[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი შრომის ინსპექციის მიერ ინფორმაციის დახურვას სასამართლოში ასაჩივრებს

5 ივლისს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ღირსეული შრომის პლატფორმასთან თანამშრომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სარჩელი, რომლითაც შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელებული ინსპექტირებების შესახებ ინფორმაციის სრულად გაცემას ითხოვს. ჩვენი შეფასებით, ინსპექციის მიერ შემოწმებული ობიექტების შესახებ ინფორმაციის დამალვა მკვეთრად აუარესებს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის სტანდარტს და უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყანაში შრომის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე.

სასამართლოში წარდგენილი სარჩელის საფუძველი გახდა, შრომის ინსპექციის სამსახურის გადაწყვეტილება, ინსპექტირების საქმის წარმოების მასალებში, მათ შორის, ინსპექტირების ანგარიშებში დაეშტრიხა ინფორმაცია შემოწმებული საწარმოების შესახებ, ისე რომ, დოკუმენტაციიდან არ ირკვევა, თუ რომელ საწარმოში რა დარღვევა დადგინდა. როგორც ოფიციალური კორესპონდენციიდან ირკვევა, შრომის ინსპექციის სამსახური ამ ინფორმაციის   დაფარვის სამართლებრივ საფუძვლად მოიაზრებს „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმად, „შრომის ინსპექტორი ვალდებულია დაიცვას ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.“

ჩვენი შეფასებით, შრომის ინსპექციის სამსახური ახდენს კანონის ამ მუხლის მცდარ ინტერპრეტაციას და მას საჯარო ინფორმაციის გაცემის შეზღუდვის საფუძვლად იყენებს, მაშინ როდესაც, ზემოთ მოხმობილი ნორმის მიზანია, დაიცვას დასაქმებულების ინტერესები და, ამავე დროს, შეზღუდოს საჯარო მოხელეების მიერ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას მიღებული ინფორმაციის არაპროფესიულ კონტექსტში გამჟღავნება. რაც მთავარია, „შრომის ინსპექციის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლი არ ადგენს ადმინისტრაციული კოდექსით უკვე გათვალისწინებულ საფუძვლებზე დამატებით საფუძველს ინფორმაციის დაფარვისთვის და, ამდენად, ინსპექციის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კოდექსით დადგენილ იმ ზოგად  მოთხოვნებს, რომლებიც საჯარო ინფორმაციის გაცემას აწესრიგებს.  

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად,  საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.[1] ამასთან, პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას.[2] ამდენად, მოცემულ შემთხვევაში შრომის ინსპექტორის პროფესიული საიდუმლოება დაცული შეიძლება იყოს იმ პირობით, რომ კონკრეტული ინფორმაცია (შემოწმებული საწარმოების ვინაობა) კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ეს მონაცემები ავტომატურად კომერციულ საიდუმლოებად ვერ მიიჩნევა და საამისოდ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალური გადაწყვეტილება ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ.[3] ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამგვარი გადაწყვეტილება ინფორმაციის დაშტრიხვის შესახებ არ არსებობს და შრომის ინსპექციის სამსახური შემოწმებული საწარმოების ვინაობას ფარავს ბლანკეტურად და თვითნებურად, ისე რომ, კოდექსით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებსაც არ იცავს.

შრომის ინსპექციის ეს ბოლოდროინდელი პრაქტიკა თანხვედრაშია ბოლო წლებში საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მკვეთრად გაუარესების ტენდენციასთან. როგორც  IDFI-ს კვლევამ აჩვენა,  გასულ წელს ორგანიზაციის მიერ გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული პასუხების პროცენტული წილი წინა წელთან შედარებით 20%-ით შემცირდა და 58% შეადგინა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

შრომის ინსპექციის შემთხვევაში ინფორმაციის დახურვა უკიდურესად პრობლემურია შრომის უფლებების დაცვის თვალსაზრისითაც. შრომის უფლებების დარღვევისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ისედაც შედარებით უმნიშვნელო ჯარიმების ფონზე, დამრღვევი კომპანიების ვინაობის დაფარვა გაუმართლებელ პრაქტიკად უნდა მივიჩნიოთ, რომელიც ხელს უშლის კომპანიებში პასუხისმგებლიანი ქცევის დამკვიდრებას და, რაც მთავარია, ძირს უთხრის შრომის ინსპექციის მანდატის პრევენციულ ფუნქციას.

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შრომის ინსპექციის  საქმიანობის მარეგულირებელი წესის შესახებ, რომელიც ამ უწყებას  ინსპექტირების ანგარიშების დახურვის შესაძლებლობას აძლევდა, საკონსტიტუციო დავა ჯერ კიდევ 2017 წელს მოიგო. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მთავრობის დადგენილების ის ნორმა, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ანგარიშების და დასკვნების არასაჯაროდ მიჩნევის შესაძლებლობას იძლეოდა.[4]

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დავის მიმდინარეობის და სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მუხლი 28.1.

[2] იქვე, მუხლი 273.

[3] იქვე, მუხლი 272.

[4] ვრცლად იხილეთ, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტირების აქტების დახურულობის წესი“, 2017 წლის 16 ოქტომბერი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/43dUHk0.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“