საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


ჩვენ ვეხმიანებით ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის საერთაშორისო დღეს და სოლიდარობას ვუცხადებთ ტრანსგენდერ თემს საქართველოში, რომელიც “ქართული ოცნების” ავტოკრატიის პირობებში სისტემურად განიცდის უფლებების ჩამორთმევას, სტიგმატიზაციასა და სოციალურ გარიყვას.
საქართველოში ტრანსგენდერი თემი ყველაზე მარგინალიზებული და დევნილი თემია. წლების განმავლობაში ისინი ძალადობის, არაღიარების და დევნის უმძიმეს გამოცდილებაში ცხოვრობენ. თუმცა ბოლო პერიოდში გატარებული ფაშისტური საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, მოხდა პოლიტიკური ჰომო/ბი/ტრანსფობიის ექსტრემალური ინსტიტუციონალიზება, რომელიც მიზანმიმართულად ზღუდავს ლგბტქი ადამიანების არსებობას საჯარო სივრცეში და პრაქტიკულად სრულად აუქმებს მათ სამოქალაქო, პირად და პოლიტიკურ უფლებებს. ამ კანონმდებლობისა და პოლიტიკის განსაკუთრებული სამიზნეები კი ტრანსგენდერი ადამიანები არიან, რომელთაც სასიცოცხლოდ მნიშვნელობა სერვისებზე წვდომა ეკრძალებათ და საკუთარი იდენტობის სამართლებრივი აღიარების მექანიზმებს თეორიულადაც კი კარგავენ. ამ რეალობაში ტრანს ადამიანების სხეულები და იდენტობები პოლიტიკური რეჟიმის მხრიდან ბიოპოლიტიკური კონტროლის სამიზნე ხდება, როცა სახელმწიფო მათ არა მხოლოდ უფლებებს ზღუდავს, არამედ თვითიდენტიფიკაციის, სამედიცინო საჭიროებებისა და ცხოვრების შესაძლებლობებსაც ართმევს.
ეს პროცესები არ შეიძლება აღქმულ იქნას როგორც იზოლირებული საკანონმდებლო ცვლილებები. სინამდვილეში ისინი წარმოადგენენ მმართველობის იმგვარ ტექნოლოგიას, რომელიც ეფუძნება „მორალის“, „ტრადიციისა“ და „ოჯახის“ დისკურსებს და მათ მეშვეობით ამყარებს ძალაუფლებრივ იერარქიებს. პოლიტიკური ჰომოფობია და ტრანსფობია ამ კონტექსტში ფუნქციონირებს როგორც სოციალური კონტროლის ინსტრუმენტი: იგი ქმნის მტრის ხატს, აწარმოებს შიშს და ამ გზით ამართლებს უფლებების შეზღუდვას. ასეთი პოლიტიკა კლასიკური ავტორიტარული ლოგიკით იწყება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებით, თუმცა მისი შედეგები თანდათან ვრცელდება მთლიან საზოგადოებაზე, ამცირებს დემოკრატიულ სივრცეს და ნორმალიზებას უკეთებს რეპრესიას.
მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სიძულვილის პოლიტიკურ კაპიტალად გარდაქმნა წარმოადგენს თანამედროვე ავტორიტარული მმართველობის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმს. სიძულვილი აქ არის არა მხოლოდ სოციალური განწყობა, არამედ იქცევა რესურსად, რომლის მობილიზებითაც ძალაუფლება ამყარებს ლოიალობას, აძლიერებს პოლარიზაციას და გადაფარავს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს. ამ პროცესში რეჟიმები ცდილობენ უმცირესობების უფლებების შეზღუდვა და დისკრიმინაცია წარმოადგინონ როგორც ქვემოდან წამოსული „საზოგადოებრივი მოთხოვნა”, მაშინ როდესაც რეალურად იგი პოლიტიკურ ელიტების მიერ ხშირად ხელოვნურად ორგანიზებული და გაძლიერებული პროცესია. ავტორიტარული რეჟიმები სტრატეგიულად იწყებენ იმ ჯგუფების მარგინალიზებით, რომელთა უფლებების შეზღუდვაც ყველაზე ნაკლებ წინააღმდეგობას აწყდება. თუმცა მალევე რეპრესიის ნორმალიზება უფრო ფართო ჯგუფების მიმართ ხდება. ეს ტენდენცია დღეს ჩვენს ქვეყანაშიც თვალსაჩინოა - გუშინ ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, დღეს უმრავლესობის პოლიტიკური დევნის ლოგიკა და იარაღიც ხდება.
სამწუხაროდ, ამ პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგია ლგბტქი ადამიანების მასობრივი მიგრაცია. დღეს ქვიარ ადამიანები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ არა არჩევანის, არამედ გადარჩენის აუცილებლობის გამო, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ღირსეული ცხოვრების უფლების დასაცავად. საბოლოოდ კი, ეს პროცესი არა მხოლოდ ინდივიდუალური ადამიანების ტრაგედიებს ქმნის, არამედ გადაიქცევა კოლექტიურ სოციალურ დანაკარგად, რომელიც ასუსტებს საზოგადოებრივ მრავალფეროვნებას და ართმევს ჩვენს საზოგადოებას იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელსაც ეს ადამიანები ქმნიან.
თუმცა, მიუხედავად ამ სისტემური ზეწოლისა, ლგბტქი თემი საქართველოში ყოველდღიურ პრაქტიკაში აგრძელებს წინააღმდეგობას, ზრუნვასა და ურთიერთდახმარებაზე დაფუძნებული ქსელების შექმნას. სწორედ ამ ყოველდღიურობაში იკვეთება ალტერნატიული სოციალური ორგანიზების ფორმები, სადაც გადარჩენა და ღირსება ეფუძნება სოლიდარობას და ურთიერთაღიარებას. ეს გამოცდილება ეწინააღმდეგება იმ დომინანტურ ნარატივს, რომელიც თემს მხოლოდ “მსხვერპლის” როლში წარმოაჩენს და აჩვენებს, რომ პოლიტიკური და სოციალური სუბიექტურობა იქმნება არა მხოლოდ ინსტიტუციების მიერ, არამედ ქვემოდან, კოლექტიური პრაქტიკების მეშვეობითაც. ამ რეალობაში საკუთარი იდენტობისა და სხეულის საზღვრების დაცვა ყოველდღიური წინააღმდეგობის ფორმაც იქცევა.
ამ პირობებში არსებითია ჩვენი სოლიდარობა! სოლიდარობა კი არის არა მხოლოდ ეთიკური არჩევანი, არამედ პოზიციონირება ჩაგვრის წინააღმდეგ. სოლიდარობა გულისხმობს სხვადასხვა ჯგუფების მიერ ერთმანეთის უფლებების აღიარებას, საერთო საფრთხეების გააზრებას და ერთიან მოქმედებას იმ სტრუქტურების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების დაყოფას და კონტროლს. მხოლოდ ასეთი ერთობლივი წინააღმდეგობა ქმნის შესაძლებლობას, რომ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ უფლებებზე, თანასწორობაზე და სამართლიანობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი წესრიგი.
ტრანს ხილვადობის საერთაშორისო დღე გვახსენებს, რომ ხილვადობა მხოლოდ მაშინ იძენს რეალურ მნიშვნელობას, როდესაც მას თან ახლავს სამართლებრივი დაცვა, სოციალური აღიარება და ინსტიტუციური პასუხისმგებლობა. ამიტომ ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ ხილვადობის გაზრდა, არამედ ისეთი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნა, სადაც ხილვადობა აღარ იქნება საფრთხე და სადაც თითოეული ადამიანის იდენტობა იქნება დაცული და პატივცემული.
დღეს სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ ის დგას სოლიდარობის მხარეს და იმ ადამიანების გვერდით, ვინც ყოველდღიურად, ხშირად უხილავად, აგრძელებს ცხოვრებას, ზრუნვას და წინააღმდეგობას. ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ კოლექტიური მოქმედებით არის შესაძლებელი ისეთი საზოგადოების ფორმირება, სადაც არც ერთი ჯგუფი არ იქნება მიზანში ამოღებული და სადაც ღირსება, თავისუფლება და თანასწორობა ყველასთვის რეალური და ხელშესახები გამოცდილება იქნება.
ინსტრუქცია