საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კრებულში თავმოყრილია აფრო-ამერიკელი აქტივისტების, მკვლევრების და მოაზროვნეების საჯარო გამოსვლების, ესეებისა და ინტერვიუების თარგმანები ქართულ ენაზე. ავტორები აჩვენებენ იმ ისტორიას და სტრუქტურულ მიზეზებს, რაც განაპირობებს რასიზმის არსებობას ამერიკაში და სახავენ სხვადასხვა გზებს, რითაც შესაძლებელია არსებული სისტემის კრიტიკა, მასთან დაპირისპირება თუ სხვადასხვა ჯგუფს შორის სოლიდარობის გზების ძიება. კრებულში ნაჩვენებია, რომ რასიზმი არ დაიყვანება უარყოფით განწყობებამდე და ინდივიდუალურ პასუხისმგებლობამდე, არამედ დაშენებულია ეკონომიკურ უთანასწორობაზე და შავკანიანთა ექსპლოატაციაზე. ის გამყარებული იყო უსამართლო კანონმდებლობით, ხოლო ამგვარი კანონების ძირითადი ნაწილის გაუქმების შემდეგ უსამართლო ადმინისტრაციული და საპოლიციო პრაქტიკით და დღესაც ამერიკული პოლიტეკონომიკური სისტემის და წარმოსახვის განუყოფელი ნაწილია. კრებულში შესული ავტორები სათავეში თავად ედგნენ ან მონაწილეობდნენ რასიზმის წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობებში, საპროტესტო აქციებში, სასამართლო პროცესებში. ესეებში ჩანს, რომ რასიზმთან ბრძოლა მუდმივად იდგა აფრო-ამერიკელების განუწყვეტელ, მიზანმიმართულ, მრავალმხრივ პროტესტზე, რომელსაც ყოველთვის ხვდებოდა წინააღმდეგობა, მათ შორის, პოლიციის შერიფების ან სახელმწიფო მოხელეების სახით.
კრებული მოიცავს მარტინ ლუთერ კინგის, ანჯელა დევისის, ჯეიმს ბოლდუინის, მალკოლმ იქსის, ოდრი ლორდის და მიშელ ალექსანდერის ტექსტების თარგმანებს. ავტორები ააშკარავებენ, რომ „ამერიკული ოცნება“ და დოვლათი დიდწილად მიღწეულია წარსულში შავკანიანი მონების და ახლა უკვე შავკანიანი იაფი მუშა-ხელის ხარჯზე (ბოლდუინი, დევისი, მალკოლმ იქსი), აღწერენ იმ სიღარიბისა და უიმედობის ჩაკეტილ წრეს, რომელსაც ამჟამინდელი მკაცრი პოლიციური რეჟიმი იწვევს (ალექსანდერი), ცდილობენ შავკანიანი ქალებისთვის, ღარიბებისთვის და ლესბოსელებისთვის ხმის დაბრუნებას (ლორდი), შავკანიანი მონა-ქალების ჩაგვრის კომპლექსურობის აღწერას (დევისი) და აჩვენებენ რასიზმის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის აუცილებლობას (კინგი, მალკოლმ იქსი).
თარგმანები სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში
ინსტრუქცია