საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
რა ჯდება სოციალური უფლებები? ასე დაისვა კითხვა გადაცემა „რეალურ სივრცეში“ სოციალური უფლებების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას. რესპონდენტების ნაწილმა დაიჟინა, რომ სოციალური უფლებების ეკონომიკური ხარჯი გვაქვს დასათვლელი. ამ კითხვის დამსმელებისთვის, ვფიქრობ, ჩვენი ეკონომიკა გაუმაძღარი, მსხვერპლშეწირვით მოუპირავი ღმერთივითაა - უნდა ველოლიავოთ, სული შევუბეროთ, ვაცადოთ ზრდა და დამშვენება. მე ვერ ავცდები ხოლმე პოლანის მსგავსი საკითხების განხილვისას. პოლანის ცენტრალური დარდი კაპიტალიზმის შესახებ სწორედ ეს არის - ეკონომიკის ბატონობა სოციალურზე, ეკონომიკის მიერ სოციალურის დაქვემდებარება, შთანთქმა, შეჭმა. და ამ დროს თითქოს როგორი აშკარა პარადოქსია - რატომ, რა ღირებულებების მიხედვით უნდა იყოს ეკონომიკური ხარჯი სოციალურზე უფრო მნიშვნელოვანი, უფრო პირველადი, უფრო სათუო? სხვანაირად რომ ვთქვა, არასწორად ვსვამთ კითხვას; არასდროს არ უნდა ვუპასუხოთ ამ უკუღმა დასმულ კითხვას - რა ჯდება სოციალური უფლება? საკითხავი ის არის, რა ჯდება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალური პოლიტიკის უქონლობა? რამდენი ადამიანის შიმშილად, უსახლკარობად, ავადმყოფობად, სიკვდილად? რამდენი ბავშვის განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვად? რამდენი მოქალაქის უმუშევრობად? რა სახის ფსიქოლოგიური გამოწვევების წინაშე გვაყენებს დაუცველი შრომა? რამდენი ფეხი, ხელი, თვალი დავკარგეთ შრომის ინსპექციის არარსებობის გამო? ზუსტად რამდენი დღის სიცოცხლეს ვკარგავთ აუტანლად ბინძური ჰაერის სუნთქვით?
უფრო ზოგადი კითხვა კი ასეთია - როგორ მოვრიგდეთ კაპიტალიზმთან? როგორ შევამციროთ კაპიტალიზმის სოციალური ხარჯი? როგორ გამოვიყენოთ და გარდავქმნათ არსებული პოლიტიკური სისტემა ისეთი დემოკრატიული სისტემის შესაქმნელად, სადაც დემოკრატია კერძო მესაკუთრეების დაცვის ნაცვლად მოქალაქეთა თანასწორობის უზრუნველყოფას და სოციალურ კეთილდღეობას ემსახურება?
გულწრფელად რომ ვთქვა, მიჭირს და მეუხერხულება ამ სტატიის წერა. შეიძლება ითქვას, ვიტანჯები წერისას. მეუხერხულება, რომ აგერ უკვე რამდენი წელია, ვსაუბრობთ დიდ სიღარიბეზე, უთანასწორობაზე, შიმშილზე, შრომის დაუცველობაზე, მოწყვლადობაზე, ჩაგვრაზე და თითქოს ვერსაიდან ვერ ვარღვევთ წრეს, რომელშიც ყველა ეს ტრაგედია ან რიცხვებად იქცევა, ან ბანალურობად, ანაც - ბუნებრიობად. მეშინია, რომ ყოველგვარი ფართხალი ამ წრის რეპროდუქციას ემსგავსება. როცა გიგა ბოკერიამ 2016 წლის ივნისში სალომე ასათიანთან ინტერვიუში „ნაცმოძრაობის“ პერიოდში სიღარიბის შეუმცირებლობის შესახებ მონაცემებს „აბსურდი“ უწოდა, მაშინ ცხადად ვიცოდი, რომ აზრი ჰქონდა ერთი და იმავე მონაცემის გამუდმებულ ტრიალს, სანამ მას არ დაერქმეოდა სიმართლე. როგორც ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა იცოდა „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ადამიანების წამებისა და გაუპატიურების შესახებ ციხეებში, მაგრამ ეს ცოდნა მხოლოდ მაშინ იქცა სიმართლედ, როდესაც კოლექტიური გაზიარება და გამომზეურება მოხდა ინფორმაციის; მხოლოდ 2012 წლის შემდეგ აღარ შეუძლიათ „ნაცმოძრაობის“ წევრებს ამ სიმართლის ჯიუტად და ურცხვად უარყოფა; ვიცოდი, რომ ასევე უნდამომსპარიყო სოციალური პრობლემების უარყოფის შესაძლებლობა; თუმცა იგივე გიგა ბოკერია ცოტა ხნის წინ საპარლამენტო დებატებში დაჟინებით ახსენებდა სიღარიბეს, ამ ჯერზე იმის სათქმელად, რომ ისედაც ღარიბ მოსახლეობას გადასახადები არ უნდა გავუზარდოთ. აი, ასეთ მართლა უკიდურეს აბსურდზე რომ გვიწევს კამათი, ამისაც მეშინია.
რაც მთავარია, მეშინია იმის, რომ უნდა დავარწმუნოთ გიგა ბოკერიები სიღარიბის პოტენციურ ხიფათებში. უნდა დავარწმუნოთ, რომ დიდი შანსია, სიღარიბე მათ ღმერთებს - ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და თავად დემოკრატიასაც (ან დემოკრატიის იმ უბადრუკ ფორმას, რაც ჩვენ გვაქვს) დაემუქროს. კი, შეგვიძლია დიდი და პატარა ავტორების ციტირება ამ ხიფათების აღსაწერად. დიახ, არსებული თეორიები გვეტყვის, რომ ასეთ ღარიბ და უთანასწორო ქვეყნებში ვერასოდეს იქნება დემოკრატიული მმართველობა მყარი. გვეტყვის იმასაც, რომ არამყარი დემოკრატიები და არასტაბილური პოლიტიკური სისტემები ინვესტირებისთვის საიმედო გარემოს ვერ ქმნის. იმასაც, რომ განათლებასა და კვლევაში ინვესტირების გარეშე ეკონომიკა ვერასდროს გაძლიერდება. იმასაც, რომ რაც არ უნდა მზარადი იყოს ეკონომიკა, ზრდა თავისთავად, სახელმწიფოს გამიზნული სოციალური პოლიტიკის გარეშე, არ ითარგმნება სიღარიბის დაძლევაში. ევროპაც გვეტყვის, რომ სანატრელი (თუმცა ჩვენს თვალსა და ხელს შუა გაფაშისტებული) ევროპული „ოჯახი“ არ შეეგუება შრომითი და სოციალური უფლებების ასეთ უხეშ დარღვევებს.
მაგრამ ამ თეორიებს რომ თავი დავანებოთ, ცოტა რამ პირადი გამოცდილებითაც შეგვიძლია ვისწავლოთ. „ნაცმოძრაობის“ მიერ გატარებული რადიკალური მარკეტიზაციის პოლიტიკა უპრეცედენტოა ჩვენს რეგიონში - პოსტსაბჭოთა და ზოგადად პოსტსოციალისტურ სივრცეში. შესაბამისად, საკმაოდ მკაფიო გაკვეთილებსაც გვაძლევს. ამ გაკვეთილებიდან, რომელიც, სამწუხაროდ, ვერც თავად „ნაცმოძრაობამ“ და ვერც ოცნებამ ვერ გაიაზრა, ორი საკითხი იკვეთება განსაკუთრებული სიცხადით და სიმწვავით: ერთი - ეკონომიკურ ზრდას სიღარიბის შემცირება არ მოჰყვება და მეორეც - სახელმწიფო ჩარევის გარეშე ეკონომიკა არ მოძრაობს.
ადგილობრივი ლიბერალები ისეთი სისხარტითა და მონდომებით აბამენ ხოლმე ეკონომიკურ ზრდას მოსახლეობის კეთილდღეობას, გეგონება, ამ ორ საზომს შორის სრულიად მოშლილია ზღვარი. ამ შემთხვევაში ნამდვილად ღირს არსებული მონაცემების განუწყვეტელი ციტირება: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია იმისა, რომ ეკონომიკური მონაცემი სოციალურთან პირდაპირ ბმაში არაა (და აქ სიღარიბის მონაცემი მომყავს მაგალითად, მაგრამ რეალურად ბევრი სხვა მაჩვენებელი - უთანასწორობის, მოწყვლადობის, კვების უკმარისობის - იმავე სურათს იძლევა). საქართველოს საშუალო ეკონომიკური მოსწრება „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ათწლეულში რეგიონული მასშტაბით მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა. უდავოა, რომ ეკონომიკური წარმატება მოსახლეობის გარკვეული წრის კეთილდღეობაზე დადებითად აისახა, მაგრამ ისიც უდავოა, რომ მოსახლეობის ნახევარს ეს ზრდა საერთოდ არ შეხებია. საქართველოს მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე, პრინციპში, ყველა მეზობელი ქვეყნის (მონაცემები არ გვაქვს თურქმენეთსა და უზბეკეთზე). მეტიც, ის ქვეყნები, რომლებთან შედარებაც რეალისტურია, საქართველოს მსგავსი ან უარესი ეკონომიკური მონაცემების ქვეყნები - სომხეთი, მოლდოვა, ყირგიზეთი 2000-იან წლებში ახერხებენ, რადიკალურად შეამცირონ სიღარიბის უკიდურესი მაჩვენებლები - 1.9 და 3.1 დოლარი დღეში. საქართველომ კი ისე გაიარა ეკონომიკური აღმავლობის ათწლეული, რომ უკიდურესი ეკონომიკური სიღარიბის (1.9 დოლარი) პროცენტული მაჩვენებელი, შემცირების ნაცვლად, 2000-დან 2010 წლამდე ცოტათი, მაგრამ მაინც იზრდებოდა (იხილეთ ფიგურები 1-4).
ამ ირონიული ფაქტის ასახსნელად საკმაოდ ვრცელი მსჯელობაც არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ ამ შემთხვევაში ვეცდები, მოკლედ ვთქვა სათქმელი. ეს ფაქტი - მარკეტიზაციაზე (პოლანის მიხედვით, მარკეტიზაციას განვსაზღვრავ, როგორც პროდუქტული რესურსების - მიწის, შრომის, ფულის კომოდიფიკაციის, გასაქონლების, გაყიდვად რესურსად გარდაქმნის პროცესს) დაყრდნობილი ეკონომიური ზრდა და სიღარიბის შეუმცირებლობა პარადოქსი არ არის, არსებული თეორიული ბაზის მიხედვით, მოსალოდნელი შედეგია. მარკეტიზაცია სახელმწიფოს აქტიური სოციალური პოლიტიკის გარეშე იწვევს მოსახლეობის ნაწილის ეკონომიკური და სოციალური სიკეთეებიდან მოწყვეტას. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვა - მარკეტიზაცია არა მხოლოდ ვერ აუმჯობესებს გაჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობას, არამედ აქტიურად ქმნის გაჭირვებას. პრინციპი მარტივია - საბაზრო ეკონომიკურ სისტემას რესურსების სიმწირის ხელოვნურად შექმნა სჭირდება, კერძო საკუთრების ინსტიტუტის ჩამოსაყალიბებლად. დღეს ისევ გააქტიურებული გარემოვაჭრეების შეზღუდვა ზუსტად ამ პროცესს უკავშირდება. სანამ მოსახლეობის რეალურად შეუზღუდავი ნაწილი უფასოდ იყენებს საჯარო სივრცეს კომერციული მიზნებისთვის, ძნელია ურბანული სივრცის საბაზრო პრინციპებით კომერციალიზაცია. ასე საერთო მოხმარებაში არსებული სივრცე არალიკვიდურია - არ იყიდება, არ იცვლება და არც ფასი ემატება. იმისათვის, რომ ურბანული სივრცე გარდაიქმნას საბაზრო რესურსად - რომ მოხდეს მისი ფასის აკუმულაცია - კაპიტალიზმი მოითხოვს ამ სივრცის დაყოფა/განკერძოებას და, რაც მთავარია, სივრცეზე ულიმიტო ხელმისაწვდომობის მოსპობას. თავის მხრივ, ხელმისაწვდომობის მოსპობის პროცესი საარსებო წყაროს უკლავს ათასობით მოქალაქეს. სხვანაირად რომ ვთქვათ, მარკეტიზაცია არის რესურსების მობილიზების პროცესი, გარკვეული აქტორების ხელში დანარჩენი აქტორების გარიყვის ხარჯზე. ეს პროცესი, როგორც ასეთი, მართლაც უწყობს ხელს ეკონომიკური დოვლათის ზრდას, მაგრამ ასევე უკეტავს ადამიანებს საარსებო წყაროს. სწორედ ამიტომ დგება გარიყული, რესურსების გარეშე დარჩენილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში სახელმწიფოს აქტიური ჩარევის აუცილებლობა. რაც უფრო ღრმავდება მარკეტიზაცია, მით უფრო მეტი სიმწვავით დგება მარკეტიზაციის სოციალური შედეგების მოშუშების საჭიროება.
მეორე გაკვეთილი თავად ეკონომიკის აქტიურ მართვას და წახალისებას ეხება. „ნაცმოძრაობის“ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის, „ჩაურევლობის პოლიტიკის“ ლიმიტები თავად „ნაცმოძრაობის“ დროინდელმა მთავრობამ დაინახა ყველაზე უკეთ. მმართველობის შუა პერიოდში სახელმწიფო გააქტიურდა; როგორც 2008 წელს მაშინდელი პრეზიდენტი ამბობდა, სახელმწიფო კერძო სექტორზე უკეთეს ინვესტორად გადაიქცა, თუმცა, რამდენადაც ოფიციალურად სახელმწიფოს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, ამ გააქტიურების, ეკონომიკის მართვის მექანიზმები დიდწილად არაფორმალური, ზოგჯერ არალეგალურიც კი იყო. პოლიტიკურმა ძალებმა ამ პროცესებიდან ისევ ლიბერალურ პოზიციას მორგებული დასკვნები გამოიტანეს. ეკონომიკურ პროცესებში ჩარევას დაერქვა კორუფცია და ოცნების მთავრობა დაგვპირდა, რომ „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით უფრო უკეთ აღასრულებდა ჩაურევლობის პოლიტიკას. ოპოზიციაში გადასულმა „ნაცმოძრაობამაც“ აირიდა, სახელდება გაეკეთებინა თავისი მმართველობის პერიოდში ეკონომიკური მიღწევების მიზეზებისთვის - ეს მიზეზები კი თუ ერთი მხრივ მარკეტიზაციას გულისხმობდა, ასევე მეორე მხრივ გულისხმობდა სწორედ არაფორმალურ აქტიურ ჩარევას ეკონომიკის მართვაში.
ამ შემთხვევიდან დასკვნის გამოტანის საშუალებას ყველაზე უკეთ „ქართული ოცნების“ ჩაურევლობის პოლიტიკის ეკონომიკური შედეგების სიმწირე გვაჩვენებს. რეტროსპექტულად თუ შევხედავთ, ჩაურევლობა ჩარევაზე უარესი ჩანს. დასკვნა ჩემთვის ის არის, რომ „ნაცმოძრაობის“ პერიოდში თავად ჩარევა კი არ იყო ყველაზე პრობლემური, არამედ ამ ჩარევის არაფორმალური, არასისტემური და, რაც მთავარია, ხშირად ძალადობრივი ხასიათი - ჩარევა, რომელიც დემოკრატიული პოლიტიკის მიღმა, ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულების არიდებით მიმდინარეობდა. შესაბამისად, ეკონომიკის მართვაში სახელმწიფოს როლის გაზრდა არა მხოლოდ დასავლური და საერთაშორისო პოლიტეკონომიკის სახელმძღვანელოების, არამედ ჩვენი ადგილობრივი გამოცდილების მიხედვითაც ჩანს საჭირო. ოღონდ, ეკონომიკის მართვის ბერკეტები ფორმალურად, არსებული ინსტიტუციური ბაზის გარდაქმნით და არა კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების ხუშტურის მიხედვით უნდა წარიმართოს.
აქ ვბრუნდებით სტატიის ცენტრალურ საკითხთან - ეკონომიკასთან, როგორც გაუმაძღარი, თვითმყოფადი და ხელშეუხებელი მონსტრის ხატთან. საბედნიეროდ, ეკონომიკა ეგ მონსტრი არ არის. ეკონომიკა ინსტიტუციურად კონსტრუირებული პროცესია - მას სჭირდება რეგულაცია. კონკრეტულად, საბაზრო სისტემაში ორი სახის რეგულაცია - ერთი, რომელსაც უკვე მეტ-ნაკლებად ვიცნობთ, მარკეტიზაციის ხელშემწყობი რეგულაცია. მეორეც, რომლის საჭიროების აღიარება არ სურს ქართული პოლიტიკური ელიტის არც ერთ ნაწილს - ეკონომიკის მართვის იარაღები და მარკეტიზაციის სოციალური ხარჯის დამაბალანსებელი სოციალური რეგულაცია. სოციალური უფლებების კონსტიტუციალიზაცია და სოციალური პროგრამების ზრდა არის სწორედ ამ მეორე სახის რეგულაციების ნაწილი, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, სანამ თავად ეკონომიკურ პოლიტიკას არ გადავიაზრებთ, სანამ შესაბამის საგადასახადო ბაზას არ შევქმნით, ინდუსტრიულ პოლიტიკასა და ეკონომიკის მართვის სადავეებს არ გამოვიგონებთ, სოციალურ უფლებებსაც ძნელად უწერია აღსრულება. ანუ კითხვას რომ დავუბრუნდეთ - როგორ უნდა მოვრიგდეთ კაპიტალიზმთან - კაპიტალიზმის გაცილებით უფრო გააზრებული და აქტიური კონსტრუირებითა და მართვით, კაპიტალიზმის სოციალური ხარჯის დათვლით და ამ ხარჯის დაბალანსების მცდელობით.
თავიდანვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - გული მეკუმშება, როცა ვცდილობ, არსებულ ლიბერალურ ელიტას სოციალური პრობლემების დანახვა ამ პრობლემების მიერ წარმოქმნილი საფრთხეების ჩამოთვლით ვაიძულო. როცა უთანასწორობა და სიღარიბე თავისთავად არ არის განგაშის მიზეზი, ზუსტად ეს გვიწევს - უსუსურად დავემუქროთ არსებულ პრივილეგირებულ ფენას, რომ მათ მიერ დავიწყებული მოსახლეობა აჯანყდება და მათ ღმერთებს - ეკონომიკურ ზრდას, პოლიტიკურ სტაბილურობას და სუსტ დემოკრატიას სულს მოუსწრაფებს. მაგრამ ამის გამეორება და მუქარაც ღირს, სხვა თუ არაფერი, იმიტომაც, რომ მოსალოდნელი ჯანყი შეიძლება, სწორედ ყველაზე გარიყულ მოსახლეობასვე შემოუტრიალდეს ცუდად. მარკეტიზაციით გამოწვეული ბრაზი და აგრესია რომ ფაშიზმში ადვილად იზრდება, ამას მარტო აღმოსავლეთ ევროპა კი არა, აგერ უკვე ამერიკის მაგალითიც ადასტურებს. ჯანყამდე ბევრი არაფერი გვიკლია - ჩემი აზრით, ზუსტად ის მოიტანს ყველაზე მეტად ჯანყს, რასაც ასე მოელის პოლიტიკური ელიტა და რითაც, ამდენი ხანია, ირიდებს მომწიფებულ აფეთქებას - ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავება. თუ არ დავიწყებთ ჩვენი ეკონომიკის სოციალური მიზნების აღსრულების პროცესს, ევროკავშირი, როგორც აღთქმული მიწა, როგორც მიზანი, რომლისკენაც ვილტვით, აღმოჩნდება მოსახლეობის საბოლოო, ყველაზე დიდი იმედგაცრუება. რაც მთავარია, არავითარი დაპირება აღარ იქნება დარჩენილი, არაფრის მოლოდინი აღარ შეაკავებს ბრაზს. და მე თვითონ ორად ვარ გაყოფილი ამ ბრაზის ამოხეთქვაზე ფიქრისას. ერთი მხრივ, ეს ჩემი ბრაზიცაა, ისაა, რასაც მოველი, რისი იმედიც მაქვს. მეორე მხრივ, მეშინია, რომ ყველაზე რეგრესული პოლიტიკური ძალები მოახერხებენ ბრაზის მობილიზებას და უარეს ჩაგვრას შემოგვთავაზებენ. ამიტომ კიდევ უფრო უსუსური ჩანს ჩემი პოზიცია, მაგრამ ასეა და ჩემ თავთანაც უნდა ვაღიარო და საჯაროდაც - მინდა, ვეცადოთ, რომ ვიბრძოლოთ არსებული, არც ისე ძალიან საშიში და რეპრესიული პოლიტიკური კონტექსტის გადასარჩენად; ვეცადოთ, მშვიდობიანად მოვრიგდეთ კაპიტალიზმთან - დროზე დავიწყოთ კაპიტალიზმის სოციალური ხარჯის დათვლა.
წყარო: ავტორის კალკულაცია მსოფლიო ბანკის სიღარიბისა და უთანასწორობის მონაცემების საფუძველზე
ინსტრუქცია