საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეიდან საქართველოში ფაშისტური ანტი-ლგბტ(ქ)ი კანონი ამოქმედდა, რომელიც “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის” სახელით, ძირს უთხრის ფუნდამენტურ ჰუმანისტურ პრინციპებს, თანასწორობისა და ღირსების იდეას, ინსტიტუციურ დონეზე ამყარებს ლგბტ(ქ)ი ადამიანების ჩაგვრას და ქვეყანაში საბოლოოდ აფორმებს ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ რეჟიმს.
კანონი ლგბტ(ქ)ი ადამიანებს მათთვის ისედაც არარსებულ უფლებებს უუქმებს და მათ საბაზისო პირადი, ჯანდაცვის, განათლების, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გარეშე ტოვებს. კანონი განსაკუთრებით სასტიკი და არაადამიანურია ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და მათი სხეულების და სიცოცხლის კრიმინალიზებას ახდენს. ამავდროულად კანონი უპირისპირდება გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებს და აწესებს თვითნებურ ცენზურას მოსაზრებებზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, მეცნიერებაზე, განათლებაზე, აღზრდაზე და ა.შ. სინამდვილეში კანონი პირთა ფართო წრეს ეხება და აზრის, გამოხატვისა და სხეულების კონტროლისა და დისციპლინირების ტოტალიტარულ ინსტინქტებს ავლენს.
კანონის ამოქმედება ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას უკიდურესად დაამძიმებს, რადგან ის ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს საბაზისო უფლებრივი გარანტიების მიღმა დატოვებს და მათ ყოველდღიურობას გახდის დაუცველს და მტრულს. ეს ტენდენცია უკვე ჩანს. ფაშისტური კანონის გამო ლგბტ(ქ)ი აქტივისტების და ხილვადი ადამიანების დიდი ნაწილი საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილებას იღებს, რაც მათ საკუთარი ოჯახების, ნათესავების, მეგობრების და საკუთარი სახელმწიფოს გარეშე ცხოვრებას აიძულებს.
აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის მიერ კანონის მიღებამდე წარმოებულმა თანასწორობის საწინააღმდეგო პოლიტიკამ, რომელიც რადიკალური ჯგუფების მიერ ლგბტ(ქ)ი ადამიანების სასტიკ ძალადობას უშვებდა და იწყნარებდა, ლგბტ(ქ)ი ადამიანების უსაფრთხოებას უკვე შეუქმნა რეალური რისკები, დღეს კი ჩვენ ვხედავთ რომ ჰომოფობია პოლიტიკური მართვის და ოფიციალური პოლიტიკური დისკურსის ღერძი ხდება.
ჩვენი აზრით, საქართველოში ჰომოფობიური კანონის მიღება, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლის და მძაფრი ავტორიტარული და ანტიევროპული გეოპოლიტიკური შემობრუნების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. ხელისუფლება ჰომოფობიას იყენებს ოპონენტების მარგინალიზაციისთვის, საზოგადოებაში ევროპული იდენტობისა და მისწრაფებების დაზიანებისთვის და ლგბტ(ქ)ი ადამიანების მტრის ხატად მონიშვნისთვის. რეჟიმი, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს ვეღარ სთავაზობს უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, პოლიტიკურ თავისუფლებებს, განვითარებას, სიძულვილსა და შიშებს იყენებს მოქალაქეების მართვისთვის და კონტროლისთვის.
ბოლო წლებში მმართველმა ძალამ წარმატებით მოახერხა ავტორიტარული პოლიტიკის აღმასვლის ფერხულში ჩაბმა და სხვა ავტოკრატიული რეჟიმების (რუსეთის, უნგრეთის) გზას დაადგა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას, როგორც დანარჩენ ავტორიტარულ, მემარჯვენე პოპულისტურ რეჟიმებს, აღნიშნული სტრატეგიების გამოყენება ძალაუფლების უწყვეტად შენარჩუნებისთვის სჭირდება. ამიტომ ოჯახების დაცვის სახელის უკან დგას რეჟიმის შიშველი ინტერესი გააგრძელოს რესურსების მიტაცება, გამდიდრება და ძალაუფლების კონსოლიდაცია, რუსული კანონების დამკვიდრებით კი ქვეყანაში, ჩვენი სახელმწიფო რუსული გავლენების ბლოკში მოაქციოს და იმპერიულ ძალებს დაუქვემდებაროს.
კანონის შინაარსი ფარისევლურია, რადგან ის ნამდვილად არ ისახავს ოჯახების რეალურ დაცვას. საქართველოში არსებული გაჭიანურებული სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, მზარდი მიგრაცია აზიანებს და ცვლის ჩვენი ოჯახების სტრუქტურას. ჩვენს ქვეყანაში ყოველი მესამე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და არ აქვს წვდომა ხარისხიან განათლებაზე და საბაზისო სოციალურ საჭიროებებზე (წიგნი, სათამაშო, გართობა). ხელისუფლების ინტერესებში, რომ იყოს ოჯახების დაცვა მაშინ ის სწორედ ოჯახების კეთილდღეობის მხარდაჭერაზე იფიქრებდა. სწორედ ამიტომ აშკარაა, რომ კანონის შინაარსი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება მის სათაურს და მას არანაირი კავშირი აქვს არც ოჯახური ღირებულებების და არც არასრულწლოვანთა დაცვასთან.
კანონის ამოქმედება ქვეყანაში მიმდინარე უმძიმეს კრიზისს ემთხვევა, როდესაც ქვეყნის მმართველი ძალა, მიტაცებული არჩევნების ფონზე, ერთპარტიული მმართველობის დამყარების გზით ძალაუფლების განუსაზღვრელი დროით შენარჩუნებას ცდილობს. სწორედ ამიტომ ჩვენი საყოველთაო წინააღმდეგობის პროცესში მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ ამ ფაშისტური კანონის ანტიჰუმანური, ანტიდემოკრატიული ზიანი და ჩვენს მოთხოვნებში მისი გაუქმების საკითხი ასევე მკაფიოდ მოექცეს.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ლგბტ(ქ)ი ადამიანებს საქართველოში და მზად ვართ, ჩვენი რესურსები აქტიურად გამოვიყენოთ მათი უფლებების, საჭიროებებისა და ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვაგრძელებთ და არ შევაჩერებთ ლგბტ(ქ)ი უფლებებზე, ლგბტ(ქ)ი ადამიანების სისტემურ ჩაგვრასა და თანასწორობაზე ლაპარაკსა და ამისთვის ბრძოლას.
ინსტრუქცია