საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2023 წლის 17 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2022 წლის 20 ნოემბერს დაკავებულები, დავით ნარსავიძე და ირაკლი კვეკვესკირი გამართლდნენ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში, წვრილმანი ხულიგნობისთვის კი სახდელი არ დაეკისრათ და სასამართლო მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. მათ ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.
დავით ნარსავიძე და ირაკლი კვეკვესკირი ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივებმა თავისუფლების მოედანზე 2022 წლის 20 ნოემბერს, ღამის საათებში დააკავეს. დაკავების საფუძველი იყო წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შაბლონად ქცეული ბრალდება. ნარსავიძეზე და კვეკვესკირზე სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს დაკავების მომენტში და მათი ძველი თბილისის vii სამმართველოში გადაყვანისას.
დაკავებას წინ უძღვოდა თბილისის საკრებულოს მიმდებარედ სხვა პირებს შორის დაპირისპირება, რომლის შემსწრეც იყვნენ სამართალდამცავები, თუმცა მათ არ უცდიათ კონფლიქტის განმუხტვა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს პოლიციელებს არ ეცვათ სამსახურებრივი ფორმები. ინციდენტის ადგილზე მისვლისას, დავით ნარსავიძემ კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე წამოაეყანა და გამოთქვა შენიშვნა გარშემომყოფების მიმართ, რადგან არ სცადეს კონფლიქტის განმუხტვა. ამას ადგილზე მყოფი პოლიციელების გაღიზიანება მოჰყვა და შედეგად, ფიზიკური ძალის გამოყენებით დააკავეს ნარსავიძე და მისი თანმხლები კვეკვესკირი, რომელიც ამ ეპიზოდის გადაღებას მობილური ტელეფონით ცდილობდა.
სასამართლოში პროცესების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ პოლიციელები უფლებამოსილებას სამსახურებრივი უნიფორმის გარეშე ახორციელებდნენ. მათ არც დაკავების ეპიზოდში წარუდგინეს თავი მოქალაქეებს. შესაბამისად, დაკავებული მოქალაქეებისთვის იდენტიფიცირებადი არ იყო პოლიციელთა ვინაობა. სასამართლო განხილვებზე აგრეთვე გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავები განზრახ არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ სასამართლოს, მათი ჩვენებები იყო ხშირ შემთხვევაში ურთიერთ წინააღმდეგობრივი და არ ასახავდა რეალობას.
დავით ნარსავიძის მიმართ შსს ცალკეული თანამშრომლების მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის 26 ნოემბერს დაიწყო გამოძიება. ამ დრომდე გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფით გადამეტების მუხლით მიმდინარეობს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრეთვე გამოიყენებს სამართლებრივ მექანიზმებს პოლიციელების მიერ სასამართლო პროცესზე განზრახ არასწორი ჩვენებების ფაქტებზე.
იმ პირობებში, როცა საპოლიციო თვითნებობა და ძალის გადამეტება კვლავაც რჩება მწვავე გამოწვევად ადამიანის უფლებებისთვის, კრიტიკულად აუცილებელია:
ინსტრუქცია