საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC აგრძელებს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების შეფასებას ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან. მოცემული ტექსტი წარმოადგენს შვიდი (ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი, პატრიოტთა ალიანსი, ეროვნული ფორუმი)[1] პოლიტიკური პარტიის საჯაროდ ხელმისაწვდომ წინასაარჩევნო პროგრამებში გათვალისწინებული ხედვების კომპილაციას სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის, არადომინანტი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების, ასევე ლგბტ პირთა უფლებრივ მდგომარეობასა და ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
პარტიათა წინასაარჩევნო პროგრამების შეფასება აჩვენებს, რომ პარტიათა უმრავლესობას არ აქვს ჩამოყალიბებული მკაფიო ხედვა თანასწორობის საკითხებთან მიმართებით და მათი წინასაარჩევნო პროგრამები მხოლოდ ზედაპირულ შეფასებებს შეიცავს ან საერთოდ არ ფარავს ამ კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს. ამასთან, პროგრამებში თანასწორობის თემებზე წარმოდგენილი შეფასებები და გეგმები, როგორც წესი არ პასუხობს კონკრეტული ჯგუფების წინაშე მდგარ რეალურ გამოწვევებს და არ შეიცავს ხელშესახებ ინიციატივებს/წინადადებებს არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური სისტემების გაუმჯობესების გზების თაობაზე. ცხადია, პროგრამების ზედაპირულობის პრობლემა ზოგადია, თუმცა, თანასწორობის საკითხებზე პოლიტიკურ პარტიათა ნაკლები ინტერესი ან პოზიციონირებისთვის თავის არიდება სავარაუდოდ პარტიათა განზრახ პოლიტიკურ სტრატეგიას წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში. თანასწორობის საკითხების ღირებულებითი მნიშვნელობის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, პარტიები თავს იკავებენ უმრავლესობითვის მიუღებელი საკითხების თაობაზე საჯარო მსჯელობისგან. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ძირითადი პარტიების პროგრამებში არ ჩანს მკვეთრად ქსენოფობიური ან ჰომოფობიური რიტორიკა, თუმცა, პროგრამული დოკუმენტების შინაარსი პარტიების საჯარო პოზიციონირებასა და მათ წინასაარჩევნო კამპანიების სტრატეგიას შეიძლება არც ემთხვეოდეს და შესაძლოა არსებობდეს არსებითი აცდენა პროგრამებში წარმოდგენილ და პარტიების მიერ რეალურად წარმოებულ დისკურსებს შორის.
ქვემოთ განხილული ძირითადი პარტიების პროგრამებს შორის თანასწორობის საკითხებზე არსებითი განსხვავებები არ შეიმჩნევა. თანასწორობის საკითხებზე უფრო კონკრეტული პოზიციები რესპუბლიკურ პარტიას აქვს. არსებითად განსხვავებული და ნეგატიური პოზიციები კი პატრიოტთა ალიანსის პროგრამაში ფიქსირდება, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მკვეთრი ლოიალობის დემონსტრირებას ცდილობს და ასევე დისკრიმინაციული შინაარსის მითითებებს აკეთებს სხვა არადომინანტი ჯგუფების მიმართ.
ქვემოთ კონკრეტულ თემაზე მხოლოდ იმ პარტიების პროგრამული შეფასებებია წარმოდგენილი, რომელთაც რაიმე ჩანაწერი აქვთ პროგრამაში განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არასეკულარული ურთიერთობების გაღრმავების ფონზე, რაც ეკლესიის მასშტაბურ დაფინანსებასთან ერთად, პოლიტიკურ და საკანონმდებლო პროცესებში ეკლესიის მონაწილეობასა და პოლიტიკური ხელისუფლების მკვეთრად არასეკულარულ პოლიტიკაში ვლინდება, მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებების მქონე პოლიტიკურმა პარტიებმა მყარი პოზიციების დაფიქსირება შეძლონ რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკებთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებზე მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი გავლენისა და მხარდაჭერის ფონზე, პარტიებმა საკუთარ პროგრამებში მკაფიო სეკულარული პოლიტიკის გატარების მზადყოფნის ჩვენება ძირითადად ვერ მოახერხეს.
ქართული ოცნება
ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში მის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში განხილულია, რომ "სახელმწიფო ახორციელებს საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ფინანსურ მხარდაჭერას.“ აღნიშნულ შეფასებას დოკუმენტში არსებითად პოზიტიური კონოტაცია აქვს და მათ შორის, აღნიშნულ თემაზე მედიაში გაკეთებული განცხადებების ფონზე[2] მიუთითებს, რომ ქართული ოცნება არსებული პოლიტიკის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს და არ იზიარებს ამ კუთხით არსებულ კრიტიკას.
თავისუფალი დემოკრატების წინასაარჩევნო პროგრამაში სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობის თაობაზე პარტიული ხედვა არ არის განსაზღვრული. პარტიის ხედვა რელიგიურ ნეიტრალიტეტთან მიმართებით მხოლოდ განათლების სფეროშია განსაზღვრული, კერძოდ კი პროგრამის თანახმად:
ეკლესიასთან სახელმწიფო ურთიერთობის პარტიული ხედვის შეფასების ნაწილში ყველაზე განსხვავებული წინასაარჩევნო პროგრამა პატრიოტთა ალიანსს გააჩნია. სხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, პატრიოტთა ალიანსი წინასაარჩევნო პროგრამაში ღია ლოიალობას გამოხატავს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. მაგალითისთვის, წინასაარჩევნო პროგრამაში გხვდება ერთ-ერთი სვეტი სახელწოდებით „დავაფასოთ პატრიარქი“, რომელსაც პატრიარქის ფოტო აქვს დართული და პატრიარქის სიტყვების საფუძველზე მოუწოდებს ამომრჩეველს თავმდაბლობისკენ. ასევე, პროგრამაში გარკვეული საკითხების განხილვისას, პარტიის მიერ სხვადასხვა სახის მოწოდებები გვხდება ამომრჩევლის მიმართ პატრიარქის სიტყვებზე მითითებით.
პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო პროგრამა ასევე ეხება საბიუჯეტო სახსრებიდან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების საკითხს, სვეტით, რომლის სახელწოდებაა „მშვიდობა ეკლესიის წიაღშია“. ტექსტის თანახმად, უნდა განხორციელდეს მართლმადიდებელთა დათვლა დაფინანსების მასშტაბის განსაზღვრისთვის. პარტიის გათვლებით მართლმადიდებელთა რიცხვი დაახლოებით 3 მილიონი უნდა იყოს, აღნიშნული რიცხვი უნდა გამრავლდეს 50 ლარზე და შესაბამისად, სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლესია ყოველწლიურად 150 მილიონი ლარით უნდა დააფინანსოს. პროგრამის ამავე თავში განსაზღვრულია მსგავსი დაფინანსების დადებითი მხარეები: „რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გახდეს სამღვდელოება, მედავითნენი, მგალობლები თუ სხვანი. ამ 150 მილიონის ფარგლებში, ეკლესიის წიაღში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს. რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას? რაც უფრო მეტი ადამიანი მოექცევა ეკლესიის წიაღში, მით მეტი სიყვარული დამკვიდრდება ჩვენს საზოგადოებაში.“
არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წინაშე მდგარი სისტემური პრობლემების მიუხედავად, რომელიც უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში რელიგიის თავისუფლებით სარგებლობისა და ინტეგრაციის კუთხით არსებობს ქვეყანაში, პოლიტიკური პარტიების პროგრამებში წარმოდგენილი ხედვები ზოგადი და არა საკმარისია და არ ითვალისწინებს იმ უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და რელიგიათა საბჭო მთავრობას აძლევენ.
ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამა მათი ხედვებისა და გეგმების გარდა შეიცავს პარტიის სახელისუფლებო მმართველობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს და პარტია პოზიტიურად აფასებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ოთხი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების პრაქტიკის ამუშევას.
პროგრამის თანახმად, სახელმწიფოში „უზრუნველყოფილია რწმენის თავისუფლება და რელიგიური მრავალფეროვნება. რელიგიური თანასწორობის განმტკიცებისა და კონფესიური თვითმყოფადობის ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. ჩამოყალიბდა რელიგიური თემების ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი, საიდანაც დაფინანსებას მუსლიმური, იუდეური, კათოლიკე და სომეხთა ქრისტიანული სამოციქულო თემები იღებენ. განვითარდა რელიგიური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში ინტერრელიგიური ჩართულობის მექანიზმები. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები რელიგიური გაერთიანებების ქონებრივი უფლებების აღდგენის მიმართულებით.“
ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამით განსაზღვრული დაგეგმილი სამუშაოები არ შეიცავს კონკრეტული საქმიანობის ხედვებს და ზოგადი ხასიათისაა. პროგრამის თანახმად, „უზრუნველყოფილი იქნება რწმენის თავისუფლების დაცვა ყველა რელიგიური გაერთიანებისა და თითოეული ადამიანისთვის. გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება ინტერრელიგიური დიალოგი. ხელისუფლება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში შემწყნარებლობის კულტურის შემდგომ განვითარებას.“
პროგრამის თანახმად, „ხელისუფლებამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. 2015 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015- 2020 წწ. სამოქმედო გეგმა“, რომელიც საუკეთესო პრაქტიკას და გამოცდილებას დაეფუძნა, აგრეთვე განსაზღვრა არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირების მექანიზმები. მნიშვნელოვან პრიორიტეტად განისაზღვრა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა. შემუშავდა ეთნიკური უმცირესობების განათლების პოლიტიკის დოკუმენტი სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების დონეებზე. ხორციელდება ქართული ენის სპეციალური კურსები როგორც საუნივერსიტეტო, ისე პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის და საჯარო მოხელეებისთვის. მეტი ყურადღება დაეთმო მცირერიცხოვან ეთნიკურ ჯგუფებს, მათ კულტურულ თვითმყოფადობას და საჭიროებებს. სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ამაღლდა ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების ეფექტიანობის ხარისხი. ხორციელდება სპეციალური პროგრამები, რომლის ფარგლებში 90 სკოლაში გაიხსნა ქართული ენის კლუბები, რითაც 2600-ზე მეტი მოსწავლე, 500-მდე მასწავლებელი და 400-ზე მეტი ადგილობრივი თემის წევრი სარგებლობს. ქართული ენის 78 მასწავლებელი მიავლინეს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში.
პროგრამის თანახმად, ქართული ოცნება, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გააგრძელებს მუშაობას „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის რეალიზების უზრუნველსაყოფად. პარტიის ხედვის თანახმად, განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება ეთნიკურ უმცირესობებში. გაუმჯობესდება მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, ეროვნული უმცირესობების ერთიან საინფორმაციო სივრცეში ჩართვა. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის, სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება, მათ შორის, სახელმწიფოს შესაბამის პროგრამებსა და სერვისებზე მათთვის გასაგებ ენაზე სრულყოფილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდით. უზრუნველყოფილი იქნება ეროვნულ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების და განვითარების შესაძლებლობები, ტოლერანტული გარემოს წახალისება მთლიანად საზოგადოებაში.
თავისუფალი დემოკრატების წინასაარჩევნო პროგრამა საერთოდ არ განსაზღვრავს პარტიულ ხედვას რელიგიურ უმცირესობებთან ან რელიგიის თავისუფლებით სარგებლობასთან მიმართებით. ხოლო, ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ სამუშაოებთან მიმართებით პრიორიტეტად ეთნიკური უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის სწავლებისა და მათი საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამის გაუმჯობესებას სახავს.
ეთნიკური უმცირესობები
პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო პროგრამა ეთნიკური უმცირესობებთან მიმართებით ზოგადი ხედვებით შემოიფარგლება და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს სრულფასოვან ინტეგრაციას პირდება ერთიან ქართულ სახელმწიფოში.
რელიგიური უმცირესობები
პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით მხოლოდ მუსლიმების უფლებრივ მდგომარეობას მიემართება. მუსლიმები უმეტესად მოხსენიებული არიან როგორც „მაჰმადიანები“. პარტიის მიერ შეფასებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელასა[4] და ადიგენში[5] მომხდარი მოვლენები. პატრიოტთა ალიანსის შეფასებით, აღნიშნული კონფლიქტები გამოწვეული იყო პროვოკაციის საფუძველზე, „აშკარად ჩანდა კონფლიქტის გაღვივებით დაინტერესებული შიდა და გარე ძალების კვალი.“ აღნიშნულიდან გამომდინარე, პარტია მუსლიმ და ქრისტიან ძმებს მოუწოდებს „გამოავლინეთ ერთმანეთისადმი ის სიყვარული, რომელიც ყოველთვის ასაზრდოვებდა ჩვენს ძმობას. მოერიდეთ კატეგორიულობას, ნუ დაუშვებთ ცეცხლის ანთებას ჩვენს გულებსა და ქვეყანაში.“
პატრიოტთა ალიანსი ასევე სპეკულაციად მიიჩნევს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის აუცილებლობაზე საუბარს. პარტიის შეფასებით 2013 წლის 25 მარტიდან 25 აპრილამდე ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე 60 000-მდე მოქალაქე გამოიკითხა, საიდანაც 55 737 ადამიანი არის წინააღმდეგი, რომ ბათუმში ახალი მეჩეთი აშენდეს, ხოლო არსებული მეჩეთის გაფართოებაზე მხოლოდ 1503 ადამიანი აცხადებს თანხმობას. დავით თარხან-მოურავის შეფასებით „უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი გამოვკითხეთ, [...] ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არ არის არც რელიგიის და არც რწმენის საკითხი, ეს არის სრულიად სხვა, პოლიტიკის საკითხი.“
პროგრამაში ასევე, დამოუკიდებლად საუბარია აზიზის მეჩეთის საკითხზე და აღნიშნულია, რომ „აზიზის მეჩეთის თემით სპეკულირებენ ის ძალები, რომლებიც ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან და თურქეთის ინტერესებს იცავენ საქართველოში.“
პროგრამის თანახმად, პარტიის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის აუცილებელი ღონისძიებების დასახვა იქნება. ამ მიმართულებით სამუშაოებში ჩართულები იქნებიან, როგორც თავად ეთნიკური უმცირესობები, ასევე ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.
ეთნიკური უმცირესობები
ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით რესპუბლიკური პარტიის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიწოდება იქნება მშობლიურ ენაზე. ასევე ყურადღება მიექცევა სახელმწიფო ენის სწავლებასაც. პარტიის თანახმად, შემდეგი მოწვევის პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს „რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის“ ხელმოწერასა და რატიფიკაციას.
რელიგიური უმცირესობები
რესპუბლიკური პარტიის თანახმად აუცილებელია უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვას. პროგრამის თანახმად, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მუშაობის პროცესში, სწორედ რესპუბლიკური პარტიის ინიციატივით მოხდა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ რეპრესირებული რელიგიური ორგანიზაციებისთვის ზარალის სიმბოლურ ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღება და აღსრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პარტია იძლევა დაპირებას, რომ ის მომავალ პარლამენტში საქმიანობის პირობებშიც გააგრძელებს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთათვის თანასწორობის პირობების განმტკიცებას.
სხვა პოლიტიკური პარტიების მსგავსად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამა ეთნიკური უმცირესობების მიმართ დაპირებას ძირითადად ქართული ენის სწავლების ხელმისაწვდომობასთან მიმართებით შეიცავს. კერძოდ კი, მოხდება პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ განახლება, რაც შედეგად მოგვცემს საქართველოს მოქალაქეების სრულფასოვან ინტეგრაციას ქვეყნის სამოქალაქო ცხოვრებაში. პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ხედვას არ განსაზღვრავს.
პარტიის ხედვის თანახმად, ეთნიკური უმცირესობებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციის მთავარი დამაბრკოლებელი მიზეზი ენობრივი ბარიერია, რის გამოც პარტიის საგანმანათლებლო პოლიტიკა ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა თავისუფლებას მათთვის მაქსიმალურად ეფექტური საგანმანათლებლო მომსახურების მიღებაში. გარდა აღნიშნულისა პროგრამის თანახმად, პარტიის პრინციპული პოზიციაა ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, მიუხედავად მათი რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური და პოლიტიკური კუთვნილებისა.
ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის სისტემური პრაქტიკებისა და პოლიტიკური ჰომოფობიის მაღალი მასშტაბის მიუხედავად, პარტიათა უმრავლესობის წინასაარჩევნო პროგრამები მითითებას საერთოდ არ აკეთებს ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის საკითხებზე. იმ პირობებში, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან პოლიტიკური ჰომოფობია საჯარო დისკურსში ორგანიზებულად იწარმოება, დემოკრატიული ღირებულებების მქონე პარტიების მხრიდან ლგბტ თემის, როგორც სოციალური ჯგუფის არ აღიარება ლგბტ უფლებებთან დაკავშირებით პოზიტიური და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების პერსპექტივებს მნიშვნელოვნად ასუსტებს.
პატრიოტთა ალიანსი ლგბტ თემის მიმართ ამომრჩეველს საკუთარ ჰომოფობიურ ხედვებს უზიარებს. პროგრამაში განთავსებულია ერთ-ერთი სვეტი, რომლის სახელწოდებაა „მტერი ჩაგრულის ნიღაბში“, სადაც ლგბტ თემის წარმომადგენელი პირები და ის აქტივისტები, რომლებიც ამ თემის წევრების ჩაგვრაზე საუბრობენ საქართველოს ისტორიულ დამპყრობლებთან არიან შედარებული. „დღეს დამპყრობელი მოდის ჩაგრულის ნიღბით. მოდის და გეუბნება: ვიჩაგრები, შენ მჩაგრავ, ნუღარ მჩაგრავ [...] გთხოვს ასეთი კანონი მიიღე, ისეთი კანონი მიიღე, მაგრამ თუ დავუკვირდებით [...] ცდილობს თავს მოგახვიოს თავისი ცხოვრების წესი; [...] უარი გათქმევინოს რწმენაზე, სამშობლოზე [...] კაცს კაცობაზე ათქმევინოს უარი და მანდილოსანს-მანდილზე. ამიტომაა, რომ პატრიარქი მოგვიწოდებს: „დაიცავი შენი წილი საქართველო“.
ლგბტ პირების უფლებრივ მდგომარეობას რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კონტექსტში აღიქვამს, პროგრამის თანახმად, „პრობლემათა დიდი დიაპაზონი განაპირობებს სიღრმისეული და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბების აუცილებლობას.“ შესაბამისი, ქმედითი მექანიზების შემუშავებისთვის კი აუცილებელია მოწყვლადი ქვეჯგუფების იდენტიფიცირება და ინდივიდუალური მიდგომის ჩამოყალიბება. ერთ-ერთი ასეთი ქვეჯგუფი რესპუბლიკური პარტიის პროგრამის თანახმად, სუბკულტურული და მარგინალური ჯგუფების წარმომადგენელი ქალები, ეთნიკური, რელიგიური, ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლები არიან. პროგრამაში ასევე ხაზია გასმული ლგბტ პირების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე. პარტიის თანახმად აუცილებელია დანაშაულისა და ძალადობის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება და კანონის მოთხოვნების სამართლიანი მიდგომა.
2014 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღების მიუხედავად, მოქმედი ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები ეფექტიანად არ მუშაობას და მათ საკნონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე არსებითი გაუმჯობესება სჭირდება. ამასთან, მთავრობას არ გააჩნია დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტური და პროაქტიული სტრატეგია. აღნიშნული გამოწვევების მიუხედავად, პარტიების პროგრამები, ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკაზე ზოგადი და სუსტია.
პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის თანახმად, ადამიანებისა და მათი გაერთიანებების უფლებრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად, მიღებულ იქნა კანონი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ”, რითიც ხელისუფლებამ გადადგა ქმედითი ნაბიჯები თანასწორობის პრინციპის დასაცავად. მომავალი პარლამენტის პირობებში კი, გატარდება ქმედითი ღონისძიებები თანასწორობის უფლების რეალიზებისათვის და ადამიანების ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად. ასევე, გაძლიერდება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის აღსრულების მექანიზმები.
რესპუბლიკური პარტიაც პირთა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით წინგადადგმულ, მაგრამ არასაკმარის ნაბიჯად აფასებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღებას. პროგრამის თანახმად, „იმის მიუხედავად, რომ საქართველო მიერთებულია კონვენციას „ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის თაობაზე და ამავე დროს მიღებულია კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რეალურ ცხოვრებაში არასაკმარისია ყოფით დონეზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის ქმედითი მექანიზმები ამიტომ აუცილებელია ასეთი მექანიზმის შექმნა, კერძოდ სათანადო სანქციებისა და მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება, დისკრიმინაციის ფაქტებზე სახალხო დამცველის უფლებამოსილების გაფართოება.“
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხედვა სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმებთან მიმართებით მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირების ასპექტშია ასახული. კერძოდ კი, პროგრამის თანახმად, სამართალდამცავი სისტემის რეფორმირებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ეფექტურ ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას და უმცირესობების დაცვას ძალადობისგან.
ინსტრუქცია