[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

EMC: გათავისუფლებული აფგან მუხთარლის საჯარო განცხადებები პროკურატურის და პარლამენტის მხრიდან დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მიერ, 19 მარტს ტელეკომპანია ,,ფორმულას“ ეთერში საქართველოდან მისი გატაცების საქმეში ქართველის სამართალდამცავების მონაწილეობისა და სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას და საქართველოს გენერალურ პროკურატურას და პარლამენტს მოუწოდებს მათი მანდატის ფარგლებში მიიღონ დაუყოვნებელი ზომები საქმის ჯეროვანი გამოძიებისა და რეაგირებისთვის.

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 3 წლიანი პატიმრობის შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 17 მარტს ციხიდან გაათავისუფლა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოჯახთან გამგზავრების საშუალება მისცა.

როგორც ცნობილია, გატაცებამდე 1 წლით ადრე აფგან მუხთარლი ოჯახთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კრიტიკული აქტივისტების და ჟურნალისტების დევნის გამო, ჟურნალისტურ საქმიანობას საქართველოდან აგრძელებდა. მისთვის, ისევე როგორც არა ერთი პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტისთვის და ჟურნალისტისთვის საქართველო პოლიტიკური თავშესაფრის ადგილი იყო, სადაც ისინი საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას ახერხებდნენ. თუმცა 2017 წლის 29 მაისს აფგან მუხთარლი თბილისიდან ორგანიზებულად გაიტაცეს და მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ იგი  აზერბაიჯანში გადაიყვანეს და დააკავეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლება მას  სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, კონტრაბანდას და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანის  სასამართლომ აფგან მუხთარლის სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დაკავებისთანავე აფგან მუხთარლი უთითებდა, რომ მისი გატაცება თბილისიდა ორგანიზებულად, სავარაუდოდ საქართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების უშუალო მონაწილეობით და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან უკანონო თანამშრომლობით, ორკესტრირებულად განხორციელდა. გატაცების საქმეში საქართველოს სამართალდამცავი პირების სავარაუდო მონაწილეობის შესახებ დასაბუთებული ეჭვების მიუხედავად,  აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური სტანდარტის დარღვევით, დაიწყო. საქმის გამოსაძიებლად პროკურატურისთვის გადაცემა მხოლოდ 2017 წლის 20 ივლისს, თითქმის 2 თვის დაგვიანებით მოხდა. ამ პერიოდისთვის კი უკვე გართულდა საქმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ზოგიერთ მონაკვეთში ვიდეო მასალების) ამოღება, ნაწილი (ვიდეო ჩანაწერების ფაილების ნაწილი) კი გაუგებარი მიზეზების გამო დაზიანებული აღმოჩნდა.   ამ დრომდე საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) აწარმოებს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ  გამოძიების დაწყებიდან თითქმის სამი წელი გავიდა, გამოძიებას ხელშესახები პროგრესი არ მოჰყოლია. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა არ არიან ცნობილები დაზარალებულებად, არ მომხდარა გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლა.

ციხიდან გათავისუფლების შემდგომ აფგან მუხთარლიმ მისი გატაცების საქმეზე 19 მარტს ისაუბრა ტელეკომპანია ,,ფორმულას“ ეთერში. აფგან მუხთარლის განმარტებით, იგი თბილისში, საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს შსს კრიმინალური პოლიციის სამმა თანამშრომელმა გაიტაცა და აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით წაიყვანეს. გზაში რამდენჯერმე შეუცვალეს ავტომობილი, ხოლო ლაგოდეხში, სასაზღვრო პუნქტში მიყვანის შემდგომ აზერბაიჯანის საზღვარზე, პასპორტის გარეშე,  საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს. აფგან მუხთარლის განმარტებით, საზღვარზე მის გაყვანაში მონაწილეობას იღებდა ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტი ხელმძღვანელი პირი. მან არ გამორიცხა ამ პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების უკანონო მონაწილეობაც.  ჟურნალისტის განმარტებით დგინდება, რომ მას შეუძლია გატაცებაში მონაწილე ყველა პირის ამოცნობა და მზად არის საგამოძიებო ორგანოს მისცეს ჩვენება. აფგან მუხთარლი აღნიშნავს, რომ საქართველოდან მისი გატაცება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კორუფციული გარიგების შედეგია და როგორც მას 5 თვის წინ ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელმა განუცხადა აფგან მუხთარლის საქართველოს ტერიტორიიდან გატაცებაში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საქართველოს 3 მილიონი დოლარი გადაუხადა. მუხთარლის თქმით, გატაცებამდე მას აზერბაიჯანის ხელისუფლების სპეციალური სამსახურები უთვალთვალებდნენ და ისინი შეუზღუდავად ახერხებდნენ ამას.

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში აზერბაიჯანიდან დევნილი  სამოქალაქო/პოლიტიკური აქტივისტების და დისიდენტების მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოს ხელისუფლებამ ბინადრობის მოწმობების გაცემა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. [1] ამასთან, დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიაზე სავარაუდოდ აზერბაიჯანის სპეცსამსახურების მხრიდან აქტივისტების დევნისა და შევიწროების ფაქტები, რომელზეც საქართველოს პოლიციამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა.[2] შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, აზერბაიჯანელი დისიდენტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა 2017-2018 წელს, უსაფრთხოების და სამართლებრივი გარანტიების არ არსებობის გამო, საქართველო დატოვა და ევროპის ქვეყნებში მოითხოვა თავშესაფარი.

შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, მთავარი პროკურორი კი ირაკლი შოთაძე იყვნენ.

აფგან მუხთარლის ზემოთ წარმოდგენილი განმარტებები გამოძიების მხრიდან ადეკვატურ სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უზრუნველყოს აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივ გამოკითხვა, მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და მისი მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება.  ამასთან ერთად, რამდენადაც იკვეთება, რომ აფგან მუხთარლის გატაცების შემთხვევა სახელმწიფო უსაფთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფასა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან  სავარაუდო კორუფციული გარიგებებს უკავშირდება,  მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს საგამოძიებო კომისიის შექმნა და საკითხის შესწავლა.[3] მომხდარის არაეფექტური გამოძიება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის იმიჯს, რაც არაერთხელ აღინიშნა ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილორობრივი აქტორებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)  მოუწოდებს

საქართველოს გენერალურ პროკურატურას უზურნველყოს

  • აფგან მუხთარლის დროული გამოკითხვა;
  • გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების (მათ შორის, ამოცნობის, საგამოძიებო ექსპერტიმენტის) ჩატარება;
  • აფგან მუხთარლისა და ლეილა მუსტაფაევას დაზარალებულად ცნობა;
  • ყოველმხრივ, სრული და ობიექტური გამოძიების ჩატარება საქმეზე;

საქართველოს პარლამენტს, მათ შორის, დამოუკიდებელ დეპუტატებს

  • დაინტერესდეს აფგან მუხთარლის 19 მარტის ინტერვიუში მოყვანილი გარემოებებით და ამ საქმეში სახელმწიფოებრივი ინტერესების ხელყოფის, სავარაუდო კორუფციული სქემებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების გათვალისწინებით შექმნას საგამოძიებო კომისია და დაიწყოს საკითხის შესწავლა.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლის საქმეს ამ ეტაპზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს. EMC აღნიშნულ საქმეზე ორ საერთაოშიროსო ორგანიზაციასთან ერთად - საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (IPHR) და თავისუფლება ახლა (Freedom Now),  მესამე მხარის მოსაზრება გააგზავნა ევროპულ სასამართლოში.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იხილეთ, საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (IPHR), თავისუფლება ახლა (Freedom Now) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ მომზადებული ერთობლივი ანგარიში - რეპრესია საზღვრებს მიღმა:აზერბაიჯანიდან დევნილი მოქალაქეები საქართველოში, 2017, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/represia-sazghvrebs-mighma-azerbaijanidan-devnili-mokalakeebi-sakartveloshi

[2] იხილეთ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ მომზადებული ანგარიში -    აზერბაიჯანელი ჟურნალისტების და აქტივისტების საქმეების მიმოხილვა, 2017, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/azerbaijaneli-zhurnalistebis-da-aktivistebis-sakmeebis-mimokhilva

[3] ამ მიმართებით იხილეთ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების და მედია ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა პროკურატურასა და  პარლამენტს, 2018, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/sazogadoebrivi-da-media-organizatsiebi-afgan-mukhtarlis-gatatsebis-sakmeze-sakartvelos-parlamentsa-da-mtavar-prokurors-mimartaven 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“