საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება ეკოლოგიური კატასტროფის უმძიმესი გამოცდილების მქონე სოფელ წაბლანაში განვითარებულ ახალ მეწყერულ პროცესებს და სახელმწიფოს საფრთხეების დროული შეფასებისა და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების მიღებისკენ მოუწოდებს.
სოფელი წაბლანას (სხალთის თემი, ხულოს მუნიციპალიტეტი) მოსახლეობა ბოლო დღეებში ჩივის სოფელში გაჩენილ მეწყერულ პროცესებზე. ჩვენს მიერ მოსახლეობის გამოკითხვა აჩვენებს, რომ სოფელში მეწყერული პროცესები ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ამ პერიოდის შემდეგ მიწის ნახეთქები სოფელში თანდათანობით გაიზარდა, მიმდინარე წლის ზამთარში კი სოფლის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია დააზიანა და სკოლასთან მიმავალი გზა ჩაიყოლა. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე სოფლის სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. შექმნილი ვითარების გამო, მოსწავლეები მეზობელი სოფლის, წაბლიანის საჯარო სკოლაში დადიან. გარდა ამისა, სოფლის ჭალების ნიადაგის ნაწილი დახეთქილია და ადგილობრივი მოსახლეობა მიწის ამ რესურსს ვეღარ იყენებს. მეწყერული პროცესების გამო, სოფლის ორი ოჯახი ასევე სრულად მოწყვეტილია დანარჩენ სოფელს. აღნიშნული ოჯახები წვიმიან ამინდში მეზობლებთან ათევენ ღამეს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშების გამო.
მოსახლეობა ჩვენთან განმარტავს, რომ მათთვის უცნობია, თუ რა გახდა მეწყერული პროცესების გაძლიერების მიზეზი, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მეწყერულ პროცესის დაჩქარების ფაქტორები სოფლის მახლობლად მდებარე „აჭარისწყლის“ ჰესს უკავშირდებოდეს. ადგილობრვივები იხსენებენ, რომ ჰესის მშენებლობას აფეთქებები ახლდა თან და ეს მათთვის იმთავითვე რისკის შემცველი პროცესი იყო. სოფელმა ჰესის მშენებლობის შემდეგ თითქმის სრულად დაკარგა სასმელი წყლის რესურსი და მათ ეკოსისტემაზე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის ნეგატიური გავლენის გამოცდილება კარგად ახსოვთ.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 1989 წლის 19 აპრილს წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი მოიყოლა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამი ბავშვი. ამ სოფლის მაცხოვრებლებს სახელმწიფომ თითქმის 30 წლის განმავლობაში არ გადასცა საცხოვრებელი ფართები, რამაც ისინი განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში ჩააგდო. მხოლოდ 2015 წელს დაიწყო მათთვის საცხოვრებელი სივრცეების გადაცემის პროცესი, თუმცა 2021 წლამდე მათ ბათუმში ახლად აშენებულ კორპუსში ბინების სათანადო პირობებში ჩაბარების პრობლემა ჰქონდათ. ეს ვითარება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სოფლის მოსახლეობის მხრიდან არჩევნების ბოიკოტირების მიზეზიც გახდა. იმის გამო, რომ ოჯახებისთვის საცხოვრებელი სივრცეების გადაცემა ათწლეულებით დაგვიანდა ოჯახების დიდ ნაწილს რისკების მიუხედავად სოფელის ძველ სახლებში დაბრუნება მოუწიათ. მოსახლეობის ღარიბი ნაწილი ქალაქში ცხოვრების სირთულეების გამო ასევე ინარჩუნებს სეზონურ სასოფლო სამეურნეო ცხოვრებას სოფელში.
წაბლანას მოსახლეობა ჩვენთან აცხადებს, რომ ნაპრალების სიდიდე ყოველდღიურად იზრდება.[1] სოფლის მოსახლეობა შესაძლო ეკოლოგიური კატასტროფის პრევენციის მიზნით ითხოვს მეწყერული პროცესების მასშტაბისა და მოსალოდნელი რისკების შეფასებას ინტერდისციპლინური კვლევების ჩატარების გზით. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მეწყერის საფრთხეებზე ინფორმირებულია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობა, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები, შესაძლო სტიქიური უბედურების რისკების შეფასებისთვის საჭიროკვლევის პროცესი დღემდე არ დაწყებულა.
სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და ეფექტიანი გარემოსდაცვითი საქმიანობის საფუძველზე მინიმუმანდე შეამციროს შესაძლო ეკოლოგიური კატასტროფები.
სოფელ წაბლანაში არსებული მძიმე ვითარების და უსაფრთხო გარემოს უზრუნვეყოფის კუთხით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:
კოორდინირებულად, მათი კომპეტენციის შესაბამისად, მოახდინონ დროული და ეფექტიანი რეაგირება მომხდარზე და უზრუნველყონ სოფელ წაბლანაში დაწყებული მეწყერული პროცესების მასშტაბის, დინამიკის, გამომწვევი მიზეზების და მოსალოდნელი რისკების დროული შეფასება და ეფექტიანი პრევენციული ზომების მიღება მოსახლეობის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად.
სრულყოფილად შეისწავლოს სოფელ წაბლანაში არსებული ეკოლოგიური გამოწვევები, მოსახლეობის წუხილები და ინფორმაცია მყისიერად გაუზიაროს შესაბამის უწყებებს, მოითხოვოს ინტერდისციპლინური კვლევების დროული ჩატარება და უზრუნველყოს მოსახლეობის არსებული საჭიროებების პირველადი მხარდაჭერა.
[1] შენიშვნა: მეწყერი შეიძლება გადაადგილდეს ნელა (ათეული სანტიმეტრი წელიწადში), მისი საშიშროება იმაში გამოიხატება, რომ ის თანდათანობით შეიძლება გადავიდეს სწრაფ გადაადგილებაში, რამაც შეიძლება შემდგომში გამოიწვიოს კატასტროფა. საშუალო სიჩქარის (ერთი მეტრი დღე-ღამეში) მეწყრები ძირითადად წარმოადგენენ ტიპიური მეწყრების უმრავლესობას. სწრაფი მეწყრები (ათეული კილომეტრი საათში) წარმოადგენს ასობით ადამიანის მსხვერპლის მომტან კატასტროფას, ვინაიდან ხალხი ვერ ასწრებს გაქცევას.იხილეთ: https://asb.ge/sites/default/files/uni_web.pdf
ინსტრუქცია