[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი შარტავას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას ეხმაურება

შარტავას ქუჩაზე, ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული მშენებლობა განახლდა. მშენებლობა, ახალი პროექტით, უპრეცენდენტო საგამონაკლისო პირობებთან ერთად, უამრავი დარღვევებით ხორციელდება.

ამ მშენებლობის განახლება 2019 წლის მთავრობის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც გადაწყდა, რომ შეჩერებული მშენებლობების წახალისების მიზნით, თბილისის საკრებულო თითოეულ ასეთ ტერიტორიაზე საკანონმდებლო სამშენებლო მოთხოვნების მოხსნის შესახებ იმსჯელებდა. შედეგად, 2020 წლის ოქტომბერში, თბილისის საკრებულომ მძიმე, არამართლზომიერი და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო როდესაც მთელი რიგი საკანონმდებლო მოთხოვნები მოუხსნა დეველოპერს და უგულებლყო ამ ორგანოს მთავარი პასუხისმგებლობა საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების შესახებ.

შარტავას ქუჩაზე განახლებული მშენებლობა ქალაქში მიმდინარე განაშენიანების ახალი მასშტაბური ტალღის ნაწილია და ყიფშიძის N1-ში მიმდინარე უკანონო მშენებლობის ანალოგიური მაგალითია. აქაც, როგორც ყიფშიძის ქუჩის შემთხვევაში, ინვესტორი თბილისის მერიას შეჩერებული მშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის განსახლებას აღუთქვამს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად აცნობიერებს დაუმთავრებელი პროექტებით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას თუმცა, იმისთვის, რომ დაზარალებული მოსახლეობის დაკმაყოფილებას ქალაქში ზიანის და საფრთხისშემცვლელი მშენებლობის ახალი ტალღა არ მოჰყვეს, მნიშვნელოვანია, რომ შეჩერებული მშენებლობების განახლება კანონის დაცვით და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით განხორციელდეს.

შარტავას ქუჩის შემთხვევაში ახალი მშენებლობა 38 სართულიანი უნდა იყოს. მშენებლობა მშენებარე მაღალ-სართულიანი და საბჭოთა დაბალ-სართულიანი კორპუსებისგან 4-5 მეტრის დაშორებით მიმდინარეობს. მომიჯნავე კორპუსებს შორის არის ისეთი ნაგებობებიც, რომელიც II და III კატეგორიის ავარიულ შენობებს განეკუთვნებიან. განახლებული პროექტი შეთანხმდა უპრეცენდენტო და უკანონო ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებით, რაც ჩვენ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია.

შარტავას ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო პროცესი მძიმე და სახიფათო ზეგავლენას ახდენს მომიჯნავე კორპუსებსა და მათი მაცხოვრებლების ყოველდღიურობაზე. ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს კედლებზე გაჩენილ ბზარებზე, მძიმე ტექნიკით გამოწვეულ ვიბრაციაზე, დაბინძურებულ ჰაერსა და დიდი რაოდენობით მტვერზე. სავარაუდოა, რომ უბნის მაცხოვრებლები დაკარგავაენ წვდომას დღის სინათლეზე, ხოლო სატრანსპორტო ქსელი უკიდურესად გადაიტვირთება. ავარაიული შენობების მაცხოვრებლები მათი საცხოვრებელი გარემოს უკიდურესად სახიფათო მდგომარეობაზეც საუბრობენ.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობაც და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოც კარგად აცნობიერებდა, რომ მომიჯნავედ მყოფ დაბალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს მსგავსი მასშტაბური (38 სართულიანი) მრავალპროფილური კორპუსების აღმართვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდა; სწორედ ამიტომ, მათ გამოსავლის სახით სრულად გააუმქმეს აღნიშნული მოთხოვნები, რითაც ადმინისტრაციულმა ორგანოებმა პირდაპირ დაარღვიეს მოსარჩელეთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

მშენებლობის მიმართ გამოყენებულ იქნა შემდეგი ხელშემწყობი ქმედებები:

  • კ-2 კოეფიციენტი გაიზარდა 12.4-მდე, მაშინ, როცა 2014 წელს კ-2 კოეფიციენტი შეადგენდა 6.8-ს;
  • მშენებლობა სრულად განთავისუფლდა კ-3 კოეფიციენტისგან- გამწვანების მოთხოვნებისგან.
  • მშენებლობა განთავისუფლდა მიჯნის ზონებისა დაცვის და სიმაღლის საკანონმებლო შეზღუდვებისგან.
  • მშენებლობა სრულად განთავისუფლდა სატრანსპორტო რეგულაციისა და ზოგადი გამწვანების საკანონმდებლო მოთხოვნებისგან;
  • მშენებლობა სრულად განთავისუფლდა კანონმდებლობით დადგენილი ინსოლაციის (მომიჯნავე შენობების განათება/დაჩრდილვის) მოთხოვნებისგან;
  • დაშვებულ იქნა ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ცვლილება, ლესვა-ღებვის პროცენტულობის გაზრდილი მაჩვენებლით;

კანონმდებლობა ყოველთვის ითვალისწინებდა და დღესაც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსხვავებული ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენას. თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობს პირობების სრულად გაუქმებას და დაინტერესებული პირისთვის პრივილეგიების მინიჭებას სხვა პირთა (მათ შორის, მომიჯნავედ მცხოვრებ პირთა) უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე.

ამასთან, საგულისხმოა, რომ მშენებლობას შპს „ბკ ჰოლდინგი“ ახორციელებს, რომლის ერთ-ერთი დირექტორი, შოთა ბერეკაშვილი, კახა კალაძესთან დაახლოებული პირია, ხოლო მისი ოჯახის წევრი ქართული ოცნების პარტიულ სიაში გვხვდება. უძრავი ქონების ბიზნესისა და მუნიციპალური ორგანოების შესაძლო კორუფციულ კავშირებზე არაერთი ორგანიზაცია თუ მედია-საშუალება უთითებს.

მიგვაჩნია, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, შარტავას ქუჩაზე მსგავსი მასშტაბის მშენებლობა ყოვლად დაუშვებელი და უკანონოა. ქალაქმა უნდა გამონახოს შესაძლებლობა და საშუალება, რომ მომჩივანთა და სხვა მომიჯნავე ბინებში მცხოვრებ პირთა უფლებების დარღვევის გარეშე უზრუნველყოს დაუმთავრებელი მშენებლობით დაზარალებულთა მხარდაჭერა როგორც შარტავას ქუჩაზე არსებული ობიექტის, ისე ქალაქის მასშტაბით სხვა პროექტების შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში, განახლებული მშენებლობების ტალღა ქალაქგეგმარების არამდგრადი, საფრთხის შემცველი და უკანონო პოლიტიკის გაგრძელება გახდება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“