[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ადგილობრივებთან ერთად, ბალდის კანიონის საქმეზე სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დღეს, 2025 წლის 29 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ადგილობრივების სახელით ვასაჩივრებთ სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ არ დააკმაყოფილა ადგილობრივების სარჩელი, რომლითაც ბალდის კანიონის კერძო კომპანიისთვის გადაცემის ხელშეკრულების გაუქმებას ვითხოვდით. მიგვაჩნია, რომ სენაკის რაიონულმა სასამართლომ სათანადო ყურადღება არ დაუთმო ადგილობრივების უფლებების და ინტერესების უგულებელყოფას და მხედველობაში არ მიიღო კანიონის კომპანიისთვის გადაცემის პროცესში სააგენტოს მხრიდან ადმინისტრაციული კანონმდებლობის უხეში დარღვევა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში ამოიწურა ვადა, რომლის განმავლობაშიც კომპანიას ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა უზრუნველეყო. მოთხოვნის მიუხედავად, ადგილობრივები ამ დრომდე არ არიან ინფორმირებული ვადის ამოწურვის შემდეგ სააგენტოს რეაგირების თაობაზე. უფრო ზუსტად, 2022 წლის 29 ნოემბერს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსა“ და კომპანია „კანიონი 350“-ს შორის გაფორმებული ტურისტული მომსახურების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიამ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადაში უზრუნველეყო ტურისტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ვიზიტორთა ცენტრის, საფეხმავლო და კიდული ბილიკის და როლერის ატრაქციის მოწყობა (ხელშეკრულების 3.3.12 პუნქტი). ამ მიზნით კომპანია ასევე ვალდებული იყო, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 წლის ვადაში განეხორციელებინა ორი მილიონ რვაასი ათასი ლარის ოდენობის ინვესტიცია.

ხელშეკრულებით ძირითადი ვალდებულების შესრულებისთვის განსაზღვრული 3-წლიანი ვადა 2025 წლის 29 ნოემბერს, ზუსტად ერთი თვის წინ ამოიწურა. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე გამოითხოვა ინფორმაცია სააგენტოსგან ხელშეკრულების მოქმედი რედაქციის შესახებ. აგვისტოს მდგომარეობით, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, იკვეთება, რომ ხელშეკრულების ვადა არ შეცვლილა. ამასთან, როგორც საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული დოკუმენტაციიდან ჩანს, კომპანია 2025 წლის 9 ივნისის წერილით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ატყობინებს, რომ იმ დროისთვის შესრულებული იყო დაგეგმილი სამუშაოების 50%-ზე მეტი, თუმცა დადგენილ ვადაში სამუშაოების დასრულება შეუძლებელი იყო.[1]

ხელშეკრულების 6.3 მუხლი, თავის მხრივ, ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კომპანიის მხრიდან 3.3.12 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისთვის. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით. საგულისხმოა, რომ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიას სააგენტოში წარდგენილი უნდა ჰქონდეს საბანკო გარანტია მთლიანი საინვესტიციო ოდენობის (2 800 000) 10%-ის ოდენობით.

კომპანიის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის წარმოშობს უფლებას, ცალმხრივად შეწყვიტოს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება. კერძოდ, ხელშეკრულების 6.10 მუხლის მიხედვით, კომპანიის მიერ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა ხდება სააგენტოს მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძველი, ხოლო კომპანიას არ აუნაზღაურდება გაწეული ხარჯები.

ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია სააგენტოსა და კომპანიას შორის რაიმე სახის კომუნიკაციის თაობაზე ხელშეკრულების ვადის გაგრძელების ან სააგენტოს მიერ კომპანიისთვის დამატებითი ვადის სხვაგვარად დაწესების შესახებ. იმ ფონზე, როდესაც ბალდის მცხოვრებლები  უწყვეტად აპროტესტებენ კანიონის კერძო კომპანიაზე გაიჯარებას და ამის თაობაზე სამართლებრივი დავაც აქვთ წამოწყებული, მიგვაჩნია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოების, პირველ რიგში, კი ადგილობრივების წინაშე ანგარიშვალდებულება და მათ აცნობოს ხელშეკრულებით დადგენილი ვადის ამოწურვა რა სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს კომპანიისთვის. ადგილობრივებმა უნდა იცოდნენ, რა ზომები მიიღო სააგენტომ კომპანიისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, დააკისრა თუ არა მას პირგასამტეხლო, დაუწესა დამატებითი ვადა და განიხილავს თუ არა კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტას.

ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის ბრალეულობის დადგენისას მნიშვნელოვანია, სათანადო შეფასება მიეცეს კომპანიის დირექტორის და წარმომადგენლების ქმედებებს და პროტესტში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის დევნის და შევიწროების პრაქტიკას. "კანიონი 350"-ის დირექტორი, გიორგი მერკვილაძე სენაკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კანიონზე მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგის მიმართ ძალადობის საქმეზე.

პარალელურად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ადგილობრივების ინტერესების დაცვას სამართლებრივი გზებით. ჩვენ მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი საჩივრის ძირითადი არგუმენტები, მათ შორის, მდგომარეობს შემდეგში:

  • სენაკის რაიონულმა სასამართლომ არ დაადგინა, რომ სააგენტომ გადაწყვეტილების მიღებამდე კი არ გამოაქვეყნა განცხადება კანიონის ნაწილის იჯარით გაცემის განზრახვის შესახებ, არამედ ელექტრონული აუქციონის გამოცხადებით გაასაჯაროვა იჯარით გაცემის შესახებ უკვე მიღებული გადაწყვეტილება. ამის გამო სააგენტომ გამორიცხა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის, მოსაზრებების წარდგენის, საჯარო განხილვის შესაძლებლობა.
  • სასამართლომ მიიჩნია, რომ აუქციონის გამოცხადებით სააგენტომ უზრუნველყო დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირება მაშინ, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები და ადგილობრივი კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობა უნდა ინფორმირებული საერთო თუ ინდივიდუალური შეტყობინების მეშვეობით (გარემოებათა გათვალისწინებით) გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის საწყის ეტაპზევე. სასამართლომ უგულებელყო ფაქტი, რომ ყველა ეს სტანდარტი დაარღვია სააგენტომ.
  • სასამართლომ არ დაადგინა, რომ თავად სააგენტო აღიარებდა ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და საჯარო განხილვის არარსებობას, როგორც პროექტის ხარვეზს.
  • სასამართლომ არ დაადგინა, რომ თუ სააგენტო კონვენციითა და ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით ჩაატარებდა ადმინისტრაციულ წარმოებას გადაწყვეტილების მიღებამდე, ასეთი წესით ჩატარებული წარმოების შედეგად მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების, გარემოს დაცვისა და მისი ბუნებრივი სახის შენარჩუნების გათვალისწინებით სააგენტო დარწმუნდებოდა, რომ ბალდის კანიონზე ატრაქციონის (როლერი) მოწყობა ისევე, როგორც მოიჯარე კომპანიისთვის გაურკვეველი დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის უფლებამოსილების მინიჭება წინააღმდეგობაში მოდის გარემოს უნიკალურობის შენარჩუნების მიზანთან. ბალდის კანიონის ისევე, როგორც ნებისმიერი ბუნების ძეგლის ღირებულება სწორედ ის არის, რომ გამოირჩევა ბუნებრივი ფორმებით, ლანდშაფტით, ბიომრავალფეროვნებით.
  • სასამართლომ არ დაადგინა, რომ კანიონის ნაწილის იჯარით გაცემით ადგილობრივ მოსახლეობას ზიანი ადგებოდა, რადგან სააგენტოს მიერ აუქციონის ჩატარებითა და აუქციონის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეიცვალა არა მხოლოდ ბუნების ძეგლით სარგებლობის წესი (ხელშეკრულება არ განასხვავებს ტურისტს/ვიზიტორსა და ადგილობრივ მაცხოვრებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას შეუძლია კანიონის ტერიტორიაზე შესასვლელად საფასურის გადახდა მოსთხოვოს ნებისმიერ პირს, მათ შორის, ადგილობრივსაც), არამედ კანიონზე მშენებლობის ნებართვის საფუძველზე შეიცვლება და უკვე შეიცვალა კანიონის პირვანდელი სახე, მისი ბიომრავალფეროვნება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვას და, ამასთან, მოვუწოდებთ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, უახლოეს ვადებში მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, ხელშეკრულებით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ რეაგირების მიზნით მის მიერ მიღებული ზომების შესახებ.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2025 წლის 15 აგვისტოს N 3397 წერილით მიღებული საჯარო ინფორმაცია.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“