[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

სოლიდარობა ბუჩას და უკრაინაში ომის მსხვერპლებს!

ქალაქი ბუჩა და უკრაინის სხვა ქალაქები მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის, ქალების, ბავშვების, მოხუცების მკვლელობის, წამების, გაუპატიურებისა და ომის სხვა უმძიმესი დანაშაულების ადგილი გახდა. სულისშემძვრელია ის კადრები, რომელიც ამ ქალაქებიდან, რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ ვრცელდება. ეს რეალობა რუსეთის იმპერიული სამხედრო და პოლიტიკური ზრახვების მიღმა, მისი იდეოლოგიის ბრუტალურ, არაადამიანურ ბუნებას ავლენს და უფრო რთული და საშიში ფენომენის არსებობაზე მიუთითებს.

პოსტ-საბჭოთა ხალხებს, მათ შორის ქართველ ხალხს ამ პოლიტიკისა და იდეოლოგიის ფასი ჩვენს სიცოცხლეზე, სხეულებზე და ყოველდღიურობაში გვაქვს განცდილი და კარგად ვიცით, რა მძიმეა ის ტრაგედია, ტრავმა და დანაკარგი, რომელიც უკრაინელ ხალხს აქვთ. თქვენი ტკივილი, ჩვენი ტკივილია და ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას საზღვარი არ აქვს.

ვწუხვართ და გვრცხვენია, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს ამ ომში ღირსეული პოზიციების დაკავებას და უკრაინელი ხალხისთვის რეალური სოლიდარობისა და მხარდაჭერის ჩვენებას. შემაშფოთებელი იყო გუშინ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული კომენტარი უკრაინის ომზე, რომელმაც ერთი განცხადებაც კი არ გააკეთა ომის დანაშაულების თემაზე და კვლავ შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის სცადა ომის თემის გამოყენება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების გეოპოლიტიკური ორიენტაციის და პოლიტიკის შესახებ ჩვენს საზოგადოებაში ფუნდამენტური ეჭვები გაჩნდა და სხვა პოლიტიკურ და სოციალურ გამოწვევებთან და ჩავარდნებთან ერთად, ჩვენი ხალხის ისტორიულ მისწრაფებებთან მთავრობის ეს აცდენა, ნდობის ყველაზე ღრმა კრიზისს ქმნის.
უკრაინაში რუსეთის ომის ეს უმძიმესი გამოცდილება ავლენს რუსეთის იმპერიული პოლიტიკის ბნელ, არაადამიანურ და სასტიკ მხარეს და დანარჩენ მსოფლიოს მის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ უნდა უბიძგებდეს.

არსებითია, სამხედრო დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები სრული სიმკაცრით დაისაჯონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის გამო. ამასთან, არსებითია მსოფლიო თანამეგობრობამ აღარ დაუშვას მსგავსი სისასტიკე და ამგვარი რეჟიმებისა და იდეოლოგიების შეკავების უფრო ფართო და სისტემურ პოლიტიკაზე იმუშაოს.

საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ ჰორიზონტალური, ქვემოდან ორგანიზებული პრაქტიკით კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხისთვის და თვითვორგანიზდეთ მთავრობის და პოლიტიკური კლასის რეალური, დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისთვის.
არა ომს! არა იმპერიულ პოლიტიკას!
მშვიდობა უკრაინელ ხალხს!

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“