საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: დათო სიმონია
“სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” (ყოფილი EMC) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა, რომლითაც ასაჩივრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სოფელ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილების უკანონოდ და დაუსაბუთებლად შეზღუდვას. სარჩელით, ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ნამოხვანისკენ მიმავალ გზებზე ჩაყენებული პოლიციის ადგილიდან გაყვანას და მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 3 აპრილიდან რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით მოხდა და ადგილზე გამოყენებული ღონისძიებები ,,პოლიციის შესახებ” კანონს ეფუძნებოდა. აღნიშნული კანონის თანახმად, პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად. აგრეთვე, პოლიცია უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს პირის გადაადგილება, თუ პირი თავისი ქმედებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
„პოლიციის შესახებ“ კანონის თანახმად, საფრთხის არსებობა დადასტურებული უნდა ობიექტური გარემოებით, რაც საკმარისი იქნებოდა ობიექტური დამკვირვებლისთვის, შესაბამისი დასკვნის გასაკეთებლად. მოცემულ შემთხვევაში, 3 აპრილიდან რიონის ხეობაში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განმარტებული არ ყოფილა, თუ რა კონკრეტული საფრთხის პრევენციას ისახავდა მიზნად საპოლიციო ღონისძიებები. პოლიციამ ამ დრომდე ვერ აჩვენა, რომ ადგილზე არსებობდა მყისიერი და კონკრეტული საფრთხე, რომლის მოსალოდნელობა დასაბუთებული იქნებოდა ობიექტური ინფორმაციითა და გარემოებებით. შესაბამისად, აბსტრაქტული საფრთხის მოტივით, უფლების მზღუდავი საპოლიციო ღონისძიების გამოყენება ბლანკეტურად, ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, რომლის შედეგადაც შეიზღუდა გადაადგილების თავისუფლება, წარმოადგენს უკანონო და არაპროპორციულ ჩარევას ადამიანის უფლებებში.
ნამოხვანჰესის პროტესტი 200 დღეზე მეტია მიმდინარეობს და მთელი ეს პერიოდი, სახელმწიფო უარს ამბობს აქტივისტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საგნობრივ დიალოგზე. იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს არ რჩება საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილების და პროტესტზე რეაგირების პოლიტიკური მექანიზმი, რეპრესიულ და სადამსჯელო კანონმდებლობას იყენებს, რასაც მსუსხავი ეფექტი აქვს შეკრების უფლებით სარგებლობაზე.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 3 აპრილიდან, მას შემდეგ რაც რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა, შსს-მ სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზა ორივე მხრიდან (ქუთაისიდან და ლეჩხუმიდან მიმავალი გზები) ჩაკეტა და პოლიციის ბლოკპოსტები ჩააყენა. ამ საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, “რიონის ხეობის მცველებს” უსაფუძვლოდ შეეზღუდათ ადგილზე, სოფელ ნამოხვანში მშვიდობიანი შეკრების უფლება, აგრეთვე შეიზღუდა სოფლის მიმართულებით გადაადგილების თავისუფლება. 17 ივნისიდან სოფელ გუმათთან განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟი მოხდა, მაგრამ უსაფრთხოების საფუძვლით, მოქალაქეებს კვლავაც უწევთ საპოლიციო კონტროლის გავლა სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილებისას. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა რიონის ხეობაში გამოყენებული საპოლიციო ღონისძიებები თავის დროზე გაასაჩივრა ადმინისტრაციული წესით შინაგან საქმეთა სამინისტროში. თუმცა, უწყებიდან აღნიშნულ საჩივარს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოს მიმართავს და ითხოვს 3 აპრილიდან რიონის ხეობაში დადგენილი საპოლიციო ღონისძიებების უკანონოდ ცნობას და ადგილობრივი მოქალაქეების მიმართ დაუსაბუთებელი საპოლიციო შეზღუდვების შეწყვეტას.
ინსტრუქცია