1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის მიღებას.
ახალი კონსტიტუცია, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ გზაზე, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ამ იდეების რეალურ ცხოვრებაში გატარება დღემდე ვერ ხერხდება.
კონსტიტუციის არსებობის საფუძველი ხალხი, მისი უმთავრესი მიზანი კი - დემოკრატიული წესრიგის შექმნაა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საქართველოს მოსახლეობის წუხილები და საჭიროებები პოლიტიკური დღის წესრიგიდან განდევნილია. კონსტიტუციის და მისი მრავალმხრივი ცვლილებების ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ვიწრო პარტიული და ელიტური ინტერესების კარნახით შექმნილი პროცესები. საქართველოს მოსახლეობა მუდმივად ხმაწართმეული იყო როგორც კონსტიტუციური იდეებისა და პროცესების შექმნის, ასევე მასში მონაწილეობის კუთხით. კონსტიტუციური მმართველობის იდეა დღემდე ეფექტური მმართველობის პერსპექტივიდან უფრო განიხილება, ვიდრე ინკლუზიური, დელიბერაციული დემოკრატიის პერსპექტივიდან, სადაც საზოგადოებრივი ჯგუფების ფართე მონაწილეობა და დემოკრატიული პროცესების შექმნა თავისთავად მნიშვნელოვან ღირებულებად არის დანახული.
დემოკრატიული მართვისთვის მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც ხელისუფლების ბოჭვასა და კონტროლს გულისხმობს, ასევე ხშირად ირღვევა და ეს ხელისუფლების რომელიმე შტოსთვის ჭარბი ფორმალური ძალაუფლების მინიჭების პრაქტიკაში, თუ არაფორმალური ძალაუფლების ღერძებში ვლინდება.
კონსტიტუციის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა კანონის უზენაესობაა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული მმართველობის იდეა განუხორციელებელია ხელისუფლების ყველა შტოსთან მიმართებით. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია ინახავს ერთპიროვნული ძალაუფლების, დემოკრატიული ინსტიტუტების სრული კოლაფსის, არაწარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანოს, კლანური მმართველობის ქვეშ მყოფი სასამართლო ხელისუფლებისა და სხვა მძიმე მაგალითებს.
როგორც კონსტიტუციის პრეამბულაშია აღნიშნული, ის ეყრდნობა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა და, საბოლოოდ, სოციალური სამართლიანობის იდეების პრაქტიკაში რეალიზებისკენ სწრაფვაა. კონსტიტუცია მიუთითებს, რომ ის „ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.“ მიუხედავად იმისა, რომ სოციალური უფლებებისა და სამართლიანობის კუთხით საქართველოს კონსტიტუცია დღემდე საკმაოდ ღარიბია, აღსანიშნავია, რომ საქართველოში არ განხორციელებულა კონსტიტუციის მინიმალური მოთხოვნებიც კი, რაც ღირსეულ შრომას, სათანადო საცხოვრისს, ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანდაცვასა და განათლებას, სიღარიბისგან დაცვას, ჯანსაღ გარემოს და სხვა ასპექტებს გულისხმობს. სოციალური სამართლიანობა დღემდე კონსტიტუციის მარტოოდენ დეკლარირებული მიზანია.
კონსტიტუცია უნდა იყოს მშვიდობის და ინკლუზიურობის გარანტი, სახელმწიფო ინსტიტუტები კი ამ ერთობის და მშვიდობის შექმნის განუხრელი დაცვისკენ უნდა იყვნენ მოწოდებულნი. სამწუხაროდ, კონსტიტუციის შექმნის პროცესში ყველა სოციალური, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი არ იყო ჩართული და განცდა, რომ საერთო სახელმწიფოს და პოლიტიკურ სისტემას ვაშენებთ, სადაც ყველა ჯგუფის საჭიროება, უფლებები და ინტერესები დანახულია და ძალაუფლება გაზიარებულია სუსტი იყო. კონფლიქტების მძიმე გამოცდილების მიუხედავად, კონსტიტუცია ფორმალური თანასწორობის მიღმა, საერთოობის უფრო კონსოლიდირებულ და ინკლუზიურ იდეას და მექანიზმებს არ ითვალისწინებს.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება, მიუხედავად მისი მრავალი ნაკლისა, ეფუძნება უკეთესი სახელმწიფოს შექმნის იდეას. ამას ითხოვს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებიც. ჩვენი რწმენით, უკეთესი სახელმწიფო გულისხმობს რეალური დემოკრატიული მართვისა და მონაწილეობის პრაქტიკის შექმნას, სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიულ ფუნქციონირებას და მასში ყველა სოციალური ჯგუფის რეალური ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ინტერესების წარმოდგენას.