საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გიორგი ზვიადაური სოფელ ვეძათხევის მაცხოვრებელია. ის ერთ-ერთია სოფლის იმ მაცხოვრებლებიდან, რომელთაც დღემდე მეწყერსაშიშ ზონაში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ პირობებში უწევთ ცხოვრება. 86 წლის ზვიადაური მარტო ცხოვრობს ქოხში, რომელიც მეწყრისაგან განადგურებული სახლის ნაცვლად, თავად ააშენა. მისი საცხოვრებელი წნელისაგან დაწნული და წებოვანი ტალახით შელესილი ერთი ოთახია, რომელშიც მხოლოდ ორი საწოლი და შეშის ღუმელი ეტევა. სახლს იატაკიც არ აქვს. ზამთარში, დაწნული კედლების გამო, საცხოვრებლის გათბობა ფაქტობრივად შეუძლებელია. საცხოვრებელი სათანადო საცხოვრებლისათვის დადგენილ მინიმალურ კრიტერიუმებსაც კი არ შეესაბამება.ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც თავად ამბობს, მხედველობა ძალიან აქვს დაქვეითებული და ერთ-ერთი თვალით ვეღარ ხედავს. ცოტა ხნის წინ გაკეთებული თვალის ოპერაციის გამო, რეგულარულად სჭირდება წამლები, რომელთა ყიდვის საშუალებაც, მცირე შემოსავლის გამო, არ აქვს.სახელმწიფოსადმი მიმართვამ ჯერჯერობით შედეგი არ გამოიღო - განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, რომელიც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საცხოვრებლებით უზრუნველყოფს, გიორგი ზვიადაურის განცხადება, კომისიის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, არ დააკმაყოფილა. EMC საცხოვრებლის უფლების დაკმაყოფილების მიზნით გიორგი ზვიადაურს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.
ინსტრუქცია