[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თარგმანი

რას ნიშნავს ამერიკელი მონისთვის თქვენი 4 ივლისი? - ფრედერიკ დაგლასი

ფრედერიკ დაგლასი (1818-1895) იყო ცნობილი ორატორი, რეფორმების სულისჩამდგმელი, მწერალი, ქრისტიანი მქადაგებელი, რომელიც მონობიდან გაიქცა და სათავეში ჩაუდგა აბოლიციონისტებს, მოძრაობას მონობის წინააღმდეგ. საკუთარი რწმენის გამო დაგლასი ხშირად იყენებდა ქრისტიანულ ალუზიებს თავის გამოსვლებში, თუმცა მუდმივად აკრიტიკებდა იმ ადამიანებს, რომლებიც რელიგიას მონობის გამამართლებლად იყენებდნენ. დაგლასი ასევე მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა სეგრეგაციას სკოლებში. ამასთან, ის ჩართული იყო სუფრაჟისტების მხარდასაჭერ ღონისძიებებში და ხშირად გამოდიოდა სიტყვით ქალებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის და არჩევნებში ხმის მოპოვების სასარგებლოდ.

ფრედერიკ დაგლასის სიტყვით გამოსვლა დამოუკიდებლობის დღეს როჩესტერში, ნიუ იორკის შტატში. ორიგინალის ნახვა შეგიძლიათ აქ.

4 ივლისი, 1852 წელი

 

„რას ნიშნავს ამერიკელი მონისთვის თქვენი 4 ივლისი?“

მთარგმნელი: მარიამ შალვაშვილი

თანამოძმე მოქალაქეებო, მომიტევეთ და ნება დამრთეთ დავსვა კითხვა, რატომ მომიწვიეთ აქ დღეს სიტყვით გამოსასვლელად? თქვენს ეროვნული დამოუკიდებლობის დღესთან რა მესაქმება ან მე ან იმ ხალხს, ვისაც მე დღეს აქ წარმოვადგენ? არის რომ დამოუკიდებლობის დეკლარაციაში განსხეულებული დიადი პრინციპები პოლიტიკურ თავისუფლებასა და ბუნებითი სამართლიანობის შესახებ ჩვენზე განვრცობილი? და ვარ თუ არა აქ იმისთვის დაბარებული, რომ ჩვენს ეროვნულ საკურთხეველს მცირედი მსხვერპლი შეწირო, თქვენი დამოუკიდებლობის სიკეთეები ვაღიარო და ჩვენი დახმარებისთვის თავდადებული მადლიერება გამოვთქვა?

მჯერა თქვენი გულახდილობის და ვფიქრობ, რომ ჩამოთვლილ კითხვებზე თქვენი პასუხი დადებითი იქნება. ეს ჩემს მოვალეობას შეამსუბუქებს, ჩემი ტვირთი სატარებლად მარტივი და სასიამოვნო გახდება. არსებობს ვინმე, ვინც იმდენად გულცივია, რომ ნაციის გულითადმა თანაგრძნობამ გული არ გაუთბოს? არის ვინმე, ვინც იმდენად გაკერპებული და უგრძნობია, რომ ეს ფასდაუდებელი სიკეთეები მადლიერებით აღსავსემ  არ აღიაროს? ვინ იქნება ისეთი უემოციო და ეგოისტი, რომ ერის ზეიმს არ შეუერთებს თავის ხმას იმის მიუხედავად, რომ მისი კიდურებიდან მონობის ჯაჭვები ჩამოწყვეტილა? მე არ ვარ ეგ ადამიანი. ეს რომ მოხდება, ბრიყვმა შეიძლება მჭევრმეტყველურად ისაუბროს და „ვლდებოდის კოჭლი, ვითარცა ირემი.“

მაგრამ ახლა საკითხი ასე არ არის დასმული. მე ამას გიცხადებთ ჩვენს შორის უთანასწორობის შეგრძნებით დამწუხრებული. მე არ ვარ ფერმკრთალკანიანთა შორის და არ ვითვლები ამ დიდებული თარიღის მონაწილედ! თქვენი მაღალმატერიული დამოუკიდებლობა ჩვენს შორის განუზომელ სხვაობას ამჟღავნებს. ის ნეტარება, რაც ამ დღესთან დაკავშირებით თქვენ სიამაყით გავსებთ, ჩვეულებრივ ადამიანებს შორის არ აღძრავს სიხარულს. სამართლიანობის, თავისუფლების, კეთილდღეობისა და დამოუკიდებლობის მდიდარი მემკვიდრეობა თქვენი მამებისგან თქვენ შორის არის გაზიარებული და წილად მე არ მხვდება. იმ მზის შუქმა, რომელმაც თქვენ მოგიტანათ სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მე მომიტანა საპყრობილე და სიკვდილი. ეს ოთხი ივლისი თქვენია და არა ჩემი. თქვენ იზეიმეთ, მე - ვიგლოვებ. ბორკილებდადებული ადამიანის მითრევა თავისუფლების უზარმაზარ, განათებულ ტაძარში და მისდამი მოწოდება, მხარი აება თქვენი ბედნიერი ჰიმნის სიმღერაში, იყო არაადამიანური დაცინვა და მკრეხელური ირონია. თქვენ, ჩემო თანამოქალაქენო, გინდათ რომ დამცინოთ და დღეს აქ მალაპარაკოთ? თუ ასეა, მე თქვენ ამგვარი ქცევის პარალელს გაგახსენებთ. მინდა გაგაფრთხილოთ, რომ სახიფათოა იმ ერისგან (ბაბილონისგან) მაგალითის აღება, რომლის დანაშაულები, ზეცისკენ რომ მიიწევდა კოშკურასავით, ყოვლისშემძლის ერთი სულის შებერვით ჩამოიქცა და ერი სამუდამო ნანგრევებში დამარხა.

თანამოქალაქენო, თქვენს ეროვნულ, მგზნებარე სიხარულზე უფრო ხმამაღლა მე მგლოვიარე მილიონობით ადამიანის მოთქმა მესმის, რომელთა ბორკილები ძალიან მძიმე და საზარელი იყო გუშინ, მაგრამ დღეს კიდევ უფრო აუტანელია ამ საზეიმო შეძახილების გამო, მათ ყურს რომ სწვდება. დღევანდელ დღეს თუ დამავიწყდება და თუ არ ვახსენებ ამ სისხლისგან დაცლილ ვარამის პირმშოებს, „დაე, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა, და დაე მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას!“

მათ თუ დავივიწყებ, მათ უბედურებებზე თვალს თუ დავხუჭავ და საყოველთაო ზეიმს შევუერთდები, ეს იქნება ყველაზე სკანდალური და აღმაშფოთებელი ღალატი და მე ამისთვის განვიკიცხები ღმერთისა და სამყაროს წინაშე.

ჩემი მსჯელობის საგანი, თანამოქალაქეებო, არის „ამერიკული მონობა.“ მე დღევანდელი დღე და მისი მთავარი ნიშნები მონის პერსპექტივიდან უნდა დავინახო. ვდგავარ რა აქ და მოვიაზრები ამერიკელი ყმების წარმომადგენლად, ვაქცევ რა მათ მიერ განცდილ უსამართლობებს ჩემს ნაწილად, უყოყმანოდ, მთელი ჩემი გულით ვაცხადებ, რომ ამ ერის რეპუტაცია და ქმედებები არასდროს ყოფილა უფრო შავბნელი, ვიდრე დღევანდელ ოთხ ივლისს.

წარსულ დეკლარაციებს შევხედავთ, თუ აწმყოში გაწეულ საქმიანობებს, ამ ერის ქცევა საზიზღარი და ამაზრზენია. ამერიკა ყალბი იყო წარსულში, ყალბია აწმყოში და ისეთი პირი უჩანს, რომ მომავალშიც ყალბი იქნება. ვდგავარ რა ღმერთისა და განადგურებული და სისხლისგან დაცლილი მონის გვერდით, ადამიანობის სახელით, რომელიც შეურაცხყოფილია, თავისუფლების სახელით, რომელიც ბორკილებდადებულია, კონსტიტუციისა და ბიბლიის სახელით, რომლებიც უგულვებელყოფილია და ფეხქვეშგათელილია, გავბედავ ხაზგასმით კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო და ვამხილო ყველაფერი, რომელიც მონობას უკვდავყოფს - ეს არის ამერიკის უდიდესი ცოდვა და სირცხვილი! „მე ამას თავს არ ავარიდებ - არაფრის დიდებით არ გავამართლებ.“ ყველაზე უფრო უხეშ ენას გამოვიყენებ და ერთ სიტყვასაც კი არ დავაკლებ რათა ვთქვა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომლის განსჯის უნარიც ცრურწმენას არ დაუბრმავებია, ან რომელიც გულით მონათმფლობელი არაა, ვერ იტყვის რომ ეს ყველაფერი სწორი და სამართლიანია.

ვფიქრობ, მე დღეს ჩემი ზოგიერთი მსმენელისგან მოვისმენ, რომ უბრალოდ გარემოებები არ გაძლევთ თქვენ და თქვენს მოძმე აბოლიციონისტებს საშუალებას, ხელსაყრელი შთაბეჭდილება დატოვოთ საზოგადოების ცნობიერებაზე. თქვენ მეტყვით, მეტი რომ გეკამათათ და არსებული მდგომარეობა ნაკლებად დაგეძრახათ, მეტად გეცადათ დარწმუნება და ნაკლები საყვედურები გეთქვათ, უფრო მეტად მიაღწევდით წარმატებასო. მაგრამ მე გეუბნებით, აქ ყველაფერი აშკარაა და არაფერია სადავო. მონობის წინააღმდეგობის რწმენის რომელ ნაწილზე გინდათ რომ ვიკამათოთ?  ამ საკითხის რა ნაწილს სჭირდება ამ ქვეყანაში სინათლის მოფენა? უნდა ვამტკიცო, რომ მონა ადამიანია? ეს ხომ აშკარაა. ამაში არავის ეპარება ეჭვი. მონათმფლობელები ამას თავად აღიარებენ, როდესაც მთავრობის მიერ მიღებულ კანონებს მონებზეც განავრცობენ. ისინი ამას აღიარებენ, როდესაც მონის მხრიდან ურჩობას სჯიან. ვირჯინიის შტატში  სამოცდათორმეტ დანაშაულს შეუძლია შავკანიანი კაცის სიკვდილით დასჯა გამოიწვიოს (არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად უმეცარი იქნება ეს კაცი) მაშინ, როდესაც იმავე დანაშაულების ჩადენისთვის მხოლოდ ორ შემთხვევაში დაისჯება თეთრკანიანი.

რა არის ეს, თუ არა იმის აღიარება, რომ მონა არის მორალური, ინტელექტუალური, პასუხისმგებლიანი არსება? მონის ადამიანობა აშკარაა. ეს იმაში გამოიხატება, რომ სამხრეთში წესდების წიგნები სავსეა დადგენილებებით, რომლებიც  მკაცრი ჯარიმებისა და სანქციების საშუალებით კრძალავს მონისთვის წერა-კითხვის სწავლებას. როცა მინდვრის მხეცებთან დაკავშირებით ამგვარ კანონებზე მითითება შეგეძლებათ, შეიძლება მე დავთანხმდე, რომ მონის ადამიანობაზე ვიკამათოთ. როდესაც თქვენს ქუჩებში მორბენალი ძაღლები, ცაში მფრინავი მტაცებლები, თქვენს მდელოებზე გამოფენილი საქონელი, როდესაც ზღვაში თევზი და მიწაზე მცოცავი ქვეწარმავლები ვერ შეძლებენ განასხვავონ მონა პირუტყვისგან, მაშინ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ მონა ადამიანია!

მაგრამ ამჟამად საკმარისია იმის დადასტურება, რომ ზანგ[1] რასას იგივე ადამიანობა გააჩნია. განა გასაკვირი არაა, რომ როდესაც ჩვენ ვთოხნით, ვრგავთ და მოსავალი მოგვყავს, სხვადასხვა სახის მექანიკურ ხელსაწყოებს ვიყენებთ, სახლებს ვაშენებთ, ხიდებს ვაგებთ, გემების მშენებლობაში ვიღებთ მონაწილეობას, თითბერის, სპილენძის, რკინის, ვერცხლის და ოქროს ლითონს ვამუშავებთ, როდესაც ვკითხულობთ, ვწერთ და ვანგარიშობთ, მოხელეები, ვაჭრები და მდივნები ვართ, ჩვენს შორის იურისტები, ექიმები, მინისტრები, პოეტები, ავტორები, რედაქტორები, ორატორები და მასწავლებლები მოიძებნებიან; ჩვენ ყველა იმ საქმიანობით ვართ დაკავებული, რითაც სხვა ადამიანები - ოქროს ძებნით კალიფორნიაში, ვეშაპის ჭერით წყნარ ოკეანეში, ცხვარს და პირუტყვს ვწყემსამთ გორაკებზე, ვცხოვრობთ, ვმოძრაობთ, ვმოქმედებთ, ვფიქრობთ, ვგეგმავთ, ოჯახებში ვართ ქმრები, ცოლები და შვილები და, უპირველეს ყოვლისა, ვაღიარებთ და თაყვანს ვცემთ ქრისტე ღმერთს, სიცოცხლისა და უკვდავების იმედს ვეძებთ საფლავებს მიღმა - ამ დროს მოგვიწოდებენ დავამტკიცოთ, რომ ადამიანები ვართ?

გინდათ იმაზე ვიდავო, რომ ადამიანს თავისუფლება ეკუთვნის? რომ ის თავისი სხეულის კანონიერი მესაკუთრეა? ეს თქვენ უკვე აღიარეთ. მჭირდება ვიდავო მონობის არაკანონიერებაზე? ამას რაიმე კითხვები დაესმის რესპუბლიკელებისთვის? განა აქ ლოგიკის ან არგუმენტირების წესები უნდა მოვიშველიოთ, თითქოს ეს რთულად გადასაწყვეტი საკითხი იყოს, რომელსაც რთულად გასაგები სამართლიანობის პრინციპის ფრთხილი მისადაგება დასჭირდებოდა? როგორ უნდა გამოვიყურებოდე დღეს ამერიკელების თანდასწრებით, დისკურსი დავყო და დაქუცმაცო, რათა წარმოვაჩინო, რომ ადამიანს აქვს თავისუფლების ბუნებითი უფლება, ვისაუბრებთ მასზე შეფარდებითად, პოზიტიურად, ნეგატიურად თუ მტკიცებითად?  მე რომ ასე მოვიქცე, თავს დასაცინად გავიხდი და თქვენს აზრებს შეურაცხყოფას მივაყენებ. არ მოიძებნება ცის ქვეშ ერთი ადამიანიც კი, რომელმაც არ იცის, რომ მისთვის მონობა ცუდია. რა! უნდა ვამტკიცო, რომ არასწორია ადამიანს ცხოველად აქციო, თავისუფლებისგან განძარცვო, ანაზღაურების გარეშე ამუშავო, დაუმალო, რომ სხვა ადამიანებთან ახლო კავშირი აქვს, ჯოხით სცემო, კანი მათრახით გადაატყავო, კიდურებზე რკინის ბორკილები დაადო, მათზე ძაღლები დაგეშო, აუქციონზე გაყიდო, ოჯახები დაუნგრიო, კბილები ჩაუმსხვრიო, სხეული დაუდაღო, მანამ აშიმშილო, სანამ ბატონების მორჩილები და დამჯერები არ გახდებიან? მჭირდება ვამტკიცო, რომ სისტემა, რომელიც სისხლითაა მონიშნული და სიბინძურითაა გასვრილი, არასწორია? არა, არ უნდა ვამტკიცო. მე უკეთესად შემიძლია ჩემი დროისა და ენერგიის დახარჯვა, ვიდრე ამ დებატებში შესვლაა.

მაშინ რა რჩება სადავოდ? რომ მონობა ღვთაებრივი რამ არ არის, რომ ღმერთს ის არ შეუქმნია, რომ ჩვენი ღვთისმოყვარული ექიმბაშები ცდებიან? ამგვარ აზროვნებაში ღვთისგმობა აშკარაა. ის, რაც არაადამიანურია, ღვთიური ვერ იქნება. ვის შეუძლია ამგვარი მტკიცებების გამართლება? შეიძლება ვინმეს შეუძლია, მაგრამ მე არ შემიძლია. ამგვარი არგუმენტაციის ადგილი წარსულშია.

ასეთ დროს მწველი ირონიაა საჭირო და არა დამაჯერებელი არგუმენტი. ოჰ! რომ მქონდეს საშუალება, ჩვენს ნაციას ყურში ჩავძახებდი დამსუსხველი დაცინვის ცეცხლოვან ნაკადს, მხურვალე ყვედრებას, გამანადგურებელ სარკაზმს და მტკიცე საყვედურს. იმიტომ, რომ ახლა სინათლე კი არაა საჭირო, არამედ - ცეცხლი, ჟუჟუნა წვიმა კი არა - მეხი. ჩვენ შტორმი გვჭირდება, ქარბორბალა, მიწისძვრა. ერის გრძნობები უნდა გამოცოცხლდეს, ერის ცნობიერებამ უნდა გამოიღვიძოს, ერის წესიერება უნდა შეკრთეს, ერის ფარისევლობა უნდა გამომჟღავნდეს და მისი დანაშაული ღვთისა და ადამიანის წინაშე უნდა დაიგმოს.

ამერიკელი მონისთვის რა არის თქვენი ოთხი ივლისი? მე გიპასუხებთ, ეს არის დღე, რომელიც მისთვის ააშკარავებს ბევრად მეტს, ვიდრე წელიწადის დანარჩენი დღეები. ეს არის საზიზღარი უსამართლობა და ბოროტება, რომლის მუდმივი მსხვერპლიც თავად არის. მისთვის თქვენი ზარზეიმი ყალბია, თქვენი თავისუფლებით ტრაბახი - უწმინდური კონტრაქტი, თქვენი ეროვნული დიდებულება -გაბღენძილი პატივმოყვარეობა, თქვენი ზეიმის ხმები კი - ცარიელი და უგულო, თავისუფლებაზე და თანასწორობაზე თქვენი შეძახილები - ცარიელი დაცინვა, თქვენი ლოცვები და ჰიმნები, თქვენი ქადაგებები და მადლიერების დღეები, მთელი თქვენი რელიგიური აღლუმებით და ცერემონიებით, მისთვის გაბღენვა, თაღლითობა, მოტყუება, შეურაცხყოფა და თვალთმაქცობაა, ესაა თხელი პირბადე მხეცების სირცხვილის დასაფარად. დედამიწაზე არ არსებობს სხვა ერი, რომელიც ისეთ შოკისმომგვრელ და სისხლიან საქმეებში იქნება დამნაშავე, როგორც ამ წუთას ადამიანები არიან შეერთებული შტატებში.

სადაც გინდათ წადით და ნახეთ, ძველი სამყაროს ყველა მონარქიასა და დესპოტების სამეფოებში იხეტიალეთ, მოიარეთ სამხრეთ ამერიკა, მოიძიეთ სასტიკი მოპყრობის ყველა ფაქტი და როცა ამ ყველა შემთხვევაზე ინფორმაციას მოაგროვებთ, შეადარეთ ის ფაქტები ჩვენი ერის ყოველდღიურ პრაქტიკას და თქვენც ჩემნაირად იტყვით, რომ საზიზღარ ბარბაროსობასა და ურცხვ თვალთმაქცობაში ამერიკას მეტოქე არ ჰყავს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იმის მიუხედავად რომ ამ სიტყვის ინგლისურ ექვივალენტს ამჟამად უარყოფითი კონოტაცია აქვს, ავთენტურობის მიზნით, ის შეუცვლელად ითარგმნა (მთარ.).

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“