[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

EMC გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამას აფასებს

დღეს, 8 სექტემბერს პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. 2019 წლის 2 სექტემბერს თანამდებობა დატოვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რაც პარლამენტისთვის ახალი სამთავრობო კაბინეტის და სამთავრობო პროგრამის წარდგენის საფუძველი გახდა. “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ეს პრემიერის ცვლილების მეხუთე შემთხვევაა. პრემიერ-მინისტრებისა და სამთავრობო გუნდის ცვლილებების ტრადიცია და ფორმა ყველაზე ნათლად აჩვენებს ქართული ოცნების მმართველობის მოდელის მთავარ და ძირეულ პრობლემას, რომელიც უკიდურესად დაბალ საზოგადოებრივ ანგარიშვალდებულებას, შიდა პარტიული დემოკრატიის სისუსტეს, რეალურ ცვლილებებსა და რეფორმებზე ნაკლებ ორიენტირებულობას გულისხმობს.

წინა შემთხვევების მსგავსად, მთავრობის შემადგენლობის განახლების მიმდინარე პროცესიც აჩვენებს, რომ პოლიტიკურ თანამდებობებზე ადამიანები ინიშნებიან და თანამდებობას ტოვებენ ყოველგვარი დემოკრატიული პროცესის, აუცილებელი საჯარო განმარტებების, საზოგადოებრივი კონსულტაციების გარეშე. სამთავრობო კაბინეტში ადგილს იკავებენ პირები, რომელთა წარსული საქმიანობა არცერთ ეტაპზე საჯარო-პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებული არ ყოფილა და რომელთა საზოგადოებრივი მოღვაწეობის, ღირებულებებისა და პოლიტიკური იდეების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ გააჩნია. სწორედ ასეთი, უკიდურესად დაბალი პოლიტიკური ცნობიერების და გამოცდილების მქონე მენეჯერების პოლიტიკურ ასპარეზზე შემოყვანა განაპირობებს პოლიტიკური სისტემის ჩავარდნებს, მათ დაბალ სოციალურ მგრძნობელობას და საერთო ჯამში საზოგადოების უნდობლობას და ნიჰილიზმს პოლიტიკური სისტემისმიმართ.

საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია პრემიერ-მინისტრის და მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ იპროგრამის შინაარსს.პროგრამებს შორის მსგავსება მიანიშნებს იმაზე, რომ რეალურადახალ სამთავრობო გუნდს პოლიტიკის, პრიორიტეტების და ხედვის განახლებაზე არ უმუშავია და მთავრობის შემადგენლობის ცვლილებების მიზეზი რეალური სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების მიღწევა არც ყოფილა.პროგრამის ტექსტი მათ შორის, არ პასუხს ბოლო თვეებში ქვეყანაში გამოვლენილ ღრმა კრიზისს, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულ ფუნციონირებას უკავშირდება. ამ პირობებში, სამთავრობო პროგრამას უფრო ტექნიკური მნიშვნელობა აქვს და ის რაციონალური პოლიტიკური განხილვის და ამ პროცესში საპარლამენტო კონტროლის რეალურ მნიშვნელობას ვერ ატარებს.

ასევე თვალნათლივ ჩანს, პოლიტიკურ გუნდში ყველაზე პრობლემური და წინააღმდეგობრივი რეპუტაციის მქონე პირების დაწინაურების ნიშნები. 20-21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის დროს პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების მასობრივი და ძალიან მძიმე დარღვევის პრაქტიკის ფონზე, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან არც სათანადო სამართლებრივი რეაგირება და არც პოლიტიკური აღიარება არ მოჰყვა, განსაკუთრებით პრობლემურია გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე წარდგენა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე გიორგი გახარიას მიმართ საზოგადოების კრიტიკის და პროტესტის შემდეგ, მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნა საზოგადოებრივი უკმაყოფილების და აზრის დემონსტრაციული უგულებელყოფაა. ასევე უკიდურესად პრობლემურია სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გამორჩეულად პრობლემური უწყების ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის წარდგენა.

თვალშისაცემია საარჩევნო წელს, სწორედ ძალოვანი მინისტრების გაძლიერების ინტერესი და მცდელობა მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რაც ცხადია, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საპოლიციო და სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური გამოყენების რისკებს და ნიშნებს ატარებს.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდი მისი უფლებამოსილების ბოლო წელს გათვლას სწორედ რეპრესიულ/ძალოვან სტრუქტურებზე აკეთებს და პოლიტიკური დისკუსიის მთავარი ხაზებიც უსაფრთხოების, მართლწესრიგის და მილიტარიზაციის თემებზე გადის. ისედაც მკვეთრად პოლარიზებულ და ნიჰილისტურ პოლიტიკურ გარემოში, მსგავსი რიტორიკის და მიდგომების გაძლიერება კიდევ უფრო დააზიანებს დემოკრატიულ პროცესებს და ჩაახშობს ისეთი პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობას, რომელიც ძალაუფლების დაბალანსების და სოციალური ჯგუფების რეალური საჭიროებების, ინტერესების და წუხილების წარმოდგენის და დაცვის სივრცე შეიძლება გახდეს.

პარლამენტისთვის წარდგენილი სამთავრობო პროგრამის შინაარსი და სტრუქტურაც ცალსახად მიუთითებს ახალი სამთავრობო გუნდის პრობლემურ პრიორიტეტებზე, სადაც დემოკრატიული რეფორმების საკითხი სრულიად უგულებელყოფილია, ადამიანის უფლებები კი ავტონომიურადაც არ არის განხილული და სრულიად გაუგებრად, უსაფრთხოების თემებთან კავშირშია წარმოდგენილი, რაც მთავრობის სრულიად პრობლემურ ხედვაზე მიანიშნებს.

სამოქმედო გეგმაში არსებითად სუსტად არის წარმოდგენილი სოციალური და კოლექტიური უფლებების დაცვის საკითხები და დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის ტრანსფორმაციის საჭიროების მიდგომები. სოციალური პოლიტიკა მეტწილად მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის შემსუბუქების/კომპენსირების მიდგომას უფრო ეფუძნება, ვიდრე, მათი ინკლუზიის, განვითარების და გაძლიერების და საჯარო სიკეთეებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის მიდგომას. გეგმაში არსებითად იგნორირებულია გარემოს დაცვითი პოლიტიკის გაძლიერების და დემოკრატიზაციის და საჯარო სივრცეების მხარდაჭერის მიმართულება.

ქვეყანაში არსებული სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, სოციალურ ჯგუფებს შორის უკიდურესად ღრმა ეკონომიკური უთანასწორობა, ქალაქების და რეგიონების კეთილდღეობის მაჩვენებლების მაღალი განსხვავება სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის რევიზიის, გადანაწილებისა და კეთილდღეობის უფრო სამართლიანი და ეფექტიანი პოლიტიკის გატარების აუცილებლობისკენ უნდა უბიძგებდეს, თუმცა, სამოქმედო გეგმა არც არსებული გამოწვევებს ახსენებს და არც მათი დაძლევის რეალისტურ ხედვებს შეიცავს.

ქვემოთ წარმოგიდგენთ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ცალკეული მიმართულებით სამთავრობო გეგმის ხედვების შეფასებასა და კრიტიკას.

  1. მმართველობა და დემოკრატიული რეფორმები

სამთავრობო პროგრამაში უგულებელყოფილია მმართველობის სისტემის ძირეული რეფორმისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის იდეები. დემოკრატიული რეფორმები უმთავრესად მოაზრებულია, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან აღებული ვალდებულების შესრულების თანმდევი პროცესი და არა როგორც დღევანდელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის და განვითარების უალტერნატივო პრიორიტეტი.

პროგრამაში წარმოდგენილი იდეები მმართველობის სისტემის შესახებ ძირითადადმმართველობის ელექტრონიზაციაზე აკეთებს აქცენტს, უზენაეს მიზნად კიმის ეფექტიანობასა და მოქნილობასასახელებს.ამ პირობებში სრულიად დაკარგულია დემოკრატიული მმართველობის იდეა.ის ჩანაწერები, რაც სამთავრობო პროგრამაში ფიქსირდება, მმართველობის სისტემის ტექნოკრატიზაციადუფრო შეიძლება შევაფასოთ.

ხაზგასასმელია, რომ წინა სამთავრობო პროგრამისგან განსხვავებით, ამჟამად პარლამენტში წარდგენილი პროგრამა საერთოდ არ ეხება მართლმსაჯულების და პროკურატურის სისტემებს, ისევე როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმებს. ბუნებრივია, ინსტიტუტები რომლებიც სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაში არ შედიან, პარლამენტისგან ნდობის გამოცხადების ამ პროცესს არ გადიან. თუმცა, ასევე ცხადია, რომ სამთავრობო გუნდი საზოგადოებას უნდა აცნობდესსაკუთარ ხედვას და დამოკიდებულებას ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტების - სასამართლოს, პროკურატურის, უსაფრთხოების სექტორის - ფუნქციონირებასა და მომავალთან დაკავშირებით.დღეს სასამართლო და პროკურატურა ერთი-ერთი ყველაზე დაბალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე ორგანოებია და მათ მუშაობაში კვლავ ძლიერად ჩანს პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მკაფიო ნიშნები, მათ შორის, ბოლო თვეებში დაწყებული/გააქტიურებული გახმაურებული სისხლის სამართლის სააქმეების კონტექსტში. სასამართლოში არსებული გავლენიანი ინტერესთა ჯგუფი, რომელიც ამავდროულად პოლიტიკური ხელისუფლების ლოიალობით სარგებლობს, უკიდურესი კორპორატივიზმი და განსხვავებული აზრის თანმიმდევრული გამოდევნა სისტემიდან, მოსამართლეების დანიშვნის, დაწინაურებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დაუსაბუთებლად მიღებული სხვა კარიერული გადაწყვეტილები ნათლად აჩვენებს მართლმსაჯულების სისტემის კრიზისის სიმწვავეს.ბუნებრივია მთავრობის ხელმძღვანელს, ისევე როგორც მინისტრებს უნდა ჰქონდეთ ნათელი პოლიტიკური პოზიცია ამ ინსტიტუტების შესახებ, რომელთა დამოუკიდებლობის პრობლემა პირდაპირ გავლენას ახდენს დემოკრატიის კრიზისზე ქვეყანაში.

  1. რეფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროში

მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც საპოლიციო სისტემას ეხება, მოიცავს კრიმინალური პოლიციის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საპოლიციო დანაყოფის რეფორმის საკითხს. ასევე, შენარჩუნებულია საგამოძიებო სისტემის რეფორმირების იდეა, გამოძიების დამოუკიდებლობის და ხარისხის გაზრდის მიზნით, რაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში ერთ-ერთ კრიტიკულ გამოწვევას წარმოადგენს..

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს ადამიანის უფლებების დეპარტამენტის როლი, ისევე როგორც ახლადშექმნილი მართლწესრიგის ოფიცრების მექანიზმი.

20-21 ივნისის მოვლენებმა ასევე აჩვენა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ერთი მხრივ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის რეფორმირების დაწყება, ასევე ზოგადად პოლიციაში პროფესიული ხელმძღვანელობის რგოლის შექმნა, რაც საპოლიციო დანაყოფების მართვის ხარისხის გაზრდის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გარანტია უნდა გახდეს.

  1. მართლწესრიგი, უსაფრთხოება და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება

პროგრამაში ვრცლად არის საუბარი უსაფრთხოებასა და მართლწესრიგზე, მათ შორის, აღნიშნულია, რომ ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკისა და სასჯელის გარდაუვალობის უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში ნახსენებია ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, ერთიანობაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კომპონენტში პრაქტიკულად არ არის მითითება დანაშაულის განმაპირობებელი და მაპროვოცირებელი გარემოს, მიზეზებისა და ფაქტორების დაძლევის მნიშვნელობაზე, საპოლიციო მექანიზმების მიღმა სხვა ინსტიტუტების ჩართულობის მნიშვნელობაზე, რაც ზოგადად საქართველოში მოქმედი მართლწესრიგის და უსაფრთხოების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. უსაფრთხოება არსებითად მიბმულიასახელმწიფოს რეპრესიული აპარატის ეფექტიანობას და დაკარგულია დანაშაულის პრევენციაში/საზოგადოებრივ უსაფრთხოებაში სხვასახელმწიფო უწყებების როლი და დანიშნულება.

სამწუხაროა, ისიც რომ ქვეყანაში, სადაც ციხის პოპულაციის მესამედი არაჰუმანური კანონმდებლობის საფუძველზე, ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, სამთავრობო პროგრამა ნარკოპოლიტიკას მხოლოდ ორგანიზებული დანაშაულის კონტექსტშიახსენებს.პროგრამაში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ შს სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ბრძოლას ნარკოდანაშაულთან, თუმცა არაფერს ამბობს არაერთ წინა პოლიტიკურ დაპირებაზე, მათ შორის, გიორგი გახარიას მიერ 2018 წლის მაისში გაკეთებულ საჯარო დაპირებაზე, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხი უმოკლეს ვადებში გადაწყებოდა.

  1. ადამიანის უფლებების დაცვა

სამთავრობო გეგმაში წარმოდგენილი ქვეთავი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სრულად არ ასახავს იმ გამოწვევებს, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანაში დგას. გეგმა ვრცელ მიმოხილვას მოიცავს უსაფრთხოების და სამხედრო სფეროს მიმრათულებით, თუმცა ადამიანის უფლებების კუთხით მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების აღწერა ზოგადი, არახელშესახები და ბუნდოვანია. გეგმის ტექსტში არ ჩანს, რომ წარმოდგენილი გეგმები დაგროვებულ გამოცდილებას, კვლევას და დემოკრატიულ კონსულტაციებზე ეფუძნება და განვითარებაზე და რეალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ მიდგომებს ითვალისწინებს. ადამიანის უფლებების პრიორიტეტულობის არასაკმარისი წარმოჩენა გეგმაში მთავრობის ახალი შემადგენლობის აშკარად აგრესიული, ავტორიტარული და პოლარიზების გაღრმავებაზე მიმართლული რიტორიკის ფონზე სიმპტომატურიცაა.

გეგმა საერთოდ არ მსჯელობს და ახსენებს თავისუფლების დაცვისთვის დადემოკრატიის ფუნქციონირებისთვის ისეთმნიშვნელოვან უფლებებს, როგორიცაა შეკრების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება, მედიის თავისუფლება. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე შეკრების და გამოხატვის თავისუფლების საკითხები მწვავედ დადგა დღის წესრიგში და მნიშვნელოვანი პოლიტიკური იმპლიკაციები შეიძინა, თუმცა სამთავრობო გეგმა ამ საკითხების სრულ იგნორირებას ახდენს.

გეგმა არ გამოხატავს ხელისუფლების მზადყოფნას განუხრელად დაიცვას გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტები და კონსტიტუციური გარანტიები. იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა საჯარო განცხადება,მაგალითად,ცილისწამების საკითხების დამატებითი საკანონმდებლო რეგულირების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების საჭიროების შესახებ, ამასთან გამოხატვის გამო რამდენიმე აქტივისტი გაუმართლებელი დევნის მსხვერპლი გახდა, ამგვარი დათქმის გაკეთებასპლურალიზმის და დემოკრატიის დაცვისთვის განსაკუთრებული მნიშნელობა ექნებოდა.

შეკრების თავისუფლების კუთხით პრობლემები ასევე მწვავედ დგას ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. ხელისუფლების ტრანზიციის შემდეგ, მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან გაკეთებული მკაფიო განცხადებების მიუხედავად, რომ შეკრების მონაწილეების მიმართ რეპრესიულ მიდგომებს ის არ გამოიყენებდა, შეკრების მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და შეკრების თავისუფლების დარღვევის არა ერთი მძიმე ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, განსაკუთრებული ხაზი შეიძლება გაესვას 2018 წლის 12 მაისს თბილისში ბასიანსა და გალერიში განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებებსა და მასთან დაკავშირებულ პროტესტებს, 2019 წლის 21 აპრილს პანკისში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების გამო ორგანიზებულ სპონტანურ წინააღმდეგობას, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის მოვლენებს. ცალკე აღნიშვნას ითხოვს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ შეკრებების და მათი მონაწილეების უსაფრთხოების დასაცავად სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი სუსტი პოლიტიკური ნებისა და ძალისხმების პრობლება. მიმდინარე წლის 20-21 ივნისის მოვლენებმა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან საპოლიციო ძალის გამოყენების ყველაზე მძიმე, ინტენსიური და მასობრივი შემთხვევა იყო, აჩვენა, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით მასობრივი შეკრებების მართვის, მონიტორინგის და რეაგირების მექანიზმები კვლავ სამართალდამცავი სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.თუმცა, მთავრობის სამოქმედო გეგმა არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი პერსპექტივიდან არ პასუხობს არსებულ კრიტიკას.

განსაკუთრებით პრობლემურია ჩვენს ქვეყანაში მედია თავისუფლების და პლურალიზმის დაცვის საკითხები. მედია სივრცის პოლარიზების, ტელეკომპანია რუსთავი 2-ში განვითარებული მოვლენების, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის დაუსაბუთებელი იმპიჩმენტის, გავლენიანი კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების სამართლებრივი დევნის ფაქტების ფონზე მედიის საქმიანობაში ჩაურევლობის მიდგომის ხაზგასმა ხელისუფლების მხრიდან არსებითი იყო. მეტიც, წინასაარჩევნო კონტექსტში მედია თავისუფლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული პროცესებისთვის, თუმცა, გეგმა სულისკვეთების დონეზეც კი არ მიანიშნებს ამ საკითხზე.

მიუხედავად იმისა, რომ რელიგიის თავისუფლების კუთხით არა ერთი სისტემური გამოწვევა დგას ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, დისკიმინაციული კანონმდებლობა (რაც მათ შორის, დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით), რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების არადემოკრატიულ და არასეკულარული პრაქტიკები, რელიგიური უმცირესობებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პოლიტიკის არ არსებობა, რელიგიური ნაგებობების მშენებლობის დისკრიმინაციული პრაქტიკები, საჯარო სკოლებში რელიგიურად ნეიტრალური, მრავლფეროვანი და თანასწორობის გარემოს არარსებობის პრობლემა. თუმცა,გეგმა რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მინიშებასაც კი არ აკეთებს. ბოლო პერიოდში რელიგიის თავისუფლების სტანდარტების გაუარესებისკენ მიმართული საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე (რელიგიის შესახებ სპეციალური კანონის მიღება, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზება, ბურქის ტარების აკრალვა, სამხედრო სამსახურიდან მხოლოდ საპატრიაქოს სასულიერო პირების გათავისუფლების წესის დადგენა, და ა.შ.) რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპების განუხრელი დაცვის მზადყოფნის ხაზგასმა არებითი იყო. ამგვარ მიდგომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინკლუზიური და თანასწორი სახელმწიფოს= მშენებლობისთვისდა არადომინანტი რელიგიური ჯგუფებისთვის სამართლიანი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნისთვის. თუმცა, წინასაარჩევნო კონტექსტის, ასევე ხელისუფლების არასეკულარული და საპატრიარქოს მიმართ აშკარად პრეფერენციული მიდგომების გათვალისწინებით, სიმპტომატურია, რომ რელიგიის თავისუფლების განუხრელი დაცვის ინტერესი ხელისუფლების პოლიტიკურ მიზნებში არ მოექცა.

  1. თანასწორობის პოლიტიკა და ინტეგრაცია

სამოქმედო გეგმა ხაზს უსვამს ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას და გამოყოფს ცალკეულ ჯგუფებს, რომელთა მიმართ თანასწორი გარემოს შექმნისთვის ის ძალისხმევას გასწევს. თუმცა, გეგმაში წარმოდგენილი აქტივობები ზოგადია და დაგეგმილი ღონისძიებების და პოლიტიკების რეალური განჭვრეტის შესაძლებლობას არ იძლევა.

გეგმა მსჯელობს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მნიშნელობაზე, თუმცა, ის არ პასუხობს იმ მწვავე კრიტიკას, რომელიც ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ არსებობს. გეგმაში საკმარისად არ არის წარმოდგენილი ისეთი საკითხები როგორიცაა, , უსაფრთხოების პერსპექტივის ადამიანის უფლებების პერსექტივით შემობრუნების აუცილებლობა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ისტორიულ კონტექსტზე, ადგილობრივ საჭიროებებზე და წუხილებზე ორიენტირებული სპეციფიკური პოლიტიკის გატარების მნიშვნელობა, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური რეპრეზენტაციის და მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა, ეთნიკური უმცირესობების თემებში განათლების უკიდურესად დაბალი და უხარისხო სისტემის გაუმჯობესების საჭიროება, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების და დემოკრატიული მონაწილეობის მექანიზმების ამუშავების აუცილებლობა.

ზემოთ ასევე აღინიშნა, რომ გეგმაში არაფერია ნახსენები რელიგიის თავისუფლების და არადომინანტი რელიგიური ჯგუფების ინკლუზიისა და უფლებების დაცვის საკითხებზე. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მიერ გატარებული პრობლემური პოლიტიკის არა ერთი კრიტიკის მიუხედავად, რომელიც მეტწილად რელიგიური ორგანიზაციების კონტროლსა და რელიგიის თავისუფლების სფეროში შეზღუდვაზე ორიენტირებული მოწესრიგების და პრაქტიკების დამკვიდრებაზე არის ორიენტირებული, გეგმა არაფერს ამბობს ამ მიმართლებით პოლიტიკის რევიზიისა და გაუმჯობესების შესახებ.

გეგმაში სუსტად არის წარმოდგენილი გენდერული თანასწორობის კუთხით გასატარებელი პოლიტიკა და ის არ ფარავს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, სოციალური დაცვისა და ზრუნვის, რეპროდუქციული უფლებების და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს. მიუხედავად, იმისა, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თემა ბოლო პერიოდში არა ერთხელ მწვავედ დადგა საჯარო დისკუსიებში, გეგმა მას სათანადო ყურადღებას არ უთმობს.

სამოქმედო გეგმაში ასევე იგნორირებულია ჰომოფობიის დაძლევის მნიშვნელობა და ის არაფერს ამბობს ლგბტი ადამიანების შეკრების თავისუფლების, უსაფრთხოების, ძალადობისგან, გარიყულობისგან და სოციალური მოწყვლადობისგან დაცვის საკითხებზე.

ცალკე უნდა გაესვას ხაზი იმ გარემოებაც, რომ გეგმა არ მიანიშნებს, ბოლო დროს მზარდი და რადიკალიზებული ულტრაკონსერვატიული ჯგუფების პრობლემაზე და ერთის მხრივ, ამ ჯგუფებისგან მომდინარე ძალადობის და უფლებების დარღვევის პრაქტიკების აღმოფხვრისა და მეორეს მხრივ, მსგავსი სოციალური ჯგუფების გაჩენის მიზეზების გააზრებისა და პრევენციული პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე.

  1. ოკუპირებული ტერიტორიები და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები

მნიშვნელოვანი, რომ გეგმა თანადროულად შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა დაამავდროულად ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მოსაზღვრედ მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვისა და მხარეთა შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების მიდგომებს, თუმცა ამ კუთხით მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები ზოგადია და ის ცვლილებების მიღწევის რეალურ მოლოდინებს არ აჩენს. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზეარსებითია, ხელისუფლებამ უფრო მეტი ძალისხმევა გასწიოს საზღვრის პირა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების და ოჯახების სოციალური და ჰუმანიტარული დაცვისთვის. ამასთან, არსებითია ხელისუფლებამ დამატებითი დიპლომატიური ძალისხმევა გასწიოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორი ორგანიზაციების მონიტორინგის მანდატის გაფართოების ადვოკატირებისთვის.

  1. შრომისა და დასაქმების პოლიტიკა

სამთავრობო პროგრამა მინიმალურად ეხება შრომითი უფლებების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და მხოლოდ შრომის ინსპექტირების მექანიზმის გაძლიერებას მოიცავს, ისიც, კონკრეტულად, სამუშაო ადგილზე ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ხაზგასასმელია, რომ თავისთავად ფიზიკურად უსაფრთხო შრომის უზრუნველმყოფელი ეფექტიანი მექანიზმის არსებობა და ფუნქციონირება მნიშვნელოვანი ამოცანაა, მაგრამ გადაუჭრელ პრობლემებად რჩება შრომის კოდექსის აღსრულების მექანიზმების სისუსტე; შრომითი უფლებების სისტემატიური დარღვევა და დასაქმებულების მიმართ უსამართლო და ექსპლოატაციური პრაქტიკები, განსაკუთრებით, მომსახურეობის მზარდ სექტორში; გაერთიანებისა და გაფიცვის უფლებების ხელყოფა; კოლექტიური დავების გადაწყვეტის მნიშვნელოვანი მექანიზმის, შრომითი მედიაციის ფორმალურ ინსტრუმენტად ქცევა და სხვა. აღნიშნული გამოწვევები პროგრამაში იგნორირებულია. ასევე უგულვებელყოფს სამთავრობო გეგმაქვეყანაში მოცულობითი არაფორმალური სექტორის არსებობას და, შესაბმისად, შრომის კოდექსით გათვალისწინებული გარანტიებისმიღმა არსებულშრომითურთიერთობებს, რომელშიც, ძირითადად, ფორმალური შრომის ბაზრიდან გარიყული მოწყვლადი ჯგუფები, ქალები და ახალგაზრდები არიან ჩართული.

ეს უკანასკნელი გამოწვევა დასაქმების სწორი პოლიტიკის სამიზნე უნდა იყოს, თუმცა მთავრობის ხედვა დასაქმების პოლიტიკაში სახელმწიფოს როლის მიმართ კვლავ უკიდურესად პრობლემურია. მთავრობა შრომის ბაზარში, მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, ძირითადად, “მიწოდების მხარის” პოლიტიკითჩარევას აპირებს, ანუ, მთავრობის ხედვაში ცენტრალური ადგილი შრომის ბაზარზე მოთხოვნის განსაზღვრასუჭირავს, რათა დასაქმების სერვისების საშუალებით ამ მოთხოვნის შესაბამისი კადრებიმომზადდეს. შედეგად, სახელმწიფო რესურსებს ხარჯავს ბაზრის არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და შრომის ბაზრის დღევანდელი სტრუქტურიდან გამომდინარე, ეს დაბალკვალიფიციური და დაბალანაზღაურებადი მუშახელის მომზადებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, არც დასავლეთის და არც აზიის წარმატებული ეკონომიკები განვითარების ეტაპზე არ იყვნენ კონცენტრირებული მხოლოდ მიწოდების პოლიტიკაზე და აქტიურად ზრუნავდნენ მოთხოვნის შექმნაზე.მოთხოვნის მხარის ფრაგმენტული პოლიტიკა ძირითადად პროგრამა “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ხორციელდება, თუმცა კრიტიკული მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ აღნიშნული პროგრამა, რომელსაც, სავარაუდოდ, დიდი გავლენა უნდა ქონდეს დასაქმების მაჩვენებელზე ქვეყანაში, ლოგიკურ ბმაში არ არის სახელმწიფოს მიერ გატარებულ დასაქმების პოლიტიკასთან, კერძოდ, დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ მომზადება-გადამზადების პროგრამებებთან.ამდენად, ვიღებთ სიტუაციას, როდესაც სახელმწიფო ერთის მხრივ, ფინანსურად ახალისებს გარკვეული სექტორების/დარგების განვითარებას, მეორეს მხრივ, კი ინვესტიციას დებს სამუშაო ძალის მომზადებაში სრულიად სხვა სექტორებში.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია მეტი აქცენტი ეკონომიკური პოლიტიკის ტრანსფორმაციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს დაბალპროდუქტიული აგრარული სფეროდან მშრომელების გადაყვანას სხვა სექტორებში, მაღალპროდუქტიული სექტორების განვითარებას და არაფორმალური სექტორის შემცირებას. აღნიშნულ კონტექსტში დასაქმების პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს სამუშაო ძალის მომზადება ახალი ეკონომიკური დარგებისათვის და უკვე დასაქმებულთა უმტკივნეულო გადადინება სექტორებს შორის. პარალელურად, აუცილებელია, დასაქმების არამარტო აქტიური, არამედ პასიური პოლიტიკის მიმართულებით მუშაობა, რაც უმუშევრობის დაზღვევისა და უმუშევრობის შემწეობის სისტემების დანერგვასა და გამართვას გულისხმობს. თუმცა, მსგავსი მიდგომა საკითხისადმი, როგორც სამთავრობო პროგრამიდან ირკვევა, პოლიტიკურ დღის წესრიგში, სამწუხაროდ, არ დგას.

  1. უსახლკარობა

ისეთ მწვავე სოციალურ პროპლემას როგორც უსახლკარობაა, სამთავრობო პროგრამა, ფაქტობრივად, უგულვებელყოფს. გასათვალისწინებელია, რომ:

  • სამთავრობო გეგმის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმას აქტიურად განახორციელებს. ამ შემთხვევაში პრობლემურია, რომ ეროვნულ დონეზე უსახლკარობასთან ბრძოლის სტრატეგიულ ამოცანად დეკლარირების მიუხედავად, დღემდე ადამიანის უფლებების დაცვის ვერცერთ სამთავრობო სამოქმედო გეგმაში ვერ მოხვდა უსახლკარობის პრობლემა.
  • სამთავრობო გეგმის მიზანია მოახდინოს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაცია (განსაკუთრებით სოციალური მუშაკების გაძლიერების კუთხით). არსებითია, რომ ამ პროცესში ყურადღების მიღმა არ დარჩნენ უსახლკარო პირები, რომლებზეც, როგორც სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ პირებზე, ზრუნვის ვალდებულება ამ კანონის მიხედვით სახელმწიფოს აქვს აღებული.
  • სამთავრობო პროგრამაში საუბარია „მიზნობრივ სოციალურ პროგრამებზე“ მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შემსუბუქებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ცხადად იყოს დანახული უსახლკარო პირები.

ზოგადად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აიღოს ვალდებულება უსახლკარობის აღმოფხვრისკენ მიმართული პოლიტიკის პროგრესულად, ეტაპობრივად განხორციელებაზე. აუცილებელია, სახელმწიფომ დროულად და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებით განსაზღვროს უსახლკარობის ცნება; იზრუნოს უსახლკარობის მასშტაბის დადგენაზე; უსახლკარობის სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, უსახლკარობის წინააღმდეგ საბრძოლველად შესაბამისი მხარდაჭერითი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაზე.

9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

მთავრობის სამოქმედო პროგრამა მხოლოდ ზედაპირულად და ნაწილობრივ წარმოაჩენს სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განხორციელების მიმართულებით. დოკუმენტი ხედვის არეალის მიღმა ტოვებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც წლების მანძილზე არაერთი აქტორის კრიტიკული შეფასების საგანი გამხდარა.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებიდან 5 წელი გავიდა, თუმცა ამ დრომდე სახელმწიფოს არ შეუსრულებია დოკუმენტით ნაკისრი მნიშვნელოვანი ვალდებულებები, რომელიც არსებითად გააუმჯობესებდა ქვეყანაში შშმ პირთა მდგომარეობას. აღნიშნული გამოწვევების არსებობის პირობებში სამთავრობო პროგრამა მხოლოდ ზოგადი ხედვებით შემოიფარგლება და კონკრეტულად არ ითვალისწინებს ამ დრომდე არსებული ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის ნებას, როგორიცაა, გაეროს კონვენციის იმპლემენტაციისა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორგანოს არარსებობა, ფუნდამენტური საკანონმდებლო აქტების შეუთავსებლობა კონვენციასთან, ეფექტიანი ნაბიჯების არარსებობა შშმ პირთა შეფასების სოციალური მოდელის დანერგვისა და სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესების მიმართულებით. გარდა ამისა, პროგრამა ყურადღების მიღმა ტოვებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა, მასობრივად არაადაპტირებული საინფორმაციო სივრცე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის არასაკმარისი მექანიზმები, დიდი ზომის ფსიქიატრიული და სადღეღამისო სამზრუნველო ინსტიტუციების არსებობა და სათემო სერვისების სიმწირე, განათლების, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობისათვის მექანიზმების არასაკმარისობა, საზოგადოებაში სტიგმის არსებობა შშმ პირთა მიმართ, რაც, საბოლოო ჯამში, ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენელთა უფლებების სათანადო რეალიზებას და მათ კვლავ ცხოვრების არაერთ სფეროში მონაწილეობის გარეშე ტოვებს.


10. ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა

პროგრამა ვერ პასუხობს იმ კრიტიკას, რაც სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმართ წლებია არსებობს. პირველ რიგში, აუცილებელია, ხელისუფლებამ დაინახოს, ენერგეტიკის მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის დოკუმენტის, სტრატეგიის ან/და გეგმის შემუშავების მნიშვნელობა, რომელიც სისტემურად, ერთიანობაში განსაზღვრავდა ქვეყნის ბუნებრივი რესურსების განვითარების ხედვებსა და შესაბამის სტანდარტებს. აღნიშნულის გარეშე, რესურსების ათვისების ყველა ახალი მცდელობა ფრაგმენტულია და არ არის გამოკვლეული ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული თუ სხვა სახის საჭიროებების კონტექსტში.

პროგრამა არ ახსენებს მრავალწახნაგოვან, აქტუალურ პრობლემატიკას, რომელიც ჰიდროენერგორესურსების მაქსიმალური ათვისების სახელმწიფო პოლიტიკას უკავშირდება. აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით მუშაობა 117 ჰიდროელექტროსადგურზე მიმდინარეობს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის განსაზღვრა და შესაბამისი ნებართვების გაცემა სათანადო გარემოსდაცვითი და ეკონომიკური კვლევების ანალიზის გარეშე განხორციელდა. გარდა ამისა, საგანგაშოა ჰესების მშენებლობის დაგეგმვისა და კომპანიებთან წინასწარი შეთანხმებების გაუმართავი და გაუმჭვირვალე პრაქტიკა; პროექტების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირების არასათანადო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; გარემოსდაცვითი, ენერგეტიკისა და ჰიდრო პროექტებისთვის რელევანტური საკანონმდებლო სტანდარტებისა და ნორმების არარსებობა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის უგულებელყოფა და საბჭოთა პერიოდის მოძველებული ნორმებით სარგებლობა; ექსპლუატაციაში შესული ჰესების მიერ მინიმალური სტანდარტების, სანებართვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ვალდებულებების და საკომპენსაციო ღონისძიებების შეუსრულებლობა და ამაზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირება; ენერგეტიკის სექტორში არსებული სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტები და ელიტური კორუფციის საფრთხეები.

ასევე სდუმს სამთავრობო პროგრამა წიაღის გამჭვირვალობის მიდგომების დანერგვის, ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით მდგრადი ხედვის, სექტორის პოტენციალის გაზრდისა და ბუნებრივი წიაღის გადამუშავების სხვადსახვა ეტაპების შექმნის აუცილებლობაზე, რათა აღნიშნულ სექტორში ქვეყანა არ იყოს იმპორტზე დამოკიდებული და შეძლოს რესურსების გამოყენების უფრო მეტად დივერსიფიცირებული ეკონომიკური საქმიანობის წახალისება, მონოინუდსტრიულ ქალაქებში წარმოებისა და დასაქმების ალტერნატიული სივრცეების გაჩენა და კომპლექსური მიდგომების დანერგვა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“