[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / განცხადება

სოციალურად დაუცველი უსახლკარო პირების საპროტესტო აქცია ეკონომიკის სამინისტროს წინ

სოც-დაუცველები-10 ფოტო:ნეტგაზეთი

6 ივნისს, 12:00 საათზე სოციალურად დაუცველი უსახლკარო ჯგუფები განმეორებით საპროტესტო აქციას გამართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის წინ. 1 ივნისს აქციის მონაწილეთა მოთხოვნა, საჯაროდ გაეცა სამინისტროს პასუხი მათ მიერ დაყენებული საკითხებისათვის, არ დაკმაყოფილდა.

აქციის მონაწილეები წლების მანძილზე არასაცხოვრებელი მიზნებისათვის განკუთვნილ სახელმწიფო ობიექტებში ცხოვრობენ, რომლებიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კუთვნილებაა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამ ჯგუფებს ვერ სთავაზობს საცხოვრებლის ალტერნატივებს, ასევე არ აძლევს შესაძლებლობას გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არაერთი მიმართვის მიუხედავად, არ გასცემს თანხმობას, რომ შენობაში მცხოვრებ პირებს ელექტროენერგია და წყალი მიეწოდოს. შედეგად, უსახლკარო ოჯახები წლებია ელემენტარული კომუნიკაციების გარეშე ცხოვრობენ.

ამასთან, უსახლკარო პირების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს იმ საკანონმდებლო ცვლილების გაუქმება, რომლის მიხედვითაც პირებს, რომელთაც საცხოვრებელი მიზნით დაკავებული აქვთ სახელმწიფო ობიექტები, ვერ იღებენ სოციალურად დაუცველის სტატუსს, თუ მათი ობიექტზე ცხოვრების ფაქტს, არ ეთანხმება მისი მესაკუთრე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ამგვარი თანხმობის არარსებობის პირობებში, ობიექტზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების დიდი ნაწილი, ვერ იღებს საარსებო შემწეობას.

EMC მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილე უსახლკარო პირთა არსებული მძიმე უფლებრივი მდგომარეობა წარმოადგენს უსახლკარობის პოლიტიკის არარსებობის პირდაპირ შედეგს. უსახლკარო პირებს დღემდე უმძიმეს პირობებში უხდებათ ცხოვრება. ხშირად მათ საცხოვრისი საერთოდ არ გააჩნიათ ან სხვადასხვა ობიექტებში არიან შეჭრილნი. ეს ობიექტები ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრისის ელემენტარულ მოთხოვნებს, კერძოდ, მათ უმეტესობაში არ ფუნქციონირებს კანალიზაციის, წყლის გაყვანილობისა და ელექტროენერგიის მიწოდების სისტემები.

სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე არ აღრიცხულა უსახლკარო პირთა რაოდენობა, რაც შეუძლებელს ხდის უსახლკარობასთან დაკავშირებული პრობლემების ეფექტურ და თანმიმდევრულ გადაწყვეტას. უსახლკარო პირის საქართველოს კანონმდებლობაში არსებული დეფინიცია სრულყოფილი არ არის და არ ფარავს უსახლკარობის სხვადასხვა ფორმას. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა ამ დრომდე არ ითვალისწინებს უსახლკარო პირთა საცხოვრებლის უფლების სტანდარტს. ამ პირობებში კი მუდმივად ირღვევა უსახლკარო ჯგუფების სათანადო საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სოციალური დაცვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებები.

EMC ასევე იზიარებს უსახლკარო ჯგუფების მოთხოვნას იმ საკანონმდებლო რეგულირების გაუქმების თაობაზე, რომლის შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ფართში იძულებით შეჭრილი უსახლკარო პირის განაცხადი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისთვის არ მიიღება და ის სოციალურად დაუცველის სტატუსისა და მასთან დაკავშირებული ბენეფიტების გარეშე რჩება. ეს პრაქტიკა თავისთავად უსახლკარო სოციალურად დაუცველი ოჯახების რეპრესირების გაუმართლებელ იარაღს წარმოადგენს და ეწინააღმდგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს თანასწორობაზე, ღირსებასა და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“