[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი თემურ კალანდაძის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს 

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. ცენტრი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმებს, რომელიც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი საპროცესო ნორმის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვას. სარჩელში სადავო ნორმები სამართლიანი სასამართლოს (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი) და თანასწორობის უფლებებთან (მე-11 მუხლის 1-ელ პუნქტი) მიმართებით არის გასაჩივრებული. სარჩელში აგრეთვე განხილულია საპროცესო ნორმის ძველ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელების (კანონის უკუძალის) საკითხიც. კერძოდ, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგად ინდივიდის უფლებრივი მდგომარეობა უმჯობესდება, პირი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით).

საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილებით ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას უშვებდა მხოლოდ ამ ჩხრეკის თანამონაწილე/დამსწრე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, ჩხრეკისა და დაკავების ოქმისა და ქიმიური ექპერტიზის ერთობლიობით. სასამართლომ დაასკვნა, რომ ძალადაკარგული ნორმები ჩხრეკის შედეგად ამოღებული მტკიცებულების სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით არ ითვალისწინებდა საკმარის გარანტიებს და ეჭვები მტკიცებულებების სანდოობასთან ე.წ ,,ჩადებასთან” დაკავშირებით, გამორიცხული არ იყო.

მოსარჩელე თემურ კალანდაძე, რომლის სახელითაც გაიგზავნა კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 15 წლიან სასჯელს იხდის სწორედ არაკონსტიტუციურად ცნობილი მტკიცებულებითი სტანდარტის საფუძველზე. თემურ კალანდაძე შუამდგომლობით ახლად გამოვლენილი გარემოების (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გამო განაჩენის გადასინჯვას ითხოვდა. როგორც თბილისის სააპელაციო, ისე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი გახდა.

შესაბამისად, მოსარჩელე 15 წლიან სასჯელს იხდის იმ მტკიცებულების საფუძველზე, რომელთა ერთობლიობაც ახალი ნორმატიული სინამდვილით ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს მტკიცებულებათა უტყუარობის არარსებობის გამო. თემურ კალანდაძის განაჩენის გადასინჯვის უფლებას კი წარმოშობს არა უბრალოდ პროცედურული ხასიათის მარეგულირებელი საპროცესო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, არამედ ისეთი ნორმის გაუქმება, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული პირის მსჯავრდების საკითხი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დროულად იმსჯელებს წარდგენილ სარჩელზე და ხელს შეუწყობს დარღვეული კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“