საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას არ დაუშვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში და უპირობოდ დაიცვას ადამიანის უფლებების დაცვის უზენაესობის პრინციპი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე იძებნებოდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის 2024 წლის 3 აგვისტოს ექსტრადიციის მიზნით დააკავა.
აფგან სადიგოვი azel.tv-ის მთავარი რედაქტორია, რომელიც აქტიურად წერს აზერბაიჯანში კორუფციასა და სოციალურ საკითხებზე. მისი პუბლიკაციები ხშირად ეძღვნება აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკასა და ადგილობრივი ოფიციალური პირების უკანონო საქმიანობას. აფგან სადიგოვი მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან შვილთა ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდა, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მკურნალობის მიზნით.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ორჯერ, ჯერ 2016 წელს და შემდეგ 2020 წელს გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2020 წლის გაზაფხულზე ის სახლიდან სასურსათო მაღაზიაში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. რამდენიმე საათის შემდეგ, მის სახლში პოლიციელები მივიდნენ და მეუღლეს შეატყობინეს, რომ აფგან სადიგოვი დაკავებული იყო. 2 წლისა და 15 დღის შემდეგ, ჟურნალისტი ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. მან პატიმრობაში 242 დღე იშიმშილა. პატიმრობის შემდეგ დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ფონზე მან საზღვარგარეთ იმკურნალა და შემდეგ ისევ დაბრუნდა აზერბაიჯანში. თუმცა, მალევე მისთვის საფრთხისშემცველი გარემოებების გამო ოჯახთან ერთად საქართველოში გადმოვიდა და თბილისიდან დისტანციურად აგრძელებდა საქმიანობას.
აფგან სადიგოვმა 17 ივლისს გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ იგი საქართველოდან თურქეთის გავლით მესამე ქვეყანაში გამგზავრებას აპირებდა, თუმცა ქართველმა სამართალდამცავებმა მას საზღვარზე კონტროლის გავლის უფლება არ მისცემს და მხოლოდ ის განუმარტეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც მას საქართველოდან წასვლა შეეძლო, აზერბაიჯანი იყო. აფგან სადიგოვმა მომხდართან დაკავშირებით საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ მიმდინარეობდა. თუმცა შესაძლოა, აზერბაიჯანის ხელისუფლება კვლავ ცდილობდა მის მიმართ „საქმის შეკერვას“ და საქართველოსგან მისი გადაცემას მოთხოვნას. მათ შორის სადიგოვი საუბრობდა, აზერბაიჯანში დარჩენილი მისი ოჯახის წევრების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებული მუქარების ფაქტებზე.
აზერბაიჯანი კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის ქვეყანას წარმოადგენს, სადაც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები სისტემურად ირღვევა და განსაკუთრებული დევნის და შევიწროების ქვეშ არიან ოპოზიციონერები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
ჯერ კიდევ 2014 წელს დევნის და პატიმრობის შიშით არაერთმა აზერბაიჯანელმა აქტივისტმა და ჟურნალისტმა დატოვა ქვეყანა. ბევრმა მათგანმა საქართველოს შეაფარა თავი, თუმცა მოგვიანებით, განსაკუთრებით კი 2016 წლის შემდგომ, საქართველომ თავად დაიწყო აზერბაიჯანელი დისიდენტების უფლებების უგულებელყოფა და დარღვევა. საქართველოს ხელისუფლება არა თუ არაფერს აკეთებდა დევნილი აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების უსაფრთხოების დასაცავად, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ღიად ატარებდა ავტორიტარული აზერბაიჯანის ინტერესებს და უკანონოდ თანამშრომლობდა მასთან.
საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შორის უკანონო და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო თანამშრომლობის პრაქტიკა ნათლად გამოჩნდა საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე. აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. აფგან მუხთარლი მიიჩნევს, რომ საქართველოდან მისი გატაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა. მისი გატაცების ფაქტი საქართველოში 7 წლის შემდეგაც გამოუძიებელი რჩება და მის საქმეს დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლო განიხილავს.
აფგან სადიგოვის საქმე გარკვეულწილად ჰგავს აფგან მუხთარლის საქმეს და ამ საქმეშიც ჩანს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლოიალობა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ და ადამიანის უფლებების, მათ შორის აბსოლუტური უფლებების დაცვის უზენაესი პრინციპის უგულებელყოფა. თუმცა, თუ წინა შემთხვევაში ეს ლოიალობა აზერბაიჯანთან უკანონო თანამშრომლობაში გამოიხატა, როგორც ჩანს, დღეს ამას ხელისუფლება ღიად და დაუფარავად აკეთებს, უფლებრივი პრინციპების დემონსტრაციული იგნორირებით.
საყურადღებოა, რომ ქართული ოცნების მთავრობა ამ ნაბიჯს არჩევნების მოახლოებისას დგამს, რაც შეიძლება მიუთითებდეს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან პოლიტიკური ინტერესების არსებობაზე ამ პერიოდში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ოფიციალური განცხადება აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა სამინისტრომ სხვადასხვა მედია საშუალებებთან დაადასტურა, რომ იგეგმება აფგან სადიგოვის ექსტრადიცია.
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, ექსტრადიცია დაუშვებელია თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი დაექვემდებარება დევნას დაცული ნიშნების საფუძველზე, ან დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს. ამასთან ერთად, მითითებული ნორმის მიხედვით ექსტრადიციაზე უარი შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან ძირითად ინტერესებს. ამდენად, ექსტრადიციის დასაშვებობისთვის ფორმალური პროცედურებისა და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების მიღმა, საქართველოს ეკისრება ვალდებულება შეაფასოს ხომ არ არსებობს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების მძიმე დარღვევის რისკები.
საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აქტივისტების, ჟურნალისტების დევნის მასშტაბები აზერბაიჯანში ყოველწლიურად იზრდება. ევროპის საბჭოს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა დამოუკიდებელ ორგანიზაციაზე დაყრდნობით დღეს აზერბაიჯანში 200-მდე პოლიტპატიმარია, მათ შორის ჟურნალისტები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
2023 წელს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დაპატიმრებული პირების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაორმაგდა. 2024 წლის თებერვალში მოსალოდნელი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პოლიციამ 13 ჟურნრალისტი დააკავა, რომლებიც ქვეყანაში არსებული კორუფციის შესახებ აქტიურად წერდნენ. ჟურნალისტების პოლიტიკური დასჯის ინსტრუმენტად გამოიყენება სასამართლოც. პოლიტიკური ნიშნით მოტივირებულ საქმეებში, სასამართლოს მტკიცებულებების არარსებობის პირობებში გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიშში ნათქვამია, რომ კანონიერი აკრძალვის მიუხედავად, აზერბაიჯანი იყენებს წამებას და მიუღებელ მოპყრობას პოლიციაში მყოფი დაკავებულების მიმართ.
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი (CPT) 2024 წლის ანგარიშში მიუთითებს ციხეებში და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაკავებული პირების მიმართ განხორციელებული მძიმე ძალადობრივი ფაქტების შესახებ. კომიტეტი უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ მსგავსი განგრძობადი პრაქტიკის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადაუდგმელობის გამო.
ევროპის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანი ლიდერობს იმ ქვეყნების სიაში, სადაც ეროვნულ დონეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) გადაწყვეტილებების აღსრულების მნიშვნელოვანი პრობლემები დგას. ახალი წლიური ანგარიში ECtHR-ის გადაწყვეტილების შესრულების სტატუსზე ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანმა ვერ შეასრულა მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების 75 პროცენტი. აღუსრულებელი გადაწყვეტილებების ძირითად ნაწილი აქტივისტების, უფლებადამცველების და ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს, გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლების დარღვევებს უკავშირდება.
2021 წლის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა აზერბაიჯანის წინააღმდეგ 53 საქმეში დადგინდა, აქედან არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის უფლების დარღვევა 29 საქმეში, ხოლო გამოძიების არაეფექტურობა 24 შემთხვევაში დადგინდა.
იმ პირობებში, როდესაც არსებობს დასაბუთებული რისკები, რომ აზერბაიჯანში აფგან სადიგოვი, არაადამიანური მოპყრობის ან დასჯის და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი შეიძლება გახდეს, საქართველოს სახელმწიფოს მიერ მისი ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მყოფი პირების უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულებების შეუსრულებლობა და მისი აზერბაიჯანში ექსტრადირება არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებთან. ამასთან უგულებელყოფს დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, კონვენციის მე–3–ე მუხლით აკრძალული მოპყრობისგან დაცვა აბსოლუტურია და სახელმწიფოს პირის ექსტრადიციამდე ეკისრება ვალდებულება სათანადოდ შეისწავლოს მომთხოვნ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და შეაფასოს აღმოჩნდება თუ არა პირი მე–3–ე მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის რეალური რისკის წინაშე. ექსტრადიციის საქმეებში განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლებიც მიმღებ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მძიმე პირობებზე უთითებენ. იმ ფონზე როდესაც, აზერბაიჯანში დაკავებული პირები დღემდე ექვემდებარებიან არაადამიანურ და ღირსების შელახავ მოპყრობას, ხოლო სასამართლო სისტემა მტკიცებულებების გარეშე განხილავს პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს, საქართველოს ხელისუფლებისა და სასამართლოსთვის ეს საკითხები მნიშვნელოვანი განხილვის საგანი უნდა გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დადგინდეს, საქართველოს მხრიდან კონვენციით გათვალისწინებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის აბსოლუტური უფლების დარღვევა.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას საფუძვლიანად შეისწავლოს და გაიაზროს უფლებების დარღვევის ის მაღალი რისკები, რომლის წინაშეც აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ექსტრადიციის პირობებში დადგება და არ დაუშვას მისი ექსტრადიცია. აღნიშნული გადაწყვეტილება მძიმე გავლენას მოახდენს იმ აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, რომლებიც საკუთარ ავტორიტარულ სახელმწიფოებს (რუსეთი, ბელორუსია, ყირგიზეთი და ა.შ.) გამოექცნენ და საქართველოში ცდილობენ უსაფრთხო ცხოვრების და მუშაობის გაგრძელებას. ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფა და ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობა დრამატულად აისახება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ იმიჯზე და ევროპეიზაციის პროცესზე.
ინსტრუქცია