საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი უკიდურესად კრიტიკულად აფასებს ხელისუფლების მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან დემონსტრაციულ თავის არიდებას და მიიჩნევს, რომ ეს გადაწვეტილებები არსებითად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ბოლო კვირებში ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მოდერაციით და მხარდაჭერით მიღწეული 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაში, სასამართლო სისტემის რეფორმის ჩავარდნასა და ევროკავშირის შეღავათიანი მაკროფინანსური დახმარებაზე პოლიტიკურად მოტივირებულ უარში გამოიხატა, ქვეყნის გეოპოლიტიკური იზოლაციისა და არადემოკრატიული მმართველობის გაფორმების უკიდურესად შემაშფოთებელ ნიშნებს შეიცავს.
მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება აპირებს, თავი შეიკავოს ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე, რომლის ოდენობაც 75 მილიონ ევროს შეადგენს და მისი მიზანია მოსახლეობის დახმარება კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. ირაკლი ღარიბაშვილი გადაწყვეტილებას ასაბუთებს, ბოლო თვეებში ეკონომიკური ზრდის დაგეგმილზე მაღალი მაჩვენებლით, და აგრეთვე ხელისუფლების გეგმით, შეამციროს ქვეყნის საგარეო ვალის მოცულობა.
თუმცა, არც პრემიერ-მინისტრმა და არც მმართველი პოლიტიკური გუნდის სხვა ლიდერებმა საკუთარ განცხადებებში განზრახ არ შეაფასეს საკითხის პოლიტიკური განზომილება, რომელიც ეკონომიკური განზომილებაზე მეტად დომინირებს ამ გადაწყვეტილებაში. ევროკავშირის შეღავათიანი სესხის მიღება პირობადადებული ფინანსური მხარდაჭერაა, რომელიც სასამართლო სისტემის არსებით და ამბიციურ რეფორმას უკავშირდებოდა და მისი მეორე ტრანშის მიღება სწორედ ამ კუთხით ვალდებულების შესრულებასთან იყო მიბმული. ევროკავშირის მიერ 2021 წლის 31 აგვისტოს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი, რის გამოც მან ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა. როგორც ჩანს, ქართული ოცნების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის არ მიღების შესახებ განცხადება განზრახ გაკეთდა რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ევროკავშირი ამის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას თავად გააკეთებდა.
ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამ მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილება პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტორებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, მოულოდნელად მიიღო.
აღსანიშნავია, 31 აგვისტოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ ხედვებზე და ინტერესებზე მკვეთრად კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. სატელევიზო ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ "დღევანდელი გადაწყვეტილებით მთავრობამ განაცხადა, რომ სრულიად სულერთია მისთვის, შეუერთდება თუ არა ევროკავშირს. ის, რომ აპრილში ხელი მოაწერეს მიშელის დოკუმენტს ორჯერ და ორჯერვე გადააგდეს ეს დოკუმენტი, ვერ ვხედავ ვერანაირ ინტერესს საქართველოს მთავრობისგან, გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვერ ვხედავ ინტერესს, შეიტანონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე." მძიმე იყო კიდევ ერთი ევროპარლამენტარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაც: "მმართველი პარტია კარგავს ევროკავშირის სახელმწიფოების, პარტნიორების ნდობას იმიტომ, რომ რეფორმების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ ხდება იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატია საქართველოში მომწიფებულია და ევროკავშირის შიგნით ჩვენ ძალზედ შეშფოთებული ვართ, მაგრამ მე ვენდობი ქართველ ხალხს, რომელიც ძალზედ პროევროპულია. მთავრობა ვერ მისდევს თავისი ერის მიმართულებას, რომელიც მიიღწვის ევროკავშირისკენ."
ევროკავშირთან ფინანსურ თანამშრომლობას, ეკონომიკურ განზომილებასთან ერთად, აქვს არსებითად პოლიტიკური განზომილება და შინაარსი და ევროკავშირთან დადებული შეთანხმებებისა და პირობების ღია და დემონსტრაციული დარღვევა ქართული ოცნების მხრიდან, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს, პოლიტიკურ სტაბილურობას და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას.
სასამართლო სისტემაში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები უშედეგო აღმოჩნდა კლანური, პოლიტიკურ კონიუნქტურას დაქვემდებარებული მართლმსაჯულების პრობლემების აღმოფხვრის თვალსაზრისით. სასამართლო რეფორმა, ხელისუფლების შტოებს შორის დემოკრატიული კონტროლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პირდაპირი გზაა და ქართული ოცნების მხრიდან ძალაუფლების მკვეთრი კონსოლიდაციის პირობებში, ამ რეფორმაზე უარის თქმა, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის უხეშ ინტერესს აჩვენებს. ხელისუფლების მხრიდან გადადგმული მოჩვენებითი რეფორმის ნაბიჯები, ყველა დამოუკიდებელმა აქტორმა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, უარყოფითად შეაფასა. დღეს სასამართლოში არსებულ პრობლემებს ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები ერთხმად აღიარებენ როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ ძირითად ბარიერს. ამას ადასტურებს ისიც, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმის აუცილებლობაზე ხაზგასმით იყო აღნიშნული.
ცხადია, საგარეო ვალის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები ღირებული პროცესია და ჩვენ ზოგადად მივესალმებით ამგვარ ინტერესს. თუმცა განსახილველ შემთხვევაში ამ ეკონომიკური ინტერესის საფუძველზე ხელისუფლების მოქმედება საეჭვო, უსაფუძვლო და არასანდო ჩანს. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში საგარეო ვალის ოდენობა რადიკალურად არის გაზრდილი. 2014 წელს ქვეყნის საგარეო ვალის შეფარდება მშპ-თან დაახლოებით 24,6% იყო, 2018 წელს – 34.2%, 2019 წელს – 42,6 %, ხოლო 2020 წელს 58%-ს მიუახლოვდა. თუ საგარეო ვალის ოდენობას საშუალოდ ერთ მოქალაქეზე საგარეო ვალის ოდენობის პერსპექტივით გავზომავთ, ის ასევე მკვეთრად გაზრდილია. 2014 წელს საშუალოდ ერთ მოქალაქეზე საგარეო ვალის წილი 2800 ლარი იყო. 2019 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და დაახლოებით 5600 ლარი გახდა. 2020 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი 7400 ლარამდე გაიზარდა. საგარეო ვალის შემცირებისკენ მიმართულ ნაბიჯებს მთავრობის მხრიდან ფუნდამენტური ეკონომიკური და ფინანსური რეფორმები სჭირდება, თუმცა მიმდინარე დღეებში ხელისუფლებას მტკიცებულებებზე, მონაცემებზე და ფინანსურ პროგნოზებზე დაფუძნებული ხედვა და ახსნა არ წარმოუდგენია, თუ რა ტიპის ეკონომიკური გამართლება აქვს ევროკავშირის მიკროფინანსურ მხარდაჭერაზე უარს დღეს და მათ შორის, ამ უარს რა ეკონომიკური და ფინანსური შედეგები შეიძლება მოყვეს მომავლისთვის. პანდემიის კრიზისის მასშტაბებისა და კატასტროფის ფონზე, როცა აშკარაა, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ ახერხებს მძიმე პაციენტების მართვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და რესურსების შექმნას, ამ კუთხით მიმართულ პირდაპირ მხარდაჭერაზე უარის თქმა კიდევ უფრო ბუნდოვანი ჩანს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები მკვეთრად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ევროპული ინტეგრაციის და პოლიტიკური სტაბილურობის პროცესს და ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები არსებით დარტყმას აყენებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და კეთილდღეობას.
ინსტრუქცია