საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოლიდარობის პლატფორმის განცხადება სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე შეგიძლია იხ. მიმაგრებულ ფაილში.
ჩვენ, საქართველოს არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური თემების წარმომადგენელი აქტივისტები ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ პროცესებს ვეხმიანებით.
ჩვენ, სოლიდარობის პლატფორმის გარშემო გაერთიანებული აქტივისტები სხვადასხვა რეგიონიდან და მრავალფეროვანი ეთნიკური და რელიგიური თემებიდან, ვიმაღლებთ ხმას, რათა ევროპულმა უწყებებმა, საქართველოს ხელისუფლებამ და დაინტერესებულმა მხარეებმა მოისმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი ხედვები და მოსაზრებები საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.
გვინდა პირდაპირ და ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ ევროპული ვექტორი და მომავალი საქართველოში სამოქალაქო თანასწორობის, ინტერ-ეთნიკური სოლიდარობის და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის უმთავრესი გარანტორია. დღეს, როგორც არასდროს, საქართველოში უმცირესობების უფლებების დაცვა და ჩვენი ევროპული არჩევანი ერთმანეთზეა დამოკიდებული. გვჯერა, რომ ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია დაკავშირებულია სისტემური უსამართლობების დასრულებასთან, სტრუქტურული დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან და გარიყულობის გადალახვასთან.
ევროკავშირის წევრობა და მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენული ინტერესების დაცვის და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი წინაპირობაა და განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის შემდეგ, ჩვენთვის კიდევ უფრო აშკარაა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების მასშტაბი და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიების მიღება საქართველოსთვის პარტნიორებისგან.
ჩვენთვის ევროკავშირი არის არა მხოლოდ ადგილი ცათამბჯენებისა, მდიდარი სავაჭრო ცენტრებისა და კაშკაშა ქალაქებისა, არამედ პოლიტიკური სივრცე, სადაც ისმის არადომინანტური ჯგუფების ძლიერი ხმა, პოლიტიკური სისტემები მიმართულია უფლებების, რესურსების და ძალაუფლების სამართლიანი გადანაწილებისკენ, მოქმედებს მონაწილეობითი თვითმმართველობა, შენდება სოლიდარული საზოგადოება, უზრუნველყოფილია ღირსეული მინიმალური ხელფასი და შრომითი პირობები, სახელმწიფო სერვისებზე, პროგრამებზე და ჯანდაცვაზე წვდომა ყველასთვის უზრუნველყოფილია, მაშინაც კი, როცა მოქალაქემ არ იცის სახელმწიფო ენა.
ჩვენ გვინდა ევროკავშირი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპის ეკონომიკა ძლიერია, არამედ იმიტომაც, რომ ევროკავშირში ყველაზე ღარიბი, მარგინალიზებული და ჩაგრული ჯგუფები საზოგადოების და ინსტიტუტების ფოკუსშია მოქცეული და მათ მხარდაჭერაზე მუშაობს ყველა დაინტერესებული მხარე.
შესაბამისად, მივმართავთ ევროპის საბჭოს და სხვა ინსტიტუტებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინონ ჩვენი, საქართველოს არადომინანტური ჯგუფების ხმა და საჭიროებები და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც დაიცავს ყველა ადამიანს.
ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლების მცდელობები, მხარი დაუჭიროს და შეასრულოს ის ვალდებულებები რაც ასოცირების შეთანხმებას უკავშირდება, სუსტია. პრობლემურია პოლიტიკური რიტორიკაც ევროპელი ინსტიტუტებისა და პარტნიორების მიმართ. ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ წლების განმავლობაში აჩვენა მისი მკაფიო ევროპული ორიენტაცია და სურვილი აშენოს დემოკრატიული საზოგადოება.
ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობამ, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უფლებებზე მომუშავე სათემო ლიდერებმა და უფლებადამცველებმა მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ამასთანავე, ჩვენ ახლა ყველაზე მეტად, გვჭირდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, რათა არ დაზიანდეს ის შრომა, რომელსაც ყველა ერთად ვასრულებდით.
ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ კანდიდატობის სტატუსიდან ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე კიდევ უფრო დიდი და რთული გზის გავლა მოგვიწევს, ხოლო ამ პროცესში, ჩვენ საქართველოს არადომინანტური ჯგუფები მზად ვართ, რომ უშუალოდ და პირდაპირ ვიმუშაოთ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან, სახელმწიფო უწყებებთან და საქართველოს მოქალაქეებთან, რათა შევძლოთ და საქართველო გავხადოთ ქვეყანა, სადაც უნივერსალურად აღიარებული ღირებულებები და პრინციპები - თანასწორობა, სოციალური სამართლიანობა და ღირსება დაცული და პატივცემული იქნება.
სოლიდარობის პლატფორმის შესახებ:
სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს აქტივისტებს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის, აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, ქვემო ქართლიდან, პანკისიდან, თბილისიდან და მისი მიზანია არადომინანტურ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის სოლიდარობის შენება და მათი საჭიროებების, წუხილებისა და ხედვების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება.
ინსტრუქცია