[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაუსრულებელი მშენებლობების განახლებას ეხმაურება და ყიფშიძეზე დაგეგმილ მშენებლობას ასაჩივრებს 

 

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე 25, 19 და 16 სართულიანი სამი ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.  მშენებლობა თბილისის მერიის არასამართლიანი, კერძო და არა საჯარო ინტერესით ნაკარნახევი პოლიტიკის გამოვლინებაა და ცხადყოფს იმ რისკებს, რაც უახლოეს მომავალში დაუმთავრებელი მშენებლობების განახლების გეგმას ახლავს მთელი თბილისის მასშტაბით. ყიფშიძის ქუჩის პროექტის მასალების შესწავლიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიას სამშენებლო ნებართვის გაცემისას არ შეუსწავლია სადაო პროექტის გავლენა მიმდებარე ნაგებობებსა და საჯარო სივრცეებზე, სატრანსპორტო გზებსა და სხვა სოციალური ინფრასტრუქტურაზე. მშენებლობის ნებართვა მთელი რიგი კანონდარღვევებით 2021 წლის 20 ივნისს მიიღო კომპანია „გუმბათი ჰოლდინგი+მა”. დაუშვებელია,  ქალაქის მერიის უსამართლო მიდგომის, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან მოსახლეობის გამორიცხვით ზიანი ადგებოდეს ერთი მხრივ დაუსრულებელი მშენებლობების განახლების გეგმას და მეორე მხრივ, თბილისის უბნებში მდგრადი განვითარების შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულომ 2019 წელს მერიას შეჩერებული მშენებლობების დასრულების ხელშეწყობა დაავალა. შესაბამისად, თბილისის არაერთ უბანში, სადაც სამშენებლო ნებართვების გამარტივებული წესით გაცემის რამდენიმე ტალღის შემდეგ უკონტროლო განაშენიანება მივიღეთ, დღეს დაემატება განახლებული მშენებლობების ახალი ნაკადი. შედეგად ისეთი სივრცეების განაშენიანება იგეგმება, რომლებიც 2006 და 2008 წლების ე.წ. სამშენებლო ბუმის დროს ისედაც უკიდურესად გადაიტვირთა.  

ყიფშიძის ქუჩის ამ ტერიტორიაზე მშენებლობა ჯერ კიდევ 2000-იან წლებში იგეგმებოდა. თუმცა, პროექტის განახლების შემდგომ დაგეგმილი მშენებლობის მასშტაბი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ამას პირვანდელი პროექტი ითვალისწინებდა. ამასთან, პირვანდელი პროექტის დაგეგმარების შემდეგ არსებითად შეიცვალა მიმდებარე ტერიტორიაც - ყიფშიძის ქუჩა დღეს ბევრად უფრო მჭიდროდაა განაშენიანებული, ვიდრე საწყისი პროექტის შემუშავებისას იყო 2000-იანი წლების დასაწყისში. მიუხედავად ამისა,  სამშენებლო ნებართვის შესწავლით ირკვევა, რომ პროექტის შეთანხმებისას წარმოდგენილი საექსპერტო კვლევებიდან არც ერთი არ ეთმობა იმის შესწავლას თუ რა გავლენა ექნება მშენებლობას მომიჯნავე შენობებზე, უბნის სატრანსპორტო ქსელსა და მის უსაფრთხოებაზე. ამ ფაქტორების შესწავლა კანონით სავალდებულოა.

გარდა იმისა, რომ ყიფშიძის ქუჩაზე გაცემული ნებართვა კანონის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, და ნებართვის ბათილობის საფუძველს ქმნის, პრობლემურია ისიც, რომ სადავო სამშენებლო ნებართვის გაცემისას, სახელმწიფო ორგანოებმა სრულად გაუუქმეს დეველოპერს სიმაღლის შეზღუდვა  , რითიც უგულებელყვეს მომიჯნავე შენობებში მცხოვრებთა და უბნის მოსახლეობის ინტერესები და დაარღვიეს მათი უფლებები.

[1]

მისასალმებელია, რომ მერიამ შეიმუშავა დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის განსახლების გეგმა. თუმცა ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს დაუშვებლად მიაჩნიათ აღნიშნული გეგმის ფარგლებში ქალაქის მიერ სრულად იყოს იგნორირებული კანონის მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც ნებართვის გამცემ ორგანოს უნდა ემსჯელა დასახლების განვითარების, საზოგადოების კეთილდღეობის, სოციალურად სამართლიანი მიწათსარგებლობის, ღირსეული და უსაფრთხო გარემოს შექმნისა და არქიტექტურული და ლანდშაფტური სახის მდგრადობის შენარჩუნების შესახებ. იმისთვის, რომ დაზარალებული მოსახლეობის დაკმაყოფილებას ქალაქში ზიანის და საფრთხისშემცვლელი მშენებლობის ახალი ტალღა არ მოჰყვეს, რაც სხვადასხვა უბანი დაზარალებული მოსახლეობის ახალ ჯგუფებს გააჩენს, მნიშვნელოვანია, რომ შეჩერებული მშენებლობების განახლება კანონის დაცვით და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით განხორციელდეს.

ყიფშიძის ქუჩაზე მშენებლობას „გუმბათი ჰოლდინგი+“ ახორციელებს. კომპანია რუსთავის ყოფილ მერს, (1995-2005 წლებში) და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრს, მერაბ ტყეშელაშვილს ეკუთვნის, რომელიც დეველოპერულ კომპანიას ბიზნესმენ თამაზ ბალაძესთან ერთად ფლობს.

მიგვაჩნია, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ყიფშიძის ქუჩაზე მსგავსი მასშტაბის მშენებლობა ყოვლად დაუშვებელი და უკანონოა. ქალაქმა უნდა გამონახოს შესაძლებლობა და საშუალება, რომ მომჩივანთა და სხვა მომიჯნავე ბინებში მცხოვრებ პირთა უფლებების დარღვევის გარეშე უზრუნველყოს დაუმთავრებელი მშენებლობით დაზარალებულთა მხარდაჭერა როგორც ყიფშიძის ქუჩაზე არსებული ობიექტის, ისე სხვა პროექტების შემთხვევაში ქალაქის მასშტაბით. სხვა შემთხვევაში განახლებული მშენებლობების ტალღა ქალაქგეგმარების არამდგრადი, საფრთხის შემცველი და უკანონო პოლიტიკის გაგრძელება გახდება.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მოქალაქეთა  ინიციატივა საჯარო სივრცისათვის

[1] ფოტო: ინსოლაციის ანალიზი ყიფშიძე-აბულაძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია სპეციალისტი სალომე ბერეჩიკიძე, 2021

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“