საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ვფიქრობ, ზედმეტი იქნება საუბარი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის გამართული თვითმმართველობის სისტემა. საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელდა რეფორმები, რომელმაც ვერ უზრუნველყო საბოლოო სისტემის ჩამოყალიბება.
უკანსკნელი მცდელობა დაკავშირებულია უკვე ახალი ხელისუფლების მოსვლასთან. ამ ეტაპზე, გვაქვს მთავრობის მიერ მოწონებული დეცენტრალიზაციის კონცეფცია, სადაც რეფორმის ძირითად მიმართულებებზეა საუბარი. შექმნილია საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელიბისგან. საბჭოსთან შექმნილია სამდივნო, რომელიც იყოფა თემატურ ჯგუფებად.
აღნიშნულ ჯგუფებში მუშავდება ის თემები, რომელსაც შემდეგ რეფორმის ჯგუფი მისცემს საბოლოო ფორმას რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად. სამდივნოს სამუშაო ჯგუფებში საინტერესო პროცესი მიმდინარეობს ფორმის თვალსაზრისითაც. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის დაგეგმვის პროცესში, საშუალება ეძლევა საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს მიიღოს მონაწილეობა. ეს საკმაოდ ღია პროცესს წარმოადგენს, რომელიც ერთგვარი ტესტიც იქნება ხელისუფლებისთვის რამდენად გაითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებებს.
ასევე შინაარსობრივადაც საინტერესო პროცესია, როცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნლები ერთად მუშაობენ, იკვლევენ კონკრეტულ საკითხს, ამუშავებენ რეკომენდაციებს და შემდეგ ერთვებიან ადვოკატირების და მონიტრონგის კამპანიაში.
მთავარი მიზანია, რომ ხელისუფლება მოექცეს სრული საზოგადოებრივი კონტროლის პირობებში, როგორც დაგეგმვის ასევე რეფორმის განხორციელების ეტაპზე.
ადმინისტრაციული ტერიტორიული მოწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, დეცენტრალიზაციის განხორციელების პროცესში. ტერიტორიული მოწყობის სამუშაო ჯგუფში აზრთა ჭიდილია, იმასთან დაკავშირებით, უპირველესად ადმინისტრაციული ტერიტორიული მოწყობა განისაზღვროს და მასზე მოერგოს კომპეტენციები, თუ კომპეტენციების მიხედვით განისაზღვროს ტერიტორიული მოწყობა.
ორივე მხარისგან წონადი არგუმენტები ისმის, მაგრამ ნათელი ხდება, რომ კომპეტენციებისა და ფინანსების გარეშე, დონეები და ტერიტორიული დაყოფა ჰაერში გამოკიდებულია. ისინი ფიქტიურ მნიშვნელობებს შეიძენენ. როდესაც ცენტრალური დონე გამყოფ ზღვარს გაავლებს მას და ადგილობრივ დონეს შორის კომპეტენციების თვალსაზრისით და განსაზღვრავს მიახლოებით ცენტრალური ბიუჯეტის რა წილის დახარჯვას აპირებს ადგილებზე, მაშინ უკვე ნათელი გახდება ამ კომპეტენციების განხორციელების, კონკრეტულ ფინანსურ მაჩვენებლების მიხედვით რა დონის ტერიტორიული დაყოფა იქნება ოპტიმალური.
ჩვენი მიზანია, გავცდეთ დღევანდელ რეალობას, არაეფექტურ თვითმმართველობებს, რომელთაც ვერ განახორციელეს კომპეტენციები როგორც ფინანსებისა და ქონების არ ქონის გამო, ასევე მათი ტერიტორიული დაყოფის, სამართლებლივი ბუნების, გაუმართავი სისტემის გამო.
საინტერესოა რეგიონული დაყოფის კონსტიტუციურ-სამართლებლივი შეფასება. სტრატეგიაში წარმოდგენილია ასოცირებული საკრებულო, დამოუკიდებელი ბიუჯეტით, მთავრობის დანიშნული უმაღლესი აღმასრულებლითა და საკუთარი კომპეტენციებით. საკამათოა, ამგვარი დაყოფა წარმოადგენს თუ არა ტერიტორიული მოწყობის განსაზღვრას. ამ კითხვაზე პასუხის გაცემას კონსტიტუციურ-სამართლებლივი კამათის ლაბირინთებში შევყავართ. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს რომ ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა, იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ უნდა განისაზღვროს. აღნიშნულ ჩანაწერთან მიმართებით, აზრთა სხვადასხვაობაა როგორც სამუშაო ჯგუფის შიგნით, ასევე ექსპერტულ წრეებში.
ამ ეტაპზე განხილულია ხსენებული ჩიხიდან გამოსავლის ორი ფორმა: კონსტიტუციური ცვლილება და ფინური ტიპის სამხარეო მოწყობა.
მნიშვნელოვანია, რეგიონის დონეზე თვითთმართველობის შექმნის აუცილებლობა და საჭიროების დასაბუთება. რა პოლიტიკური ფუნქცია უნდა შეასრულოს მან?! ხელისუფლება უნდა დააბალანსოს ვერტიკალურად მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში, თუ ორიენტირება რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების სამეურნეო,ინფრასტრუქტურულ და ეკონიმიკურ თანამშრომლობაზეა?! - თუკი მიზანი, ხელისუფლების დაბალანსებაა, მაშინ ის აუცილებლად თვითმმართველობის ყველა ნიშანს უნდა ატარებდეს, ხოლო სამეურნეო-ეკონომიკური მიზნებისთვის მუნიციპალიტეტების ასოცირებული თანამშრომლობა ალბათ უფრო ეფექტური იქნება.
საგულისხმოა, რეფორმის ამ მნიშვნელოვანი კომპონენტის დროში წარმოდგენა; არსებული მუნიციპალიტეტების ოპტიმიზაციის განხორციელება არჩევნებამდე, ეტაპობრივად. თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა განისაზღვროს მუნიციპალიტეტების რაოდენობა და საზღვრები, ხოლო არჩევნებიდან არჩევნებამდე რომელიმე მუნიციპალიტეტის გაუქმება ან გაყოფა, გამოიწვევს ამ მუნიციპალტეტში არსებული ორგანოების გაუქმებას და ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას. აგრეთვე, მუდმივად შექმნის პრობლემას საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელ არჩევნებზე. ამიტომ უმჯობესია, თვითმმართველობის არჩვენებამდე მოესწროს მუნიციპალიტეტების რაოდენობის და საზღვრების განსაზღვრა. თუმცა, აქვე ჩნდება კითხვა, რა პრინციპით უნდა შეიქმნას სტანდარტები? ამ შემთხვევაში, გათვალისწინებულ უნდა იქნას მოსახლეობის რაოდენობა, ეთნიკური და რელიგიური სიჭრელე, ტერიტორიის ფართობი, სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო პირობები, თანაცხოვრების ისტორიული გამოცდილება და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები.
მნიშვნელოვანია, რა შინაარსს ვდებთ ტერმინ "დეცენტრალიზაციაში". დეცენტრალიზაცია წარმოადგენს საჯარო ხელისუფლების გადაცემას ცენტრიდან პერიფერიებზე, სადაც უზრუნველყოფილია ქმედების არჩევის თავისუფლება, გადაწყვეტილებების მიღების ავტონომიურობა. თუმცა, დეცენტრალიზაციის ამ განმარტებას ვერ განვიხილავთ მხოლოდ სამართლებლივ ჭრილში. აუცილებელია კანონით მოწესრიგებულ ცენტრის და ადგილობრივი ხელისუფლების სამართალურთიერთობის გარდა არსებობდეს რეალური გათვლები კომპეტენციების რა ნაწილის განხორციელება იქნებოდა ეფექტური თვითმმართელობის სხვადასხვა დონისათვის. ასევე, რა ეკონომიკური საფუძვლები უნდა იყოს უზრუნველყოფილი აღნიშნული კომპეტენციების განსახორციელებლად რეალური და ეფექტური დეცენტრალიზაციისთვის.
საჭიროა განხილვა თითოეული კომპეტენციის ფარგლებში, თვითმმართველობის რომელ დონეზე შეიძლება აღმოჩნდეს მისი განხორციელება მიზანშეწონილი და ეკონიმიკურად გამართლებული?
დეცენტრალიზაცია უნდა დაეფუძნოს სუბსიდიარობის პრინციპს. სუბსიდიარობა, მოქალაქეებთან თვითმმართველობის სიახლოვეს გულისხმობს, მაგრამ ამ პრინციპის განსახორციელებლად ევროპული ქარტიის მიხედვით, აუცილებელი პირობაა თვითმმართველობის ფუნქციების თანაზომიერება, მის ეკონომიკურ შესაძლებლობებთან. რეალურად დეცენტრალიზაცია თავის თავში სწორედ კომპეტენციების და ფინანსების გადაცემას გულისხმობს.
სამუშაო ჯგუფები თანხმდებიან იმაზე, რომ გადაწყვეტილებების მისაღებად, აუცილებელია წარსული გამოცდილების გათვალისწინება და არსებული მონაცემების საფუძველზე შესაბამისი გათვლების გაკეთება.
ინსტრუქცია