[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ვლადიმერ მჭედლიშვილის საქმეზე პოლიციელის დაკავებას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ვლადიმერ მჭედლიშვილის საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად ინსპექტორ-გამომძიებლის დაკავებას. ჩვენი შეფასებით, ეს საქმე მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ პოლიციელების მიერ განხორციელებული ძალადობა რეაგირების გარეშე არ დარჩება. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ მყისიერად თუ არა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუნდაც ევროპული სასამართლოს მექანიზმის გამოყენებით, აუცილებლად ექნება სამართლებრივი შედეგი საპოლიციო ძალადობას და უფლებამოსილების გადამეტებას.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის 14 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილების - ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ[1] საფუძველზე, შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა. განახლებული გამოძიების ფარგლებში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალი გარემოებების დადგენა და მტკიცებულებების მოპოვება უზრუნველყო, რაც სიღნაღის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის დაკავების საფუძველი გახდა.

საგამოძიებო სამსახურის მიერ ხელახალი გამოძიების ჩატარება და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ჯეროვანი აღსრულება  მნიშვნელოვანია როგორც დაზარალებულის ინტერესების დაკმაყოფილების, ისე საპოლიციო ძალადობის პრევენციისა და საპოლიციო საქმიანობაში ადამიანის უფლებების დაცვის მიზნებით.[1] გასათვალისწინებელია, რომ დაკავებულმა პირმა შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი განცხადებით 3 წლის წინ დატოვა. ამ საქმეზე სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (არასათანადო მოპყრობის აკრძალვა) პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა, ვინაიდან გამოძიებამ ვერ შეძლო  საქმისთვის მნიშვნელოვანი კითხვებისთვის პასუხის გაცემა.

ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმე სამართალდამცავ სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების მორიგი მაგალითია. დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ იმასაც ადასტურებს, რომ საქმეზე 2017 წლიდან პროკურატურა არაეფექტიანად აწარმოებდა გამოძიებას. კახეთის საოლქო პროკურატურაში ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ პოლიციის თანამშრომლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე (სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) გამოძიება 2017 წლის 17 მაისს დაიწყო. მჭედლიშვილი 2017 წლის 15 მაისს, ღამის საათებში სამართალდამცავებმა ქალაქ სიღნაღის ცენტრში, სკვერში დააკავეს. დაკავების მომენტში და პოლიციის განყოფილებაში, მასზე ფიზიკურად იძალადეს პოლიციის თანამშრომლებმა, თუმცა, ეროვნულ დონეზე გამოძიების გაჭიანურების გამო, 2019 წელს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ნაბიჯია, თუმცა აუცილებელია, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტები საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მიერ ჩადენილი უფლებამოსილების გადამეტების მიმდინარე საქმეების გამოძიების დროსაც გამოიყენოს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2024 წლის 14 ივნისის განცხადება სოციალურ ქსელში. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/SepegJhG

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“