საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება სისხლის სამართლის კოდექსში დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებს, რომელიც ცალკეულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. ჩვენი შეფასებით, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის დროს არ ყოფილა მის შინაარსზე დეტალური მსჯელობა. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შესაძლოა არათანაზომიერი სიმკაცრის სანქცირებას დაექვემდებარონ შეკრებების და დემონსტრაციების მონაწილეები.
პარლამენტმა 30 ივნისს დაჩქარებული წესით მიიღო საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებული კანონპროექტი,[1] რომელიც ხვალიდან, 1-ელი აგვისტოდან, ამოქმედდება. განმარტებითი ბარათის თანახმად,[2] კანონპროექტი ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენციას ისახავს მიზნად. ხაზგასასმელია, რომ კანონი პასუხისმგებლობის გამკაცრებას[3] ითვალისწინებს არა მხოლოდ ცხოველის წამებისთვის,[4] არამედ ნივთის დაზიანება/განდგურებისთვისაც.[5] ეს დანაშაული კი გაცილებით ფართო შინაარსისაა და ნებისმიერ ნივთზე ვრცელდება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში მხოლოდ ცხოველთან დაკავშირებული დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზანშეწონილობაა განხილული და არაფერია ნათქვამი ნივთის განადგურებასთან მიმართებით კანონის მიღების საჭიროებასა და მოსალოდნელ შედეგებზე. ნივთის განადგურებასთან დაკავშირებით არც საკომიტეტო განხილვების დროს უმსჯელიათ პარლამენტში, რაც ცხადყოფს, რომ ამ დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება თანმდევ ცვლილებად იყო აღქმული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ცხოველის მიმართ განხორციელებული ქმედებაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს ნივთის განადგურებად, ამ ორ დანაშაულს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა როგორც დასაცავი ობიექტის, ისე ქმედებების მასშტაბის თვალსაზრისით.
სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი (ნივთის დაზიანება/განადგურება) ხშირად საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პირების მიმართ გამოიყენება. ამ ფონზე, ნივთის განადგურებისთვის სასჯელის გამკაცრება შესაძლოა ცდებოდეს განმარტებითი ბარათით დეკლარირებულ მიზნებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მხარს უჭერს ცხოველის წამებისა და მისდამი არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს. ამასთან, აუცილებლად მიიჩნევს სასჯელის გამკაცრების საჭიროების დასაბუთებას კანონპროექტით გათვალისწინებულ ყველა დანაშაულთან მიმართებით. განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. ამის მიუხედავად, პასუხისმგებლობა მხოლოდ სისხლისსამართლებრივ ნაწილში გამკაცრდა. საკანონმდებლო ცვლილება არ შეხებია ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევას.[6] ამ ქმედებისთვის კვლავ მხოლოდ 100-დან 500 ლარამდე ჯარიმაა გათვალისწინებული.
შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ვერ პასუხობს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოების ჩართულობის პრინციპებს.[7] საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება კანონპროექტის შინაარსის დეტალურ განხილვასა და მოსალოდნელი შედეგების შეფასებას მოითხოვს, მით უფრო მაშინ, თუ ცვლილებები სისხლისსამართლებრივი სასჯელების გამკაცრებას შეეხება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით:
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს კანონპროექტების გამჭვირვალედ განხილვა, დაჩქარებული განხილვის მექანიზმი კი მხოლოდ ობიექტური საჭიროების პირობებში გამოიყენოს.
[1]საქართველოს კანონი -„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/rtOT7.
[2]განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/fBZ39.
[3]ნივთის დაზიანება/ განადგურებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ზედა ზღვარი 3 წლიდან 5 წლამდე იზრდება. შესაბამისად, ეს დანაშაული უკვე მძიმე დანაშაულების კატეგორიაში მოექცევა. სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილს აგრეთვე ემატება დამამძიმებელი გარემოებება. პასუხისმგებლობის დამძიმებას გამოიწვევს ამ ქმედების ჩადენა ჯგუფურად.
[4]სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 259.
[5]სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 187.
[6]ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 104.
[7]COMPILATION OF VENICE COMMISSION OPINIONS AND REPORTS ON LAW-MAKING PROCEDURES AND THE QUALITY OF THE LAW. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/lIV68.
ინსტრუქცია