საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
წინამდებარე დოკუმენტში განხილულია 2017-2020 წლებში საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში პირთა ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოვლენილი ძირითადი პრობლემური ტენდენციები და მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან.
2017-2020 წლებში ცნობილი გახდა არაერთი საქმის შესახებ, რომელიც საქართველოში მყოფი რუსეთის ფედერაციის, თურქეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებაზე უარი თქმის დაუსაბუთებელ, უკანონო პრაქტიკას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ექსტრადირების მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეეხებოდა, მაშინ როდესაც შესაბამისი პირები, საკუთარ ქვეყნებში დევნის, წამების, არასათანადო მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების მაღალ რისკზე უთითებდნენ. მაგალითისთვის აღსანიშნავია რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებული იაროსლავ სუმბაევის[1], რამზან ახიადოვის[2] საქმეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის მაღალ რისკებზე მიუთითებდნენ. აღსანიშნავია მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე, რა დროსაც ფეტულაჰ გიულენის მიმდევარი მ. ჩაბუქის[3] თურქეთში ექსტრადიცია მხოლოდ ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდგომ შეჩერდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (ყოფილი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 2018 წელს შეისწავლა[4] საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი და დევნას დაქვემდებარებული არაერთი აქტივისტის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჟურნალისტის საქმე და მიუთითა მათ მიმართ საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსისა და ბინადრობის ნებართვის პროცესში გამოვლენილი უკანონო პრაქტიკის შესახებ. თითოეული საქმის ანალიზი აჩვენებდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ ლოიალობას და აჩენდა ეჭვს ორი ქვეყნის სამართალდაცავ ორგანოებს შორის არაფორმალური უკანონო თანამშრომლობის თაობაზე. აღნიშნულის მსგავსად, საქართველოში მყოფი პირების თურქეთში და რუსეთში ექსტრადიციის ჩვენს მიერ შესწავლილი შემთხვევებშიც იკვეთება პოლიტიკური ლოიალობისა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის რისკების არასათანადო შეფასების ტენდენციები. კერძოდ, ექსტრადიციის საქმეებთან დაკავშირებული მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების მიერ მათი მოქალაქეების საქართველოდან ექსტრადირების მოთხოვნა უმეტესად კმაყოფილდება იმგვარად, რომ პროცესში არ არის გათვალისწინებული მითითებულ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების, მით უფრო საპატიმრო დაწესებულებებში არსებული ვითარება დასამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევის პრაქტიკა. მაშინაც კი როდესაც აღნიშნულზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უთითებს, სასამართლო და იუსტიციის სამინისტრო უფლების დარღვევის რისკებს შესაბამისი სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი დიპლომატიური გარანტიების გაცემით აბათილებს და საერთოდ არ ითვალისწინებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს კონკრეტულ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. ამასთან, გამოიკვეთა ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სიხშირე და საქმის გარემოებებთან შეუსაბამობა.
წარმოდგენილი ანალიტიკური დოკუმენტი ეფუძნება ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთა ადვოკატებისგან აღებულ ახსნა-განმარტებებს (სოციალური სამართლიანობის ცენტრი ესაუბრა 10 ადვოკატს), საქართველოს ოფიციალური უწყებებიდან მიღებულ ოფიციალურ სამართლებრივ დოკუმენტებს, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას. სამწუხაროდ, ჩვენი არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად[5], ამ დრომდე საქართველოს იუსტიციის სამისტროს არ გაუზიარებია მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაცია ექსტრადიციის საქმეებთან დაკავშირებით. მათ შორის, უწყება არ გვიზიარებთ ინფორმაციას, უკვე ექსრადირებული პირების უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის პროცესისა და მისი შედეგების შესახებ. იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ 2019 წლის 3 ოქტომბერს გაგვიზიარა ინფორმაცია, რომ 2013-2019 წლებში რუსეთის ფედერაციის მიერ მთლიანობაში 23 ადამიანის ექსტრადიციის მოთხოვნა იყო წარდგენილი და მათგან 14 შემთხვევაში ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ანუ რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობების ნახევარზე მეტი საქართველოს ხელისუფლებამ დააკმაყოფილა, რაც ძალიან მაღალი მონაცემია.
აღნიშნულ დოკუმენტს არ აქვს პრეტენზია, რომ ის ნიუანსირებულად აანალიზებს ექსტრადიციის კონკრეტულ საქმეებს. კონკრეტულ საქმის მასალებზე წვდომის მოპოვება რთული აღმოჩნდა ტექნიკური ბარიერების გამო. წარმოდგენილი დოკუმენტი ექსტრადიციის პროცესში უფლების დარღვევის ძირითადი პატერნების და პრობლემური პრაქტიკების მიმოხილვით შემოიფარგლება. აღნიშნული ზოგადი მიგნებების წარმოდგენის კი ჩამოყალიბებული პრობლემური სასამართლო პრაქტიკის ცვლილება და გაუმჯობესებაა. ასევე, პოლიტიკურ დღის წესრიგში მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის გახშირებული თვითნებური პრაქტიკების შეჩერების ინტერესი და საჭიროება.
კვლევა სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში.
[1] იაროსლავ სუმბაევის საქმე, იხ: https://tabula.ge/ge/topic/128589
[2] რამზან ახიადოვის საქმე, იხ: https://reginfo.ge/politics/item/16808-saqartvelom-etnikurad-checheni-ramzan-axiadovi-rusets-gadasza
[3] მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე, იხ: https://www.radiotavisupleba.ge/a/chabuki-tavisufalia/29048106.html
[4] აზერბაიჯანელი ჟურნალისტების და აქტივისტების საქმეების მიმოხილვა, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/azerbaijaneli-zhurnalistebis-da-aktivistebis-sakmeebis-mimokhilva
[5] სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქართველოდან რუსეთში, თურქეთში და აზერბაიჯანში განხორციელებული ექსტრადიციის რაოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს 2020 წლის 30 ოქტომბერს და 2021 წლის 15 მარტს მიმართა, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ ინფორმაცია არცერთ შემთხვევაში არ მოგვაწოდა
ინსტრუქცია