[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

ბანდიუკოვის საქმე - რუსეთში ექსტრადიციის მანკიერი და არაადამიანური პრაქტიკა გრძელდება

ფოტო: რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შეშფოთებას გამოხატავს საქართველოდან რუსეთში ადამიანების ექსტრადიციის მანკიერი და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკის გამო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ექსტრადიციისა და ამდენად, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის კიდევ ერთი მოსალოდნელი მსხვერპლის, ალექსანდრ ბანდიუკოვის საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისკენ.

ალექსანდრ ბანდიუკოვი რუსეთის მოქალაქეა. ის გამოირჩეოდა ადგილობრივი მთავრობის მიმართ კრიტიკული პოზიციებით. 2018 წელს მის მიმართ რუსეთის ფედერაციაში საქმე აღიძრა. უსამართლო დევნის გამო ბანდუკოვმა ქვეყანა დატოვა, ჩამოვიდა საქართველოში და საერთაშორისო დაცვის სტატუსი ითხოვა. არაერთი გასაჩივრების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს დავალებით მას 1 წლით ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭეს, თუმცა, 2021 წლის 27 იანვარს შსს მიგრაციის დეპარტამენტმა მას სტატუსის გაგრძელებაზე უარი უთხრა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თავის დროზე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა, არ შეცვლილა და პირიქით გაუარესდა, შსს მიგრაციის დეპარტამენტმა მისი ინტერესი არ გაითვალისწინა და ალექსანდრ ბანდიუკოვი ექსტრადიციის რისკის წინაშე დააყენა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესადაა დამძიმებული. საქართველოში არა ერთი უკანონო გადაწყვეტილებისა და სტრესის გამო მან სამი უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა. ის ამჟამადაც საავადმყოფოშია.

ბანდიუკოვი 62 წლისაა და მის მეუღლესთან ერთად უკვე 2 წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს. 2018 წლამდე ბანდუკოვი იუჟნო-სახალინსკის მერიაში მუშაობდა და კრიტიკული და შეუვალი პოზიციები ჰქონდა რეგიონში გაბატონებული კორუფციული პრაქტიკის მიმართ, რის გამოც მისი პიროვნება მიუღებელი აღმოჩნდა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის და პოლიციისთვის. სწორედ ამ ნიადაგზე 2018 წელს ალექსანდრ ბანდიუკოვი თითქოსდა თაღლითობისა და ქრთამის აღების გამო თვითნებური სისხლის სამართლებრივი დევნის მსხვერპლი გახდა. გამოძიების პროცესში ის და მისი მეუღლე პოლიციის მხრიდან ცემისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლებიც კი გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრ ბანდიუკოვი რუსეთში აქტიურად იბრძოდა სიმართლის დასადგენად და გამოძიების არაერთი საკვანძო მტკიცებულების ფაბრიკაციულობა დაადასტურა, მალე მისთვის ნათელი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის მართლმსაჯულების სისტემაში ის საკუთარი უფლებების დაცვას ვერ მოახერხებდა და 2018 წლის სექტემბერში საქართველოში ჩამოვიდა. მისთვის საქართველო უსაფრთხო და დემოკრატიულ სახელმწიფოდ განიხილებოდა და ფიქრობდა, რომ აქ თავშესაფრის მიღებას და მისი სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვას მოახერხებდა.

ალექსანდრ ბანდიუკოვს პუტინის მმართველობის მიმართ კრიტიკული პოზიციები აქვს და ის 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც, მოსკოვში საქართველოს მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდა.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე ალექსანდრ ბანდიუკოვმა შსს მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭება ითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ შსს მიგრაციის დეპარტამენტსა და გენერალურ პროკურატურას მან წარუდგინა არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და მის აშკარა შეუთავსებლობას რუსეთის ფედერაციის საპატიმროებში არსებულ პირობებთან, მიგრაციის დეპარტამენტმა მას სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. მალევე კი საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის მოთხოვნის საფუძველზე მისი ექსტრადიციის პროცედურები დაიწყო.

2019 წლის 15 მაისის შემდეგ თითქმის 9 თვის განმავლობაში ალექსანდრე ბანდიუკოვი საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა. რუსეთის ფედერაციაში დევნისა და საქართველოში მისი უფლებებისა და ინტერესების სრული უგულებელყოფის გამო ალექსანდრ ბანდიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა  მკვეთრად გაუარესდა და მას სამი მძიმე ოპერაციის გადატანა მოუწია. [1]

არაერთი სასამართლო დავის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე შსს მიგრაციის დეპარტამენტს ალექსანდრ ბანდიუკოვისთვის 1 წლით ჰუმანიტარული სტატუსი მინიჭება დაევალა. სასამართლოს შეფასებით, "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, პირს შესაძლოა მიენიჭოს ჰუმანიტარული სტატუსი თუ დასტურდება, რომ იგი წარმოშობის ქვეყანაში სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგება. ამ მიმართებით სასამართლომ განიხილა ბანდიუკოვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რისკი რომ მას შესაძლოა არასათანადო მკურნალობისა და კვების პირობებში განუვითარდეს კორონალური პათოლოგიის რეციდივი და მიიჩნია, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაციის საპატიმროებში შეზღუდულია წვდომა ჯანმრთელობის სერვისებზე და საკვებზე. სასამართლოს შეფასებით, ჰუმანიტარული სტატუსი 1 წლის შემდეგ შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს თუ კვლავ არსებობის ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც პირს ეს სტატუსი მიენიჭა.

ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს უზენაესმა სასამართლო ალექსანდრ ბანდიუკოვის რუსეთში ექსტრადიციის პროცესი დაუშვებლად სცნო, ამგვარი სტატუსის არსებობის პერიოდში. თუმცა, 2021 წლის 27 იანვარს, მაშინ როდესაც ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების წინაპირობები არ იყო შეცლილი და უფრო მეტიც, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ალექსანდრ ბანდიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, შსს მიგრაციის დეპარტამენტმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ალექსანდრ ბანდიუკოვს ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარი უთხრა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დროს უწყებამ არა მხოლოდ არ იმსჯელა ალექსანდრ ბანდიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არამედ მხედველობაში არ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ 2020 წლის 21 აგვისტოს ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ალექსანდრ ბანდიუკოვი ინტერპოლის ბაზაში წითელი ცირკულარით ძებნილ პირთა სიიდან ამოიღო, რუსეთის ფედერაციის მიერ წარდგენილი გაყალბებული ბრალდების გამო.

შსს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე მიღებული სტრესის გამო, ალექსანდრ ბანდიუკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ის 2021 წლის 10 თებერვალს გულის მწვავე შეტევით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ის ამ დრომდეც ჰოსპიტალში რჩება. 2021 წლის 10 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნაც ღიად ადასტურებს, რომ ალექსანდრ ბანდიუკოვს თანადროულად რამდენიმე მძიმე დაავადება აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესირებადია, პროგნოზი მძიმე და მისი თვითმფრინავით მგზავრობა, ხანგრძლივი ტრანსპორტირება ავტომობილით ან მატარებლით, სიცოცხლისათვის უკიდურესად სახიფათოა.

ამ მოცემულობაში ცხადია, რომ შსს მიგრაციის დეპარტამენტის 2021 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელი და თვითნებურია. მიგვაჩნია, რომ ალექსანდრ ბანდიუკოვის მიმართ საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმით და რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მაღალი რისკი, რომ იგი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, რაც მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენების რეალურ საფრთხეს ჰქმნის, ამიტომ არსებითია მას სახელმწიფომ მიანიჭოს ჰუმანიტარული სტატუსი და არ დაუშვას რუსეთში მისი ექსტრადიცია.

აღნიშნული საქმე ბოლო წლებში რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის გახშირებულ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკას ავლენს და პოლიტიკური ლოიალობის გამო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხელყოფის უკიდურესად შემაშფოთებელ და მანკიერ გამოცდილებას ქმნის. საქართველოს ხელისუფლება ისე, რომ სათანადოდ არ სწავლობს რუსეთის ფედერაციის ციხეებში და პენიტენციალურ სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობას, ასევე საქმის ინდივიდუალურ გარემოებებსა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკებს, მხოლოდ რუსეთის ფედერაციისგან მიღებული შაბლონური დიპლომატიური გარანტიების საფუძველზე ბრალდებული პირების ექსტრადირებას უშვებს, რაც ხშირ შემთხვევაში ამ ადამიანებს წამებისა და სასტიკი მოპყრობისთვის სწირავს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციის, უკვე ექსტრადირებული პირების მდგომარეობის მონიტორინგის პროცესისა და მისი შედეგების შესახებ.

ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ რადიკალურად გადახედოს სისხლის სამართლის სფეროში რუსეთთან, ისევე როგორც მეზობელ არადემოკრატიულ ქვეყნებთან თანამშრომლობის პრაქტიკას და საკუთარი გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიზმის პრინციპების განუხრელი დაცვისა და პატივისცემის მიდგომებს დააფუძნოს.

ამგვარი პრაქტიკა გარდა იმისა, რომ განაპირობებს მეზობელი ქვეყნებიდან დევნილი და საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირების უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფას, ის მკვეთრად აზიანებს დემოკრატიულ წესრიგს, რადგან ის პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის უფლებების ინსტრუმენტალიზების და უგულებელყოფის შემაშფოთებელ გამოცდილებას ქმნის. ამგვარი გამოცდილებები ასევე მკვეთრად აზიანებს საქართველოს როგორც დემოკრატიული და უსაფრთხო ქვეყნის წარმოდგენასა და განცდას ჩვენი მეზობელი (და არა მხოლოდ) ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

მეზობელი ქვეყნების მიმართ ლოიალობის გამო ადამიანის უფლებების უგულებელყოფის უკიდურესად შემაშფოთებელი გამოცდილებები გამოჩნდა აზერბაიჯანელი დისიდენტების, თურქეთის ხელისუფლების მიერ დევნილი ფეტოს მოძრაობის წევრების და რუსეთის ფედერაციაში ჩრდილოეთ კავკასიელებისა და სხვა მოქალაქეების ექსტრადიციის საქმეებში.

ალექსანდრე ბანდიუკოვის საქმეში ჩანს არაერთი სახელმწიფო უწყების თვითნებური და უკანონო გადაწყვეტილებების ჯაჭვი, რომელიც სათანადო სამართლებრივ და პოლიტიკურ რეაგირებას ითხოვს. მით უფრო, რომ შემხვედრმა უკანონო გადაწყვეტილებებმა და მისგან მომდინარე სტრესმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითად გააუარესა და ალექსანდრ ბანდიუკოვი დღესაც ჰოსპიტალში სიცოცხლისთვის იბრძვის.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ

შინაგან საქმეთა მინისტრსა და შსს მიგრაციის დეპარტამენტს

  • ხელახლა განიხილოს ალექსანდრ ბანდიუკვისთვის ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელების საკითხი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის არსებითი ხელყოფის რისკების გათვალისწინებით, მას ჰუმანიტარული დაცვის სტატუსი მიანიჭოს;

საქართველოს იუსტიციის მინისტრსა

  • შეწყვიტოს და არ დაუშვას ალექსანდრ ბანდიუკოვის საექსტრადიციო პროცესი რუსეთში ჰუმანიტარული მოსაზრებების გამო;
  • გადახედოს მეზობელ არადემოკრატიულ ქვეყნებში, პირველ რიგში რუსეთში ექსტრადიციის ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო და ანტიჰუმანურ პრაქტიკას. 

საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს

  • აღნიშნული საქმის კონტექსტისა და მეზობელ ქვეყნებში ექსტრადიციის პრაქტიკის ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო შინაარსის გათვალისწინებით, დაინტერესდნენ აღნიშნული საქმით და ამ და სხვა მსგავს საქმეებზე ეფექტიანი ზედამხედველობა და პოლიტიკის რევიზია უზრუნველყონ.  

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] შენიშვნა: ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ იგი დაავადებულია ქრონიკული იშემიური დაავადებით, არასტაბილური სტენოკარდიით, გავრცელებული ათეროსკლეზოსი კორონალური და საძილე არტერიების უპირატესი დაზიანებით, არტერიული ჰიპერტენზიით. დასკვნაში მითითებულია, რომ ალექსანდრ ბანდიუკოვის დაავადებები პროგრესირებს და მაღალია რისკი რომ მას განუვითარდება კორონალური პათოლოგიის რეციდივი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“