საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
რუსეთის ინტერესი სრულად აითვისოს აფხაზეთის ეკონომიკური რესურსები და სტრატეგიული ობიექტები სულ უფრო აგრესიული ხდება. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ინტენსიური უკრაინის ომის შემდეგ გახდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო საზოგადოება აქტიურ წინააღმდეგობას უწევს და მასობრივი თვითორგანიზებით უპირისპირდება. მოსახლეობის ამ პროტესტს, როგორც ჩანს რუსეთი უკვე შანტაჟით პასუხობს და აფხაზეთს სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება.
აფხაზურ ოპოზიციურ ტელეგრამ არხებზე ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკის შეხვედრის ოქმის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტის ავთენტიკურობა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა მან აფხაზეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში აქტიური დისკუსია უკვე გამოიწვია. ადგილობრივების თქმით, ის უკვე აჩვენებს იმ კრიზისს, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობებში ჩამოყალიბდა და რომელსაც მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლება ვერ აგვარებს. დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვი გეგმავს შეაჩეროს ფინანსური დახმარების გადაცემა აფხაზეთისთვის 2024 წლის 1 სექტემბრიდან, მანამ სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს შემდეგ ვალდებულებებს:
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ბიუჯეტის სოციალური და ეკონომიკური მიმართულების დაფინანსება 3 მილიარდ 900 მილიონ 732,7 ათასს რუბლს შეადგენს და მასზე მოდის ხელფასების, პენსიებისა და სხვა სასიცოცხლო პროგრამების მხარდაჭერა. მთლიანობაში აფხაზეთის ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარი რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერით ივსება და მას ბოლო წლებში შემცირების დინამიკა ახასიათებს.
ამასთანავე, ზემოთ განხილულ ოქმში საუბარია იმაზეც, რომ დე-ფაქტო პრეზიდენტმა მოსკოვს 20 სექტემბრამდე უნდა წარუდგინოს იმ დეპუტატების და ოპოზიციის ლიდერების სია, რომლებმაც “რუსეთის ინტერესების და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ იმოქმედეს”. მოსკოვი გეგმავს რომ ამ დეპუტატებს და ოპოზიციონერებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჩამოართვას. Მოქალაქეობის ჩამორთმევა დე-ფაქტო “ხელისუფლების” წარმომადგენლებისთვის რუსეთში უკვე ნაცადი მეთოდია გავლენების გასაზრდელად და იმის შესახსენებლად თუ ვინ არის მათი მმართველი. რამდენიმე თვის წინ იგივე მოხდა ცხინვალის რეგიონშიც.
ამ ინფორმაციას აფხაზურ ოპოზიციაში და სამოქალაქო სექტორში უკვე მოჰყვა ღია კრიტიკული შეფასებები, სადაც აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს ღიად რუსული ინტერესების გატარებაში, აფხაზეთის “სუვერენიტეტის” გაყიდვაში და ღალატში, ხოლო მოსკოვს შანტაჟში ადანაშაულებენ.
Რუსეთის მხრიდან აფხაზეთში წარმოებულ მასშტაბურ ანექსიურ პროცესებს აფხაზური სამოქალაქო საზოგადოება ბოლო წლებია აქტიურად ებრძვის და მის შეკავებას ცდილობს. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთმა აფხაზეთში სტრატეგიული რესურსების და ობიექტების მითვისება დაიწყო (სოხუმის ბაბუშერას აეროპორტი, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები), რასაც აფხაზური საზოგადოება ღიად უპირისპირდება. 2024 წლის ივლისში რუსეთის არაერთმა ინიციატივამ მარცხი განიცადა აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტში: ე.წ. “აპარტამენტების კანონი” დე-ფაქტო პარლამენტმა ინიციატორებს უკან დაუბრუნა, ასევე არ მომხდარა საინვესტიციო პროექტების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება.
აშკარაა, რომ აფხაზეთი რუსეთთან ურთიერთობებში ჩიხში შედის. ადგილობრივი მოსახლეობა სულ უფრო მეტად ხვდება, რომ რუსეთზე დამოკიდებულება მათ არ აძლევს დამოუკიდებელი განვითარების შესაძლებლობას და მოსკოვის მხრიდან მომდინარე ულტიმატუმები მათთვის ეგზისტენციურ საფრთხეებს უკავშირდება.
სამწუხაროდ, რეგიონის კონტექსტის ცვლილებისა და ადგილზე გაჩენილი შიშებისა და წუხილების მიუხედავად, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაში არ ჩანს რაიმე ახალი დინამიკა. მიმდინარე პროცესებზე თბილისს არც ერთი სერიოზული განცხადებაც კი არ გაუკეთებია სამშვიდობო პოლიტიკის თემაზე, თუ არ ჩავთვლით პროპაგანდისტულ და უსაფუძვლო წინასაარჩევნო განცხადებებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის აზრით, არსებულ პოლიტიკურ კრიზისში მნიშვნელოვანია, რომ
საქართველოს ხელისუფლებამ და ზოგადად პოლიტიკურმა აქტორებმა საქართველოში აქტიურად იმუშაონ ახალ სამშვიდობო სტრატეგიებზე, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ხელს შეუწყობს აფხაზეთთან ალტერნატიული ეკონომიკური პროგრამების და პოლიტიკის განვითარებას და ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური მოლოდინების გაჩენას სოხუმისთვის.
არსებითია, რომ ამ პოლიტიკის დაგეგმვა და წარმართვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების, პირველ რიგში კი ევროკავშირის მხარდაჭერით მოხდეს, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი საერთაშორისო მხარდამჭერია ჩვენს რეგიონში.
ინსტრუქცია