[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

საკონსტიტუციო სასამართლომ დაზარალებულის პროცედურული უფლებების თაობაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

2023 წლის 27 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და არსებითად გაზარდა დაზარალებული პირების საპროცესო უფლებების დაცვის ხარისხი. კერძოდ, სასამართლომ  დააკმაყოფილა მოსარჩელეების - სამსონ თამარიანის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მერაბ მიქელაძის სარჩელები, რომლებიც შეეხებოდა სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის  მიერ საქმის მასალების გაცნობის, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების,  გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებებს და მიიჩნია, რომ ამ საპროცესო უფლებების შეზღუდვა არაკონსტიტუციური იყო და არღვევდა დაზარალებული პირების უფლებას სამართლიან სასამართლოზე (კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი) და თანასწორობის უფლებაზე (კონსტიტუციის მე-11 მუხლი).

აღნიშნული საქმის ფარგლებში, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ორ სარჩელს აერთიანებდა, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მერაბ მიქელაძის ინტერესებსა და უფლებებს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენმა ორგანიზაციამ 2019 წლის 23 იანვარს მიმართა.

გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და საქმის მასალების გაცნობის უფლება

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 57-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაზარალებულს აქვს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების და საქმის მასალების გაცნობის უფლება. თუმცა, პროკურორის გადაწყვეტილებით, ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამოძიების ინტერესების დასაცავად. სადავო ნორმების საფუძველზე, დაზარალებულს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ ერთჯერადად, ზემდგომი პროკურორისთვის მიმართვის გზით შეეძლო. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საკითხის ამგვარი მოწესრიგება ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან ის დაზარალებულს ართმევს ნეიტრალური ორგანოს წინაშე საკითხის სადავოდ გახდის შესაძლებლობა.

საქმის განხილვის პროცესში მოპასუხე მხარე, საქართველოს პარლამენტი ამტკიცებდა, რომ  ამ ვითარებაში სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმის არარსებობის საპირწონედ, არსებობდა წინასასამართლო სხდომის გამართვამდე, ყველანაირი გამონაკლისის გარეშე, დაზარალებულისთვის  საქმის მასალების გაცნობის საპროცესო შესაძლებლობა,  დაზარალებულის უფლებას სამართლიან სასამართლოზე საკმარისად ისედაც იცავდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია. სასამართლოს განმარტებით, „დაზარალებულის შესაძლებლობა ფლობდეს ინფორმაციას და შესაბამისად, აკონტროლებდეს საგამოძიებო პროცესს, დადებით გავლენას ახდენს შესაბამის ორგანოთა პასუხისმგებლობაზე და ზრდის მათ ანგარიშვალდებულებას. ამასთანავე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს საჯარო ორგანოთა მიმართ საზოგადოების ნდობის დეფიციტს, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის დაზარალებულის ნდობას მათ მიმართ.“ [1] საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობით, ამ პროცესში სასამართლო კონტროლის შემოტანა დააბალანსებს, ერთი მხრივ, პროკურორის მხრიდან თვითნებობისა ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს, ხოლო მეორე მხრივ, შეამცირებს პროკურორის მხრიდან შეცდომის დაშვების თუნდაც ნაკლები ალბათობის პირობებში, მცდარი გადაწყვეტილების მიღებისა და დაზარალებულისთვის შესაძლო ზიანის მიყენების რისკებს.

სამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებების გასაჩივრების საკითხი

მოსარჩელეთა მეორე მოთხოვნა შეეხებოდა დაზარალებულის მიერ გამოძიების ან სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესს. კერძოდ, სსსკ-ის 106-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე, დაზარალებულს აქვს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილების ერთჯერადად, ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრების უფლება. სადავო ნორმის თანახმად, ზემდგომი პროკურორის დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება მხოლოდ იმ დაზარალებულებს ჰქონდათ, რომელთა საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მუხლით მიმდინარეობდა,  ან თუ დანაშაული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულთა სიაში ექცეოდა. ხოლო ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ზემდგომი პროკურორის დადგენილება საბოლოო იყო და შემდგომ გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. ანალოგიურ დანაწესს შეიცავდა სსსკ-ის 168-ე მე-2 ნაწილიც, რომელიც დაზარალებულს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას შეეხებოდა.

მოსარჩელეთა მოსაზრებით, საკითხის ამგვარი მოწესრიგება თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას ეწინააღმდეგებოდა და გაუმართლებლად განასხვავებდა ერთი მხრივ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შედეგად დაზარალებულებს და მეორე მხრივ, ნაკლებად მძიმე ან/და მძიმე დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს. მოსარჩელე მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, რომ თითოეული დაზარალებული განსხვავებული სიმძაფრით განიცდიდა დანაშაულის შედეგად მიყენებულ ზიანს და ეს გარემოება დამოკიდებული არ იყო იმაზე, თუ რომელი კატეგორიის დანაშაულის შედეგად დაზარალდა იგი.  გარდა ამისა, მოსარჩელეების პოზიციით გასაჩივრების შესაძლებლობა ასევე შემაკავებელ, პრევენციულ როლს ითამაშებდა საგამოძიებო ორგანოთა მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე.

ამ საქმეზე მოპასუხე პირის, პარლამენტის პოზიციით, დაზარალებისთვის გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლების მინიჭებას შესაძლოა გამოეწვია შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა, ამასთან პროკურორის დადგენილების სასამართლოს გზით გასაჩივრების უფლების მინიჭება ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების სწრაფ და ეფექტიანად განხორციელებას.

სასამართლომ მიუთითა, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირთა შესაძლებლობა სასამართლოში გაასაჩივრონ პროკურორის გადაწყვეტილებები, თანაბრად მნიშვნელოვანია ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირთა კატეგორიისთვისაც. „სადავო ნორმებით, პირთა ერთი კატეგორია სრულად მოკლებულია შესაძლებლობას სასამართლოსთვის მიმართვა გამოიყენოს უფლების დაცვის საშუალებად, მაშინაც კი, თუ პროკურორი წყვეტს გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას ან უარს ამბობს დევნის დაწყებაზე.“[2] საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებულის ინტერესის მნიშვნელობა ჰქონდეს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობაზე და სასამართლო კონტროლის გზით შეამოწმოს პროკურორის მიერ მიღებული ზემოხსენებული გადაწყვეტილებების კანონიერება, გადაწონის სასამართლოს გადატვირთვის შესაძლო რისკს, რის გამოც, სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად მიიჩნია.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე ძალაშია და ის ყველა დაზარალებულს შეეხება, მიუხედავად დანაშაულის კატეგორიისა. პროკურორის გადაწყვეტილებებზე სასამართლო კონტროლის გავრცელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გამოძიების პროცესში თვითნებობისა და შესაძლო შეცდომის დაშვების რისკების პრევენციას, ამასთან დაზარალებულები აქტიურად ჩაერთვებიან საქმის წარმოების პროცესში და კიდევ უფრო ეფექტიანად დაიცავენ საკუთარ უფლებებსა და ინტერესებს.

ამ საქმეს სოციალური სამართლიანობის ცენტრი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იქვე, II-45

[2] იქვე, II-73

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“