საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ 14 წლის აითაჯ შახმიროვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ალიმ სადიკოვს ბრალი არასრულწლოვანის სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც წარუდგინა.
2023 წლის 6 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 27 წლის ალიმ სადიკოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით მოკლა 14 წლის აითაჯ შახმიროვა, რომელიც ბრალდებულთან იძულებით ქორწინებაში 2023 წლის ივნისიდან იმყოფებოდა.
აითაჯ შახმიროვას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მკვლელობის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე 2023 წლის 6 ოქტომბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება და მალევე მიმალვაში მყოფი ალიმ სადიკოვი დააკავეს. აგრეთვე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს მისი ბიძა და ბიძაშვილი. ამასთან ერთად, აითაჯ შახმიროვას იძულებით ქორწინებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ასევე 2023 წლის 6 ოქტომბერს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში დააკავეს მოკლული ბავშვის დედა და ბიძა. თითოეულ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს აითაჯ შახმიროვას (დაზარალებულის უფლებამონაცვლის) ინტესებს და სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შედეგად ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ა. სადიკოვის მხრიდან ა. შახმიროვის მიმართ შესაძლოა ჩადენილი ყოფილიყო სექსუალური ხასიათის დანაშაული. 14 წლის აითაჯ შახმიროვა საკუთარი ნამდვილი ნების წინააღმდეგ იმყოფებოდა ქორწინებაში ალიმ სადიკოვთან და არასრულწლოვანის ნების საწინააღმდეგოდ ბრალდებული მასთან თანაცხოვრების პერიოდში სქესობრივ კავშირს ამყარებდა. საქმის ამ კონტექსტის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შუამდგომლობით მიმართა კახეთის საოლქო პროკურატურას და ითხოვა გაუპატიურების შესაძლო ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. კახეთის საოლქო პროკურატურის გადაწყვეტილებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მკვლელობისა და იძულებითი ქორწინების ბრალდებებთან ერთად, ალიმ სადიკოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა აგრეთვე გაგრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ).
აღნიშნული სამართლებრივი კვალიფიკაციის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს იძულებითი ქორწინების სხვა საქმეებზე სწორი სამართლებრივი რეაგირებისთვის და დამნაშავე პირების მართლსაწინააღმდეგო ქცევის ყველა ასპექტის გამოვლენისთვის და სამართლიანი დასჯისთვის. სქესობრივი დანაშაულის ჩადენა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, რაც მსხვერპლს ართმევს შესაძლებლობას ისარგებლოს ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობით, წამებისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის უფლებით. გაუპატიურება და სხვა სქესობრივი დანაშაული არის ადამიანის ღირსებასა და მსხვერპლის სექსუალურ ავტონომიაზე თავდასხმაა და მას ორმაგად მძიმე შედეგები მოაქვს გოგონების მიმართ.ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სქესობრივი ძალადობა უდავოდ საზარელი დანაშაულია, რომელსაც მსხვერპლისთვის გამანადგურებელი შედეგი მოაქვს. ბავშვებსა და სხვა დაუცველ პირებს უფლება აქვთ, დაიცვას ისინი სახელმწიფომ და ეფექტიანად აღიკვეთოს მათი პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებში ასეთი უხეში ჩარევა“(Gardel v. France). ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების ფარგლებში სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებზე საუბრობს და უთითებს, რომ ეს ვალდებულებები არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან, არამედ სხვა საერთაშორისო აქტებიდანაც, მათ შორის, ბავშვთა უფლებების დაცვის გაეროს კონვენციიდან და ლანსაროტის კონვენციიდანაც, გამომდინარეობს და სახელმწიფო ვალდებულია არა მხოლოდ გამოიძიოს და მკაცრად დასაჯოს დანაშაულის ჩამდენი პირები, არამედ მოახდინოს მსგავსი დანაშაულების პრევენცია და მსხვერპლების ეფექტიანი და რეალური დაცვა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აითაჯ შახმიროვას საქმეზე მუშაობას და პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას საქმის მიმდინარეობის შესახებ.
ინსტრუქცია