[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

HRC და EMC იუსტიციის მინისტრისგან საჯარო ინფორმაციას სასამართლოს ძალით მოითხოვენ

ორმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ - ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) იუსტიციის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაცია სასამართლოს ძალით მოითხოვა. ორგანიზაციებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით 20 დეკემბერს მიმართეს - მას შემდეგ, რაც სამინისტრომ რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებული ეთნიკურად ჩეჩენი პატიმრის, რამზან ახიადოვის თაობაზე გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა.

2019 წლის 8 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, განახორციელა თუ არა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მინისტრის მიერ დაპირებული მონიტორინგი, თუ რამდენად სრულდება რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სამართლებრივი გარანტიები რამზან ახიადოვის მიმართ. მას შემდეგ, რაც სამინისტრომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ გასცა 10 დღის ვადაში, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი, 2019 წლის 22 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა კიდევ ერთხელ მიმართა იუსტიციის მინისტრს, საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვდა პასუხს მნიშვნელოვან კითხვებზე: საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციიდან გამოითხოვა თუ არა ინფორმაცია, რა პირობებში იმყოფება დღეისათვის რამზან ახიადოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის საპატიმროში და რამდენად სრულდება რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სამართლებრივი გარანტიები. მინისტრმა (სამინისტრომ) ამჯერადაც დაარღვია საჯარო ინფორმაციის მოწოდების ათდღიანი ვადა.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა 2019 წლის 2 ოქტომბერს, წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რათა მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ცნობილია თუ არა რამზან ახიადოვის ადგილსამყოფელი, მიღებულია თუ არა რუსეთის ფედერაციისგან შესაბამისი მტკიცებულებები (რა სახის მტკიცებულება), რომ ექსტრადირების შემდგომ რამზან ახიადოვი არ დაექვემდებარა წამებას ან არასათანადო მოპყრობას. ორგანიზაციას სამინისტროდან პასუხი დღემდე არ მიუღია.

ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის - ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა. კანონის ამ მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მინისტრს არცერთ გაგზავნილ წერილზე პასუხი არ გაუცია, რითაც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დროულად გასცეს საჯარო ინფორმაცია 2019 წლის 19 სექტემბერს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებული პატიმრის, რამზან ახიადოვის საპატიმრო პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრმა წარმოადგინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის წარმოდგენილი ე.წ. გარანტიების შესრულების მონიტორინგის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“