთვის კი თანდათან უარესდება. თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობის ილუზია, რომლებსაც გვპირდებოდნენ როცა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ბედის ხელმძღვანელები ჩვენვე ვიქნებოდით, გაქრა. ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკას კი მხოლოდ ჩვენი ხალხის სრული განადგურება მოყვება.

არის თუ არა ეს ევროპის დღევანდელი ჩიხის სრულყოფილი აღწერა? მოელის ვინმე მსგავს დისკურსს „სირიზას“ ან „ოქროსფერი განთიადისგან“? პასუხმა კი შესაძლოა გაგაოცოთ: ამ სიტყვების ავტორი, არც მეტი არც ნაკლები, იოსეფ გებელსია, და ეს არის ნაწილი მისი ტექსტისა “ჩვენ ვითხოვთ”, რომელიც 1927 წლის 25 ივლისში „Der Angriff”-ის მეოთხე ნომერში გამოქვეყნდა. თავდაპირველად ეს იყო მარგინალური გაზეთი, რომელის სლოგანიც გახლდათ “ჩაგრულთათვის ექსპლოატატორთა წინააღმდეგ“. მოგვიანებით, 1933 წელს, ის გადაიქცა „გერმანიის მუშათა ფრონტის ყოველდღიურ გამოცემად“. 1927 წელს, მისი ტირაჟი იყო 2,000 ცალი. 1933 წელს კი 150,000-მდე, ხოლო 1944 წელს 306,000-მდე გაიზარდა. რამაც არ უნდა გაგვაკვირვოს - თუმცა უნდა შეგვაშფოთოს - არის დისკურსი ჩვენ გამოვდგებით მხოლოდ საერთაშორისო კაპიტალისთვის, რომელიც ნებას გვრთავს შევავსოთ მისი ფულის ტომრები საპროცენტო განაკვეთით) და კავშირი მუშათა კლასთან („მუშათა ფრონტის“ „ოფიციალური“ გაზეთი). „ოქროსფერი განთიადის“ მსგავსად, თავდაპირველად ეს იყო სრულიად არარელევანტური და სასაცილო შეშლითა ჯგუფი, რომელიც ცდილობდა გამოეყენებინა ფინანსური კრიზისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, თუმცა, ნაბიჯ-ნაბიჯ იგი ევროპის ტოტალიტარული ხედვის მძლავრ იარაღად იქცა.

2008 წლის ფინანსურ კრიზისსა და 1929 წლის კრიზისს შორის არსებული ყველა პოლიტიკური თუ ეკონომიკური პარალელისა და მიდრეკილების მიუხედავად, ფრთხილად უნდა ვიყოთ დღევანდელი სიტუაციის და ნაცისტები ხელისუფლებაში მოსვლის ისტორიული მომენტის შედარებისას. ამისთანავე, საშიში იქნებოდა იმის უარყოფა რომ, არსებული ფინანსური კრიზისის ხელდახელ, მემარჯვენე ბანაკმა კიდევ ერთხელ წამოსწია ნაციონალური საკითხი, რათა გადაიტანოს ჩვენი ყურადღება რეალური პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სიტუაციიდან. აქ უნდა გავიხსენოთ კომედიური სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი „რკინის ცა“ (ტიმო ვორენსოლა, 2012), რომელსაც მოულოდნელი გაკვეთილის მოცემა შეუძლია. ფილმი ყვება ნაცისტების ამბავს, რომლებიც 1945 წელს დამარცხების შემდეგ, მიემგზავრებიან მთვარეზე, სადაც აშენებენ კოსმოსურ ხომალდს, რათა 2018 წელს დაბრუნდნენ და დაიპყრონ დედამიწა. პირველ ეპიზოდში, რომელიც გრძელდება „საბოლოო გადაწყვეტილებამდე“, ორი ნაცისტი ჩამოდის დედამიწაზე, რათა შეამოწმონ არის თუ არა ყველაფერი მზად. თუმცა მათ არავინ დაუჯერებს, ვიდრე მათ პოტენციალს არ აღმოაჩენს საარჩევნო კამპანიის მენეჯერი, რომელიც ამაოდ ცდილობს მართოს საპრეზიდენტო კამპანია პოლიტიკოსისთვის, რომელიც ცალსახად სარა პეილინის პაროდიაა. იგი აღმოაჩენს, რომ ფრაზეოლოგია და ნაცისტების დისკურსი არის ზუსტად ის, რაც შეძლება გაიყიდოს კრიზისის დროს და რომელსაც შეუძლია ითამაშოს საუცხოო როლი მეტი ამომრჩევლის მოსაზიდად. დასასრულში, როდესაც ყველაფერი უკვე გვიანია, ის აღმოაჩენს, რომ ნაცისტები ნამდვილი ნაცისტები არიან და მათი რეალური მიზანი დედამიწის დაპყრობაა.

ამ ყველაფერს კი დღევანდელ მდგომარეობამდე მოვყავართ. 1920-იანი წლების ბოლოს, გაზის კამერები და ყველა დანაშაული, რაც ნაცისტებმა ჩაიდინეს, სამეცნიერო ფანტასტიკის სცენარს წააგავს, ნაცისტების მიერ მთვარიდან ინტერვენციის მსგავსად. თუკი დღეს, გებელსის დისკურსისა და თანამედროვე უკიდურესი მემარჯვენე ტენდენციების შედარება ჩანს გაზვიადებული, ნება მიბოძეთ, მოვიყვანო ახლახან ორი ახალგაზრდა, უმუშევარი სერბი დრამატურგის შემოთავაზებული „ექსპერიმენტი“, რომელთაც სურდათ, დაემტკიცებინათ რომ გებელსის ტექსტის გამოყენებით, სერბეთში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანებაა შესაძლებელი. 2012 წლის აპრილში, როდესაც მათ მოინდომეს გამხდარიყვნენ მთავარი სერბული პარტიების წევრები, მათ გაგზავნეს პოლიტიკური შეთავაზება სერბეთში კულტურულ პოლიტიკაზე, სათაურით “იდეა, სტრატეგია, მოძრაობა”. მათი ტექსტი და ხედვა იყო მისაღები ყველა პარტიისთვის და იმწუთასვე მიიღეს წევრობა და არჩევნების შემდეგ კი თანამდებობებზე შეთავაზებაც მიიღეს. სინამდვილეში კი მარტივი რამ გააკეთეს: მათ გამოიყენეს 1928 წლის გებელსის ტექსტი “ცოდნა და პროპაგანდა”, შეცვალეს რამდენიმე წინადადება და მიუსადაგეს სერბულ კონტექსტს. ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ კი თავის ოფიციალურ ვებსაიტზეც გამოაქვეყნა ტექსტი.

მას შემდეგ, რაც სერბმა დრამატურგებმა წარმატებით დაამტკიცეს, რომ შესაძლებელი იყო ეფექტურად გამოეყენებინათ გებელსის პროპაგანდა დღეს, ხორვატულმა, უკიდურესად მემარჯვენე პარტიამ სცადა, ზაგრებში ორგანიზება გაეკეთებინა ნაციონალისტების საერთაშორისო შეხვედრისთვის. სხვებთან ერთად, მოწვეულ პარტიებს შორის იყო ნაციონალ-დემოკრატიული პარტია გერმანიიდან, რომელიც დაკავშირებულია ბოლო დროს ნეო-ნაცისტების ჩადენილ მკვლელობებთან; ნაციონალური ფრონტი საფრანგეთიდან, ცნობილი როგორც ჰოლოკოსტის უარმყოფი; და ბოლო, თუმცა არა უკანასკნელი, უნგრული პარტია „Jobbik”, რომელიც ამბის ყველაზე უცნაური კომპონენტია: კონკრეტულად, “Jobbik” ცდილობს ტრიანონის 1920 წლის ხელშეკრულების რევიზიას, რომელმაც გამოიწვია უნგრეთისთვის ტერიტორიების დაკარგვა. ამ ტერიტორიების ნაწილი დღეს ხორვატიის შემადგენლობაშია. ამრიგად, გვაქვს სიტუაცია, სადაც ხორვატი ნაციონალისტები იწვევენ უნგრელ ნაციონალისტებს, რომლებსაც სურთ, რომ იხილონ ხორვატიული ტერიტორიების დიდი ნაწილის რეინკორპორაცია უნგრეთის იმპერიაში!

თუმცა, არასწორი იქნებოდა, რომ მხოლოდ გაგვეცინა ულტრა მემარჯვენეების აბსურდებზე. ცნობილი სლოგანების „მეტი გამბედაობა ვენური სისხლისთვის“ და „უცხოელში არაფერია კარგი“ ავტორმა, ავსტრიელმა პოლიტიკოსმა ჰანს კრისტიან სტრახემ პირველი რა გააკეთა 2010 წელს არჩევნებში 26%-ის აღების შემდეგ? სხვა ექსტრემისტებთან ერთად, იგი შეეცადა დაეწყო გუნდური მუშაობა, არა რეიხსტათან არამედ ისრაელთან, რათა დაემყარებინა უფრო ძლიერი კავშირი მათთან, ვინც თავის დროზე ჰიტლერის მტერი და მსხვერპლი იყო. მეტიც, 2010 წლის დეკემბერში, მათ გამოსცეს “ერუსალიმის დეკლარაცია”, რომელიც განამტკიცებს ისრაელის არსებობის და ისლამური ტერორისგან თავდაცვის უფლებას. საბოლოოდ კი, სტრახეს მოწვევით, ისრაელის რეგიონული თანამშრომლობის მინისტრის მოადგილე აიუბ კარა ეწვია ვენას.

და რაც კიდევ უფრო საინტერესოა, სტრახეს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ვენაში, იყო სერბი ემიგრანტების მზარდი თემი. არასასურველი ემიგრანტების თავიდან ასარიდებლად, როგორებიც არიან აფრიკელები, თურქები და ზოგადად მუსლიმი მოსახლეობა, მათ შექმნეს კარგი ემიგრანტების კონცეფცია, ამ შემთხვევაში სერბების სახით. და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ანდრეს ბრეივიკისთვის ერთ-ერთი ინსპირაცია იყო სერბი ომის დამნაშავე, რადოვან კარაჯიჩი. როგორც ბრეივიკი თავის „მანიფესტ 2083 - ევროპის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში“ აცხადებს: “მე ვგმობ ხორვატების მიმართ ჩადენილ ნებისმიერ დანაშაულს და პირიქით, თუმცა მისი ძალისხმევა, გაეთავისუფლებინა სერბეთი ისლამისგან, ყოველთვის ჩაითვლება და გვემახსოვრება, როგორც ფასდაუდებელი ჯვაროსნული და ევროპული საომარი გმირობა”. დღეს კი ცხადია, რომ სახეზეა ახალი სახის უკიდურესი მემარჯვენეობა, რომელიც არც კი დაფიქრდება, ისე გამოიყენებს ნებისმიერ საშუალებას, რათა შექმნა უფრო მძლავრი მოძრაობა. ხოლო აბსურდული ალიანსების უარყოფის ნაცვლად, უნდა გავიხსენოთ ვალტერ ბენიამინის მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომ “ნებისმიერ ფაშიზმს ყავს მოწმე განუხორციელებელი რევოლუციის”.

როგორც ვხედავთ, მიმდინარე ფინანსური კრიზისითა და ქამრების შემოჭერის პოლიტიკით შექმნილი მდგომარეობა ნოყიერი ნიადაგია, არა მხოლოდ ფინანსური ელიტების მიერ კაპიტალის დაგროვებისთვის, არამედ ასაზრდოებს ნაციონალისტურ ტენდენციებისაც. ამიერიდან, მუშათა უფლებები მხოლოდ მემარცხენეთა ბრძოლის მთავარი იარაღი აღარ არის. მიუხედავად ყველაფრისა, განსხვავება მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის ნათელია: მემარჯვენეები ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებენ მუშათა კლასის წევრებს (გერმანელებს ბერძნების წინააღმდეგ, ავსტრიელებსა და ბერძნებს ემიგრანტების წინააღმდეგ და ა.შ.) და იყენებენ მუშათა დისკურსს, რათა საბოლოოდ მოიხვეჭონ ძალაუფლება. თუმცა ყოფილი მარგინალური და ექსტრემისტული ჯგუფები ნელ-ნელა ხდებიან არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ლეგალური პარტიები. „ოქროსფერი განთიადი“ არის არა გამონაკლისის, არამედ წესრიგი. ნაცისტებისთვის აღარ არის საჭირო, რომ დაიმალონ მთვარეზე - მათ შეუძლიათ მშვიდად იცხოვრონ დედამიწაზე, უდარდელად. და ის, რაც დღეს ჩვენ გვჭირდება, არის არა მხოლოდ „სირიზა“, არამედ გაერთიანებული და ძლიერი ევროპული მემარცხენეობა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“