საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ლეტისია საბსაი
თორნიკე ჭუმბურიძის თარგმანი
ხელმძღვანელობენ რა ფემინისტური და ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსგენდერების სოციალური მოძრაობების მოთხოვნებითა და ადამიანების უფლებების საერთაშორისო დღის წესრიგით, გვიანი მოდერნული დემოკრატიების მთავრობები ნერგავენ (ან იძულებულნი არიან, დანერგონ) ახალ საკანონმდებლო ჩარჩოებს სექსუალური მრავალფეროვნების აღიარებისათვის. შედეგად, ბოლო ორ ათწლეულში, გენდერირებული და სქესირებული სხვები „ჩართეს“ მოქალაქეობაში. ამას შედეგად მოჰყვა ე.წ. „სექსუალური მოქალაქეობის“ ჩამოყალიბება, შემზადდა რა საფუძველი სექსუალური უფლებების მქონე ახალი სუბიექტების ფორმირებისთვის. თუმცა, ეს თითქოსდა პატივსაცემი და პროგრესული სექსუალური მოქალაქე იქცა საზომად, რომლითაც ფასდება ყველა სექსუალური სუბიექტი. ის მოიცავს ცალკეულ ლიბერალურ თვითს, რომელიც აიგო კულტურული, რელიგიური და რასიალიზებული განსხვავებით მონიშნული ათასობით „სხვა“ [სუბიექტის] საპირისპიროდ. როგორ აიგო ეს „სექსუალური მოქალაქე“ და როგორ მოქმედებს ის სექსუალურ თავისუფლებასა და სამართლიანობასთან დაკავშირებული ბრძოლების პოლიტიკური ველის შიგნით? ეს სტატია განიხილავს, რა მასშტაბითაა ეს სექსუალური მოქალაქე კონფიგურირებული ევრო-ამერიკული ცნებებით პოლიტიკური ლიბერალიზმის შიგნით და როგორ გამომდინარეობენ სექსუალურ მოქალაქეობასა და დემოკრატიაზე კოლონიური და ორიენტალისტური წარმოდგენები უფლებების მქონე სუბიექტის ამ შეზღუდული გაგებიდან.
საკვანძო სიტყვები: სექსუალური მოქალაქეობა; ორიენტალიზმი; ჰომონაციონალიზმი; ქვიარ პოლიტიკა
1990 წელს, აშშ-ში შექმნილი პოლიტიკური მოძრაობა Queer Nation-ით დაიბადა ქვიარ პოლიტიკა. [ეს მოძრაობა] ათვლის წერტილია სხვადასხვა ქვიარ ჯგუფისთვის მსოფლიოს გარშემო. თავად სახელი, ”Queer Nation” („ქვიარ ერი“), სიმბოლურად, ბრენდად იქცა და ის შორს გასცდა თავისი წარმოშობის ადგილს, შეგვახსენებდა რა, რა იყო ქვიარ მოძრაობა. ამავდროულად, მან ჩამოაყალიბა აქტივიზმისა და ანტიასიმილაციონისტური პოლიტიკის ახალი ფორმა, რომელიც დღეს პოლიტიკისათვის საკვანძო მნიშვნელობისაა. მართლაც, მისი მედეგი გავლენა არ შემოიფარგლება სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხებით. [ეს გავლენა] შეგვიძლია შევნიშნოთ უკანასკნელი წლების ქუჩის პოლიტიკაშიც.
თუმცა, ზუსტად ისევე, როგორც თავად Queer Nation, რომელმაც ნაკლებად რადიკალური მიდგომისკენ გადაინაცვლა (რაც გამოიხატება, მაგალითად, Act Up-თან მისი მზარდი დაპირისპირებით), ქვიარ პოლიტიკაც სულ უფრო იდენტობაზე ფოკუსირებული (identitarian) გახდა, ერგება რა პოლიტიკური ჩართულობის კლასიკურ ლიბერალურ მოდელებს. „ქვიარი“ ნორმალიზდა, ინტეგრირდა მეინსტრიმულ ლესბოსურ, გეი, ბისექსუალურ და ტრანსგენდერ (ლგბტ) პოლიტიკაში და იმ პროცესის გავლით, რომელსაც ეს სტატია აღწერს, საბოლოოდ, ნაციონალიზმის აღმნიშვნელად იქცა. მართლაც, ქვიარის ზოგიერთი ვერსია თანამონაწილეობს, ბოლო დროს, ევრო-ამერიკული ნაციონალისტური და იმპერიული პროექტების მჭიდრო კავშირებში პროგრესულ სექსუალურ რიტორიკასა და პოლიტიკასთან. სექსუალურად პროგრესული რიტორიკა, დღეს, პრაქტიკულად, მოქმედებს როგორც მარკერი, რომელიც განარჩევს ე.წ. წინ წასულ, დასავლურ დემოკრატიებს მათი „ნაკლებად განვითარებული სხვებისგან.“ ამგვარად, იგი ამართლებს ორიენტალისტური და კოლონიური პოლიტიკის (ტერორთან ომიდან და ევროპაში ანტიმიგრანტული პოლიტიკიდან კულტურული იმპერიალიზმის ახალ ფორმებამდე) ამჟამინდელ რე-არტიკულაციებს. ამის ცხადი ალტერნატივაა ქვიარ აქტივისტებისა და მკვლევრების ახალი, მზარდი ჯგუფები, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან დასავლური გვიანი მოდერნულობის ამჟამინდელ, ჰომონორმატიულ განსაზღვრებებს ახალი სექსუალური ცნებებით და ეწინააღმდეგებიან სექსუალური მოდერნიზაციის რასიალიზებულ ვერსიებს.
როგორ ხდება ქვიარობის ხელახლა ჩაწერა შესაძლებელი ასეთი ორიენტალისტური ან კოლონიური გზით? რა იყო ისეთი „ქვიარში“, რამაც შესაძლებელი გახადა სექსუალური პროგრესივიზმის ნაციონალისტურ ყალიბში მოქცევა? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, წინამდებარე ესეიში ვამტკიცებ, რომ აღნიშნული ხელახლა ჩაწერის შესაძლებლობის პირობების გაანალიზების ერთი გზა შეიძლება გადიოდეს „სექსუალური მოქალაქეობის“ ცნებაზე. გენდერულ თანაბრობასთან (gender equity) და სექსუალურ თავისუფლებასა თუ სამართლიანობასთან დაკავშირებით ევრო-ამერიკული რიტორიკა და პოლიტიკა უფლებების ენის მეშვეობით არტიკულირდება, რასაც მივყავართ „სექსუალური მოქალაქეობის“ ინსტიტუტამდე. თავის მხრივ, სექსუალური მოქალაქეობა პოლიტიკური ლიბერალიზმის ჩარჩოში მოექცა, რათა სუბიექტი წარმომდგარიყო, როგორც მინიჭებული სექსუალური უფლებების პოტენციური მომთხოვნი. ეს სტატია შეისწავლის თუ რამდენად გამომდინარეობს სექსუალური უფლებების მფლობელი სუბიექტის შესახებ ამჟამინდელი კოლონიური და ორიენტალისტური წარმოდგენები მოქალაქეობის და ლიბერალური სუვერენული სუბიექტის ორიენტალისტური კონცეფციიდან, რომლის ფარგლებშიც სექსუალური მოქალაქეობა ნარჩუნდება.
ამ საკითხის განსახილველად, მე გამოვიკვლევ სექსუალური პოლიტიკის ბოლოდროინდელ ისტორიას აშშ-სა და ევროკავშირში, სადაც აღნიშნულმა დებატებმა საჯარო და საერთაშორისო ხილვადობა შეიძინა და, ამავდროულად, იგი იქცა ორიენტირად [სხვა რეგიონებში] სექსუალური პოლიტიკისთვის. ვფოკუსირდები რა უნივერსალური სექსუალური უფლებების ცნებასა და სექსუალური მოქალაქეობის გამოჩენასა და მის შემდგომ გამოყენებასთან დაკავშირებულ დებატებზე, მე განვიხილავ როლს, რომელიც მოქალაქეობის, მრავალფეროვნებისა და სუვერენული სუბიექტის ცნებებმა ითამაშეს ამ სექსუალური ნარატივის აგებაში.
ანალიზი, რომელსაც აქ გთავაზობთ, შეეხება სექსუალურ უფლებებსა და სამართლიანობაზე თანამედროვე წარმოდგენების უფლებების ენის მეშვეობით ჩამოყალიბების იმპლიკაციების საკითხს. ეს დისკუსია აირეკლავს ქვიარ აქტივიზმის სხვა ფორმებს, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მოქალაქეობის პირობებს. რაკი „ქვიარი“, როგორც აღმნიშვნელი, სხვადასხვა პოლიტიკური, კულტურული თუ გეოგრაფიული მიმართულებით გავრცელდა, ის, თუ რას ნიშნავს იყო პოლიტიკურად ქვიარი დღეს და რა კომპრომისებზე უნდა წავიდნენ ქვიარები, როგორც ჩანს, კვლავაც ღია, საკამათო საკითხია. თუკი სექსუალური მოქალაქეობის ინსტიტუციაში ჩაშენებულმა უფლებებისა და ლიბერალური დემოკრატიის ჩარჩომ შესაძლებელი გახადა ამჟამინდელი, კულტურულად რასისტული სექსუალური პოლიტიკა, ეს მიუთითებს, რომ ქვიარის რადიკალური ჩართულობა სექსუალური სუბიექტივიზაციისა და იდენტობის ლიბერალური ფორმებისადმი დაპირისპირებაში, საკვანძოდ არტიკულირდება ანტირასისტულ, დეკოლონიურ და პოსტკოლონიურ ქვიარ კრიტიკებთან. იმისათვის, რომ დავუპირისპირდეთ როგორც ნაციონალისტურ, ისე უნივერსალისტურ ქვიარ პოზიციებს, ჩემი შემოთავაზებაა, რომ ფარდა ავხადოთ იმ პარამეტრების საკითხს, რომლებშიც სექსუალური მოდერნიზაცია აყალიბებს აღქმის სივრცეს პოლიტიკურის მოსააზრებლად - ანუ, [ფარდა ავხადოთ], რას მიიჩნევს ის პოლიტიკის საკითხად და/ან პოლიტიკურ საკითხად.
ვრცლად იხ. მიმაგრებულ ფაილში.
ინსტრუქცია