[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთავრობას ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით პოლიტიკური პროცესის შექმნისკენ მოუწოდებენ

ხელმომწერი საზოგადოებრიცი ორგანიზაციები ვეხმიანებით ქალაქ მარნეულში ნარიმანოვ ნარიმანოვის ძეგლის საკითხის პოლიტიკური და რელიგიური ინსტრუმენტალიზების პროცესს და საქართველოს მთავრობას, მათ შორის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ძეგლთან დაკავშირებით წარმოქმნილი დაძაბულობის განსამუხტად პოლიტიკური პროცესის წარმართვისკენ მოვუწოდებთ.

რამდენიმეა თვეა ვაკვირდებით ქალაქ მარნეულში ბოლშევიკი მწერლის და რევოლუციონერის, ნარიმანოვ ნარიმანოვის ძეგლის საკითხზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსისა და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების, მათ შორის, ქართული მარშის, პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის მიერ ორგანიზებულ პრობლემურ და შოვინისტურ კამპანიას.

ნ. ნარიმანოვის ძეგლის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა ქალაქ მარნეულში ბოლო რამდენიმე წელია პერიოდულად იჩენს თავს. ამ თემაზე დისკუსია გამწვავდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ ძეგლის რეაბილიტაცია მოახდინა ისე, რომ ამ თემაზე საჯარო დისკუსიები და საზოგადოებრივ შეთანხმებაზე მიმართული სამუშაოები არ ჰქონდა გაწეული.

2020 წლის 24 მაისს საკვირაო ქადაგებაში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა მარნეულის მერი, ზაურ დარგალი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაციის გამო გააკრიტიკა, მას ულტიმატუმი წაუყენა და მკვეთრად შოვინისტური განცხადებები გააკეთა. ეპისკოპოსის განცხადებებს მალევე მოჰყვა ქართული მარშისა და სხვა ულტრაკონსერვატიული რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერა და აგრესიული კამპანია სოციალურ ქსელებში.

30 მაისს ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო, თუმცა, გამოძიების მიზანი საზოგადოებისთვის გასაგები და ნათელი არ ყოფილა. არც ერთ სხვა სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ადგილობრივ თვითმმართველობას საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტის მიზნით სამუშაო პროცესი არ შეუქმნია.

16 ივლისს ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა, პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ქართულ მარშთან დაკავშირებულმა სხვა ლიდერებმა, როცა ეს თემა უკვე აღარ იდგა დღის წესრიგში, მარნეულში იმავე მოთხოვნით გამართეს აქცია. აქციას სპონტანური კონტრაქცია მოჰყვა ადგილობრივი ახალგაზრდა აზერბაიჯანელების მხრიდან. ადგილზე უსაფრთხოებას პოლიცია უზრუნველყოფდა.

რეგიონში შექმნილი სოციალური დაძაბულობის მიუხედავად, ამ დრომდე შესაბამისი სახელმწიფო უწყებები არ ახდენენ რეაგირებას მიმდინარე პროცესებზე და ცდილობენ საკითხის სრულიად იგნორირებას. ხელისუფლების მხრიდან ერთადერთი ქმედება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება იყო. თუმცა, იმის გამო, რომ თავად გამოძიების მიზანი, შინაარსი და კონტექსტი ამ დრომდე ბუნდოვანი და პრობლემურია, მას რაიმე შედეგი, მათ შორის, რადიკალური ჯგუფების შემდგომი ქმედებების პრევენცია არ მოჰყოლია.

ჩვენი შეფასებით, ამ პროცესში ჩანს კულტურის პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელიც ფრთხილ და სისტემურ გადაწყვეტას საჭიროებს. ეს, ერთი მხრივ, საბჭოთა მეხსიერებისა და წარსულის გააზრებისა და მართვის პოლიტიკის არათანმიმდევრულობას, მეორე მხრივ კი, ისტორიისა და კულტურის ეროვნულ პოლიტიკაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების იდენტობის, კულტურის, რელიგიის არასაკმარის რეპრეზენტაციას და ზოგჯერ გაუჩინარების/წაშლის მცდელობას უკავშირდება.

საქართველოს აზერბაიჯანელ თემში არსებობს ღრმა იდენტიფიკაცია საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ სისტემასთან, თუმცა, ამავდროულად არსებობს განცდა, რომ მათი ისტორია, კულტურული ღვაწლი და როლი ჩვენს საერთო ისტორიაში და კულტურაში სათანადოდ აღიარებული და წარმოდგენილი არ არის. ეს კარგად ჩანს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის პოლიტიკის მაგალითზეც. სწორედ ამიტომ, ნ. ნარიმანოვის ძეგლთან თემს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს და მისი წინააღმდეგობრივი პოლიტიკური ბიოგრაფიის გაცნობიერების პარალელურად, ძეგლის მოხსნის საკითხის განხილვის დროს, საკუთარი კულტურის წაშლის შიში და სხვა ამგვარი სენტიმენტებიც იკითხება.

სწორედ ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკი ლიდერების ძეგლების აღმართვის საკითხს ხელმომწერი ორგანიზაციები არ ვეთანხმებით, ზემოთ გაზიარებული კონტექსტის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ არსებითია სახელმწიფომ ამ პროცესის დელიკატურობა და სოციალური ეფექტები სათანადოდ გაიაზროს და მას თანმიმდევრული კულტურის პოლიტიკის გატარებით უპასუხოს. მშვიდობისა და თემებთან რეალური დიალოგის პროცესის შექმნა მთავრობისა და მისი უწყებების უპირობო მიზანი უნდა გახდეს. აუცილებელია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს მკვლევრების, ექსპერტებისა და ადგილობრივი თემის ლიდერების მონაწილეობით მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით გადაჭრის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ადგილობრივ თემებთან კონსულტაციების და საგანმანათლებლო მიდგომები იყოს გამოყენებული. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პროცესში სახელმწიფომ გაიაზროს საქართველოს აზერბაიჯანელი თემის კულტურის დაცვისა და რეპრეზენტაციის მნიშვნელობა და მულტიკულტურული გარემოს შექმნის აუცილებლობა. ამგვარი გრძელვადიანი და მშვიდი პოლიტიკური პროცესის შექმნა ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის შესაძლო გაუცხოებისა და ამასთან დაკავშირებული სოციალური ტრავმების პრევენციისთვის.

ცალკე უნდა აღინიშნოს ძალადობრივ ულტრაკონსერვატიულ რადიკალურ ჯგუფებთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობის პრობლემა. სახელმწიფო არ იკვლევს ულტრაკონსერვატიული პოლიტიკისა და ძალადობრივი ჯგუფების აღზევების სტრუქტურულ მიზეზებს და არც მისი დაძლევის სისტემური პოლიტიკა გააჩნია. ამასთან ოპერაციულ დონეზეც კი არ ჩანს, რომ სახელმწიფო ცდილობს ამგვარი ჯგუფების დაფინანსების, ინტერესების, კავშირების იდენტიფიცირებას, გასაჯაროების და მათ მიერ ორგანიზებული ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო საქმიანობების ეფექტიან პრევენციას.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ

მთავრობას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

  1. შექმნას პოლიტიკური პროცესი (სამუშაო ჯგუფი) ნ. ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებული უკმაყოფილების და წუხილების მშვიდობიანი და პოლიტიკური გზებით გადასაჭრელად. არსებითია, ეს პროცესი მეცნიერების, მკვლევრების, ადგილობრივი თემის ლიდერების მონაწილეობითა და საზოგადოებრივ ჯგუფებთან ფართე დისკუსიის მიდგომებით წარიმართოს და ის წარსულის გააზრების საერთო ეროვნულ პოლიტიკაში მოექცეს;
  2. არ დაუშვან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მარნეულში დაძაბულობისა და შუღლის გაღვივების რისკების შექმნა და მიიღონ ეფექტიანი პრევენციული ზომები რეგიონში მშვიდობიანი და თანასწორი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შესაქმნელად;
  3. მარნეულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც სხვა მულტიეთნიკურ რეგიონებში შეისწავლოს კულტურულის პოლიტიკის გამოწვევები, ამ კუთხით ეთნიკური უმცირესობების წუხილები და უზრუნველყოს მათი კულტურის სათანადო რეპრეზენტაცია, დაცვა და განვითარება და მულტიკულტურული დიალოგის პლატფორმებისა და პრაქტიკის შექმნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს

  1. შეიმუშავოს ძალადობრივი ულტრაკონსერვატიული ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებული მონიტორინგისა და პრევენციის ეფექტიანი პოლიტიკა და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ამგვარი ჯგუფების კავშირების, დაფინანსების წყაროების, მიზნებისა და საქმიანობის შესახებ, რათა მაქსიმალურად დააზღვიოს ამ ჯგუფების ლიდერების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკები.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“