[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

საინიციატივო ჯგუფის განცხადება ქართული ოცნების 2019 წლის 5 თებერვლის რეზოლუციის საპასუხოდ

დამოუკიდებელი, თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების, სამართლიანობისა და მშვიდობის დამკვიდრების აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა დღემდე ვერ მოხერხდა.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“ ალიანსში შევიდა სასამართლოში არსებულ კლანთან მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის მეთაურობით. ეს ჯგუფი წინა ხელისუფლების პირობებში მართავდა და ტოტალურ მორჩილებში ამყოფებდა სასამართლო სისტემას, იღებდა და ასრულებდა პოლიტიკურ შეკვეთებს. საზოგადოებისთვის ცხადი გახდა, რომ მათი მმართველობის პირობებში შეუძლებელია სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საკანონმდებლო ცვლილებებით.

სწორედ ამიტომ, 2019 წლის იანვარში საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობით შემუშავდა მანიფესტი, რომელიც ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას, რომელმაც მხარი დაუჭირა პარლამენტში წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10 კაციან სიას, ასევე კლანის ლიდერების, მიხეილ ჩინჩალაძის და ლევან მურუსიძის გადადგომას.

მმართველი პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ, ნაცვლად იმისა, რომ გაეაზრებინა საზოგადოების პროტესტი და გადაედგა ქმედითი ნაბიჯები სასამართლოში არსებული მძიმე ვითარების გამოსასწორებლად, 2019 წლის 5 თებერვალს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც თავს ესხმის სისტემის გაჯანსაღების მსურველთ, ბრალს სდებს მათ კავშირში ნაციონალურ მოძრაობასთან, მაშინ, როცა თავად მხარდაჭერას და ნდობას უცხადებს სწორედ ნაციონალური მოძრაობის დროს სასამართლოში შექმნილ და გაბატონებულ კლანს.

საპასუხოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საზოგადოება გააგრძელებს მობილიზაციას სასამართლო სისტემის გათავისუფლების, გაჯანსაღებისა და რეალური დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ არ დავუშვებთ სასამართლოს იდეის დასამარებას და გავაერთიანებთ ძალისხმევას, რომ მართლმსაჯულება კეთილსინდისიერი მოსამართლეების ხელში აღმოჩნდეს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“