[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

საქართველოს კონსტიტუციის დღე და არსებული საფრთხეები

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის ამ დღეს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის მიღებას და ამით პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც დაცული იქნებოდა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.

სადამფუძნებლო დოკუმენტის მიღებიდან თითქმის 3 ათეული წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად იყო პოლიტიკური, სოციო-ეკონომიკური თუ კულტურული უთანასწორობების და ჩაგვრის სხვადასხვაგვარი გამოწვევების წინაშე. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული, სამწუხაროდ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქართული კონსტიტუციით დადგენილი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულად გატარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა, ამ გამოცდილების პირობებშიც კი, ქვეყნის რეალური ეროვნული ინტერესები, ხალხის სუვერენიტეტი და კონსტიტუციის ბაზისური პრინციპები არასდროს დამდგარა იმ ხარისხის საფრთხის წინაშე, როგორც ახლა.

თუ წინა ხელისუფლებები ავტორიტარული მართვის პრაქტიკებს იყენებდნენ, მოქმედი ხელისუფლება ცვლის ჩვენი თანაცხოვრების ნორმატიულ საფუძვლებს და მთავარ კონსტიტუციურ შეთანხმებებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღეს სწორედ ხალხის სუვერენული ნების საწინააღმდეგოდ ცვლის საგარეო პოლიტიკის კურსს, ქვეყნის განვითარების დემოკრატიულ ტრაექტორიას და ჩვენს მთავარ უფლებას, ძალაუფლება გვეკუთვნოდეს ხალხს და არა ოლიგარქიას. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიცირება და მასობრივი პროტესტის მიუხედავად, მისი მიღება, მკვეთრად ავტორიტარული ინიციატივები, რომლებიც დემოკრატიის მთავარი აქტორების განადგურებას ისახავს მიზნად, შიშის და ტყუილის წარმოებაზე დაფუძნებული აგრესიული პოლიტიკა, რუსეთის იმპერიული საფრთხეების წინაშე ქვეყნის მარტო დატოვება - სწორედ კონსტიტუციის იმ მთავარ პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში, რომელიც ადგენს, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია და ის მხოლოდ დემოკრატიული ლოგიკით უნდა იმართოს.

ძალადობაზე, სიძულვილზე და იზოლაციონიზმზე დაფუძნებული აგრესიული პოლიტიკა, რომელიც ავლენს ტოტალიტარულ მიდრეკილებებს არ ასახავს ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას. მოქმედი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული უსამართლო, ავტოკრატიული მომავლისთვის დამოუკიდებლობა მძიმე მსხვერპლის ფასად არ მოგვიპოვებია.

ჩვენ გვჯერა, რომ პირველ რიგში, სწორედ ქართველი ხალხის სუვერენული ნებაა, ავაშენოთ დემოკრატიული, თანასწორობასა და სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული სახელმწიფო. ჩვენი რწმენით, უკეთესი სახელმწიფო გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენებისგან, მოქალაქეების ნამდვილ და პირდაპირ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ეკონომიკური და სხვა რესურსების თანაბარ გადანაწილებას და ბაზრის ძალების უკონტროლო გავლენისგან ჩვენი ცხოვრებისა და პოლიტიკური სივრცის დაცვას, ნამდვილ თანასწორობას, რომელიც თავისუფალია ჩაგვრისგან, იერარქიებისგან და სიძულვილისგან. საქართველოს კონსტიტუცია სწორედ ამგვარ პოლიტიკურ პროექტს განამტკიცებს და არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ აქვს უფლება ის გადაწეროს, შეცვალოს და მოსპოს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“