[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

რუსეთში ექსტრადიციის წინაშე მდგარი ალექსანდრ ბანდიუკოვის საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი ისევ სასამართლოს მიმართავს

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ალექსანდრ ბანდიუკოვის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შსს მიგრაციის დეპარტამენტის წინააღმდეგ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი მიგრაციის დეპარტამენტის ალექსანდრ ბანდიუკოვისთვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და მისი ჯანმრთელობის კიდევ უფრო გაურესებული მდგომარეობის გათვალისწინებით გაუგრძელდეს საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი.

ალექსანდრ ბანდიუკოვი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომლიც მისი განმარტებით რუსეთის ფედერაციაში უკანონო და თვითნებური სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ იმყოფება. მას, 2020 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო შსს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭა. ერთი წლის გასვლის შემდგომ 2021 წელს, მიგრაციის დეპარტამენტმა ა. ბანდიუკოვს ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე დაუსაბუთებელი უარი უთხრა, თუმცა მას შემდეგ რაც ბანდიუკოვმა მიგრაციის დეპარტამენტს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა, დეპარტამენტმა სტატუსის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ წინა წელსაც ალექსანდრ ბანდიუკოვის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.

 მიმდინარე წელს, ა. ბანდიუკოვმა კვლავ მიმართა შსს მიგრაციის დეპარტამენტს და წარუდგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის დეპარტამენტისთვის წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და სხვა სამედიცინო დოკუმენტები აშკარად მიუთითებს, რომ 2021 წლის შემდგომ ა. ბანდიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და ცალკეულ ნაწილში გაუარესებულიცაა, მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და ა. ბანდიუკოვს უარი უთხრა საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე. თავდაპირველად, მიგრაციის დეპარტამენტმა ა. ბანდიუკოვის წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად მოსთხოვა ახალი, განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, თუმცა დეპარტამენტმა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროების მიზეზი, ხოლო მას შემდეგ რაც ა. ბანდიუკოვმა მიგრაციის დეპარტამენტს განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროების დასაბუთება მოსთხოვა, დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ მიიღო აალექსანდრ ბანდიუკოვისთვის ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება.

შსს მიგრაციის დეპარტამენტის უარის საფუძვლად მითითებულია რამდენიმე გარემოება.კერძოდ, დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ალექსანდრ  ბანდიუკოვის მიერ წარდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არარელევანტურია და იგი ვერ ასახვს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამასთან ერთად, დეპარტამენტის შეფასებით, რუსეთის ფედერაციის საპატიმრო დაწესებულებებში არსებული ვითარება გაუმჯობესებულია და . ბანდიუკოვისთვის ზიანის მიყენების საფუძველი არ არსებობს. ამ შემთხვევაშიც, დეპარტამენტმა კვლავ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციიდან წარმოდგენილია დიპლომატიური გარანტიები, რომლითაც დასტურდება, რომ . ბანდიუკივის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ მიგრაციის დეპარტამენტის აღნიშნული შეფასება სრულიად დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა იმპერატიულ მოთხოვნებთან და პრინციპებთან. კერძოდ, გაუგებარია რატომ მიიჩნია მიგრაციის დეპარტამენტმა ალექსანდრ  ბანდიუკოვის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არარელევანტურად იმ პირობებში, როდესაც 2020 და 2021 წელს სწორედ ამავე ექსპერტიზის ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნის საფუძველზე მიიღო ჰუმანიტარული სტატუსი ბანდიუკოვმა და არცერთ შემთხვევაში არცერთ უწყებას ექსპერტიზის დასკვნის სანდოობაში ეჭვი არ შეუტანია. გარდა ამისა, მიგრაციის დეპარტამენტის წინაშე წარდგენილი არაერთი სამედიცინო დოკუმენტით დასტურდება ალექსანდრ ბანდიუკოვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. მას აღენიშნება არაერთი კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, ენდოკრინული დაავადებები, რომლებიც კომბინაციაში ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის რისკზე და ლეტალურ შედეგზეც კი მიუთითებენ.

ამასთან ერთად, კიდევ უფრო გაუგებარია რაზე დაყრდნობით მიიჩნევს შსს მიგრაციის დეპარტამენტი, რომ რუსეთის ფედერაციის საპატიმრო დაწესებულებეში პატიმრების მოპყრობის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მაშინ როდესაც არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია უთითებს რუსეთის ფედერაციაში პატიმართა წამებისა და ჯანმრთელობის უფლების დარღვევის არაერთი ფაქტის შესახებ, მათ შორის, უახლოეს პერიოდში.[1]  ცხადია, მხედველობაშია მისაღები საერთო პოლიტიკური კონტექსტიც. რუსეთში უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის გამო პოლიტიკური და უფლებრივი კლიმატი კიდევ უფრო გაურესებულია და ის კიდევ უფრო რეპრესიული და ავტორიტარული გახდა და მისთვის დაწესებული არა ერთი საერთაშორისო სანქციისა და შეზღუდვის გამო, ქვეყანა გამოთიშულია არა ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველ კონვენციასა და ინსტრუმენტს.  

უფლებრივი პრინციპების მიღმა, ჩვენთვის მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისითაც სრულად გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოს სახელმწიფომ დაუშვას რუსეთის ფედერაციასთან,  რომელიც უკვე წლებია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ საერთაშორისო დანაშაულებს ჩადის, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობა და რეპრესიული, კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმის წინაშე ადამიანების ექსტრადირება. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ეს მანკიერი პრაქტიკა ნორმალიზდა. შეგახსნებთ, რომ 2013-2019 წლებში რუსეთის ფედერაციის მიერ მთლიანობაში 23 ადამიანის ექსტრადიციის მოთხოვნა იყო წარდგენილი და მათგან 14 შემთხვევაში ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ანუ რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობების ნახევარზე მეტი საქართველოს ხელისუფლებამ დააკმაყოფილა, რაც ძალიან მაღალი მონაცემია. სამწუხაროდ, განახლებულ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჩვენი არა ერთი მიმართვის მიუხედავად აღარ გასცემს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიჩნევს, რომ შსს მიგრაციის დეპარტამენტის უარი ალექსანდრ ბანდიუკოვისთვის ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარი თქმის შესახებ დაუსაბუთებელი და თვითნებურია და

  • იმედს გამოთქვამს, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის აკრძალვის უფლების იმპერატიული შინაარსის და განსაკუთრებული სტატუსის (jus cogens) გათვალისწინებით, სასამართლო სწორად შეაფასებს არსებულ გარემოებებს და უზრუნველყოფს ალექსანდრ ბანდიუკოვის დარღვეული უფლებების აღდგენას.
  • მოუწოდებს შსს მიგრაციის დეპარტამენტს, გამოიყენენონ კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლება, უზრუნველყონ . ბანდიუკოვის მიმართ ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელების საკითხის ხელახალი განხილვა და მიიღონ ადამიანის უფლებებთან შესაბამისი გდაწყვეტილება.
  • მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, როგორც ადამიანის უფლებების პოლიტიკაზე ზედამხედველ კონსტიტუციურ ორგანოს, რადიკალურად გადახედოს რუსეთის ფედერაციასთან სისხლის სამართლის სფეროშო თანამშრომლობის პოლიტიკას და სრულად შეაჩეროს ექსტრადიციის პრაქტიკა ამ ქვეყანაში.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მაგალითისთვის, 2021 წლის ოქტომბერში გავრცელებული ცნობების (კადრების) მიხედვით, ნათელი გახდა, რომ პატიმრებს სასტიკად ეპყრობოდნენ სხვადასხვა დაწესებულებებში. შედეგად, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის უფროსი, ისევე როგორც ადმინისტრაციული რეგიონებში ციხის ოფიცრები თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ბრალი წაუყენეს, თუმცა ძირითად ნაწილში - არსებული პრობლემა ყურადღების მიღმა დატოვეს.  რუსეთის ციხეებში პატიმრების განცხადებით ისინი მუდმივი ძალადობისა და წამების მსხვერპლები იყვნენ. ფიზიკურად უსწორდებოდნენ ასევე ციხის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პატიმრები. ასევე მათივე განმარტებით, პატიმრებს არ ჰქონდათ ფეხზე წამოდგომის უფლება, ზოგჯერ შუაღამიდან გამთენიამდე ბეტონზე წოლა უწევდათ თავქვეშ ხლებით. ციხეში სცემდნენ და ამცირებდნენ, აყენებდნენ როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ტრამვას[1]. აღნიშნული გარემოებები კი მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაციის საპატიმროებში მდგომარეობა კვლავ მძიმეა, კვლავ გამოწვევად რჩება პატიმართა წამება, ჯანმრთელობის უფლების ადეკვატური დაცვა, რაც მიუთითებს, რომ ა. ბანდიუკოვის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა შეუთავსებელია რუსეთის ფედერაციის საპატიმროებში არსებულ ვითარებასთან და კვლავ არსებობს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების სერიოზული რისკი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“