საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილების არჩევნებში მონაწილეობის უფლების საკითხს ეხმიანება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდებს დაუყოვნებლივ მიიღონ სპეციალური ზომები საქართველოს მოქალაქეების ამ ჯგუფის არჩევნებში მონაწილეობის უფლების უზრუნველსაყოფად.
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელსა და მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია დევნილების არჩევნებში მონაწილეობის უფლების განხროციელებასთან დაკავშირებით. როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, დევნილები, რომლებსაც არ აქვთ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამავდროულად ფაქტობრივად იმყოფებიან საზღვარგარეთ, ვერ მოხვდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში და არ შეუძლიათ 2024 წლის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. დევნილები აცხადებენ, რომ მათ ოფიციალური იურიდიული მისამართი აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დევნილების იმ ნაწილს, ვისაც არ აქვს მიღებული დევნილის სტატუსი, ან ჩამორთმეული/შეჩერებული აქვს, მათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავტომატურად უუქმებს კონტროლირებად ტერიტორიაზე დროებითი რეგისტრაციის ადგილსაც. შესაბამისად ეს ადამიანები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფაქტობრივი მისამართის გარეშე რჩებიან, რის გამოც ისინი ვერ ხვდებიან ერთიან საარჩევნო სიაში.
საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მიხედვით ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხვდებიან კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირები. აღნიშნულ სიაში სხვა მონაცემების გარდა უნდა იყოს მითითებული ამომრჩევლის იურიდიული მისამართი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების შემთხვევაში - თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამომრჩეველთა ერთიანი სიის შედგენაზე პასუხისმგებელია ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც დევნილთა შემთხვევაში ეფუძნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გადაცემულ მონაცემებს, ასევე საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას იღებს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან.
თავის მხრივ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აწვდის დევნილის სტატუსის მქონე პირების მონაცემებს, და სამინისტროს განცხადებით მათი მანდატის ქვეშ არ შედიან ის დევნილები, ვისაც არ აქვს რეგისტრაცია გავლილი. დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია ბოლოს 2013 წელს განხორციელდა და მათ ვინც არ გაიარა სავალდებულო რეგისტრაცია და არც შემდგომში მიმართეს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, შეუჩერდათ დევნილის სტატუსი.
ნიშანდობლივია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დევნილების გარკვეულ ნაწილს არ აქვს ან შეჩერებული აქვს დევნილის სტატუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად. სტატუსის შეჩერება ან არქონა ავტომატურად გულისხმობს იმას რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აუქმებს მათი ფაქტობრივი საცხოვრებელ ადგილის მისამართს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს რომ მათ არ შეუძლიათ შევიდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ამასთანავე, კანონში არ არსებობს ჩანაწერი რომლის მიხედვით დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უნდა გააუქმოს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი იმ დევნილისთვის, ვისაც სტატუსი უჩერდება ან უუქმდება, თუმცა პრაქტიკაში ის დევნილები ვისაც სტატუსი არ აქვს ავტომატურად არიან გამორიცხული ამომრჩეველთა სიიდან.
ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ დევნილების იმ კატეგორიას, რომელსაც შენარჩუნებული აქვს დევნილის სტატუსი (შესაბამისად, ფაქტობრივი მისამართი კონტროლირებად ტერიტორიაზე) მაგრამ ფაქტობრივად ცხოვრობს საზღვარგარეთ, მათ შეუძლიათ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. აღნიშნული ბარიერი არსებული რეგულაციიდან გამომდინარე ექმნებათ არა მხოლოდ საზღვარგარეთ მცხოვრებ დევნილებს, არამედ საქართველოში მცხოვრებ დევნილებსაც, რომლებსაც შეწყვეტილი ან ჩამორთმეული აქვთ დევნილის სტატუსი. შესაბამისად, მათი იურიდიული მისამართი ფიქსირდება მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. კონტროლირებად ტერიტორიაზე მისამართის გარეშე კი მათ არ შეუძლიათ ხმის მიცემა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილებს სთავაზობს ერთ გამოსავალს, მათ შეუძლიათ უარი თქვან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათ იურიდიულ მისამართზე და დარეგისტრირდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. დევნილები თვლიან, რომ ეს არ არის მათთვის გამოსავალი, რადგან იურიდიული მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის მათი ამ ტერიტორიასთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი და მასზე უარის თქმის შემთხვევაში ისინი საბოლოოდ უარს აცხადებენ დაბრუნებაზე, დაბრუნების შესაძლებლობაზე.
აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება დევნილთა უფლებების და საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზანს, რიყავს მათ საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესებისგან და ისედაც მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, კიდევ უფრო აშორებს საქართველოს სახელმწიფოსგან. კრიტიკულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დევნილი მოსახლეობა არ უნდა დააყენოს დაბრუნების უფლების ან ხმის მიცემის უფლების არჩევანის წინაშე.
სწორედ ამიტომ, სოციალური სამართლიანობს ცენტრი საჭიროდ თვლის რომ:
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად დაუყოვნებლივ უზრუნველყოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის, იმ დევნილების ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანა, რომლებსაც არ აქვთ ფაქტობრივი მისამართი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ხელისუფლებამ შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები, რაც არ გამოიწვევს დევნილების სტატუსის დაკარგვის შემთხვევაში მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის გაუქმებას და ისინი შენარჩუნებული იქნებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
ინსტრუქცია