[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

ხელისუფლებამ დროულად უნდა მოხსნას სოფელ ნამოხვანში საპოლიციო შეზღუდვები

ფოტო: დათო სიმონია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმიანება შსს-ს მიერ რიონის ხეობის მცველების მიერ სოფელ გუმათის პოლიციის ბლოკპოსტთან გამართულ აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ ინციდენტს, რასაც 8 შეკრების მონაწილის დაკავება მოჰყვა. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად დაიწყოს დიალოგი პროტესტის ორგანიზატორებთან და გააუქმოს ხეობაში ამ დრომდე მოქმედი დაუსაბუთებელი საპოლიციო შეზღუდვები.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მდინარე რიონის ხეობაში 3 აპრილიდან განსაკუთრებული საპოლიციო მობილიზებაა და ადგილობრივებს შეზღუდული აქვთ სოფელი ნამოხვანისკენ თავისუფალი გადაადგილების უფლება, აგრეთვე სოფელში შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობა.[1] თბილისში 23 მაისიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგ, აქტივისტები დაბრუნდნენ სოფელ გუმათთან, სადაც დღემდე საპოლიციო ბლოკპოსტები და რკინის ჯებირებია განლაგებული. 2 დღეა, აქტივისტები აღნიშნულ რკინის ჯებირებზე ბრახუნით, ხმაურის გამოწვევის გზით, ნამახვანჰესის დარღვევებით მიმდინარე მშენებლობას და შსს-ს მიერ სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას აპროტესტებენ.

27 მაისს, აქციის მონაწილეები ხელების მაღლა აწევით სამართალდამცველებს შეკრების მშვიდობიან ხასიათზე  მიანიშნებდნენ და ითხოვდნენ, რომ რკინის ბარიკადებს მიღმა შესვლის უფლება მიეცათ, რაზეც მათ უარი მიიღეს. აქციის მიმდინარეობისას მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება კი პოლიციის მიერ  ბარიკადების მეორე, აქციის მონაწილეების მხარეს გადასვლას და პროტესტის ტალღის მიმართულებით პოლიციის ფიზიკურ მოწოლას მოჰყვა, რის შემდეგაც აქციის 8 მონაწილე დააკავეს. ამავე დღეს, ინციდენტის ადგილიდან მედიაში გავრცელებული პირდაპირი ჩართვის ერთ-ერთი ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ვითარების ესკალაციამდე, გუმათში, იქ, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების გადაადგილების თავისუფლების შესაზღუდად რკინის კედელია აღმართული, აქციის მონაწილეები და პოლიციელები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. აგრეთვე, პოლიციის მოქმედებდა ზოგიერთ ეპიზოდში აჩვენებდა მანიფესტანტების პროვოცირების ნიშნებს.

მოცემულ შემთხვევაში, 8 აქტივისტის წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საფუძვლით დაკავება ხელისუფლების აქამდე მრავალგზის ნაცადი ადმინისტრაციული მექანიზმია. სამოქალაქო აქტივისტების მიმართ დაუსაბუთებელი საპოლიციო ძალის გამოყენებამ უკვე ტენდენციის სახე მიიღო.

 

აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ აქტივისტების დაკავებას წინ საქართველოს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიცირება უძღოდა, რომლითაც  კიდევ უფრო მკაცრდება სანქცია წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის.

ნამოხვანჰესის პროტესტი 200 დღეზე მეტია მიმდინარეობს და მთელი ეს პერიოდი, სახელმწიფო უარს ამბობს აქტივისტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საგნობრივ დიალოგზე. იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს არ რჩება საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილების და პროტესტზე რეაგირების პოლიტიკური მექანიზმი, რეპრესიულ და სადამსჯელო კანონმდებლობას იყენებს, რასაც მსუსხავი ეფექტი აქვს შეკრების უფლებით სარგებლობაზე.

ნამახვანჰესის პროტესტის რამდენიმეთვიანი მსვლელობა აჩვენებს სახელმწიფოს უუნარობას და პოლიტიკური ნების არქონას, აწარმოოს ინკლუზიური და დემოკრატიული პოლიტიკა და უზრუნველყოს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ფართო ფენების ჩართულობა. სახელმწიფო პოლიციის ენით პასუხობს მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს იმ პროექტზე, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადგილობრივების საცხოვრებელ და საარსებო გარემოზე. თავის მხრივ, ადგილობრივების მიმართ ამ დრომდე დაწესებული საპოლიციო შეზღუდვები კვლავაც არაპროპორციულია და სამწუხაროდ, დღემდე ვერ ვიღებთ განმარტებებს სამართალდამცავი ორგანოებიდან, რა კონკრეტული საფრთხის პრევენციისთვის არის ხეობაში შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული.

რიონის ხეობის პროტესტის მშვიდობიანი ბუნების, ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, არსებითად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ განუხრელად დაიცვას შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სტანდარტები და აჩვენოს თმენის ვალდებულება შეკრების თავისუფლების სასარგებლოდ. 2021 წლის 3 აპრილის შემდეგ რიონის ხეობის მცველების გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის ფონზე, დღეს უკვე სოფელ გუმათთან პოლიციის მხრიდან შეკრების მონაწილეების თვითნებური დაკავება და შეკრების მონაწილეების სავარაუდო პროვოცირება, სახელმწიფოს მხრიდან პროტესტის მიზანმიმართული დასუსტების მცდელობას აჩვენებს. ცხადია, რომ ამგვარი საპოლიციო პრაქტიკები პოლიციის მიმართ ნდობას ამცირებს და დემოკრატიული წესრიგის დამაზიანებელი გამოცდილებაა.       

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კრიტიკულად აუცილებელია, სახელმწიფომ უზრუნველყოს რიონის ხეობაში კონსტიტუციური უფლებებით, მათ შორის, გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლებით შეუფერხებლად სარგებლობა და ამავდროულად, შექმნას დიალოგის დემოკრატიული და სამართლიანი პლატფორმა, სადაც კონსტრუქციულ რეჟიმში რეალურად იქნება განხილული ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული კრიტიკული ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, სამშენებლო და სოციალური საკითხები.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იხ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საპოლიციო ღონისძიებების შეფასება ნამოხვანის პროტესტის დროს, 2021, https://socialjustice.org.ge/ka/products/sapolitsio-ghonisdziebebis-shefaseba-namokhvanis-protestis-dros

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“