[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

რა უნდა შეიცვალოს პროკურატურის სისტემაში

განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სხვა პრობლემებთან ერთად, არის შერჩევითი მართლმსაჯულება და პოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემა. ბოლო წლებში გატარებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, დღემდე პროკურატურა და საგამოძიებო უწყებები არსებითად ვერ არიან პარტიული გავლენისგან თავისუფალი და მათ მიმართ საზოგადოებრივი ნდობაც კრიტიკულად დაბალია, აგრეთვე პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არაერთ საქმეში ტოვებდა შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების განცდას.

ამ დრომდე, ხელისუფლებამ ვერ გაატარა ძირეული რეფორმები პროკურატურის სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფდა ინდივიდუალური პროკურორების გაძლიერებას, სისტემის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას და დააზღვევდა უწყებაზე პოლიტიკური გავლენების რისკებს.[1] ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და პოლიტიკურად მოტივირებულმა სისხლის სამართლის საქმეებმა, კიდევ ერთხელ გამოკვეთა ის შედეგები, რაც თავის დროზე პროკურატურის რეფორმის ჩავარდნამ გამოიწვია. ამ ფონზე, ბუნებრივი და ლოგიკური იყო, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში, საკითხების 6 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება პროკურატურის რეფორმაც იყო.[2]

ახლა როდესაც, ქვეყნის დემოკრატიულ რეჟიმში დაბრუნებისთვის უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობის განმტკიცება და პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულების წინააღმდეგ ბრძოლა, პროკურატურის სისტემის რეფორმა ხელახლა უნდა დაბრუნდეს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

პროკურატურის სისტემაში რამდენიმე მიმართულებით არის ძირეული რეფორმები გასატარებელი:  

  • გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის წესი

არსებული კანონმდებლობით, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს.[3] სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, აუცილებელია გენერალური პროკურორი პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე აირჩეს პარლამენტში, ხოლო პარლამენტს კანდიდატებად წარედგინოს პროფესიული კრიტერიუმებით შერჩეული კანდიდატები (გენერალური პროკურორის შერჩევის წესი უნდა ამოქმედდეს დაუყოვნებლივ და არა მოქმედი გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ);

  • საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და უფლებამოსილება

კოლეგიური ორგანოს დამოუკიდებლობისთვის, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობიდან უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური სუბიექტები, მთავრობის კაბინეტის, მოსამართლეთა და ადვოკატთა წარმომადგენლები. უნდა დაიხვეწოს პროკურორი წევრების არჩევის წესი, გაიზარდოს ამ პროცესში თითოეული პროკურორის ინდივიდუალური მონაწილეობის ხარისხი და დაცული იყოს გენდერული თუ გეოგრაფიული ბალანსი.

დღეისათვის, საპროკურორო საბჭოს როლი სისტემაში ფორმალურია. საბჭოს არ აქვს საკმარისი უფლებამოსილება იმისთვის, რომ სისტემის დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა უზრუნველყოს. გენერალურ პროკურორს და საპროკურორო საბჭოს შორის ფუნქციები გონივრულად უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ სისტემაში ყველა დონის საკითხის გადაწყვეტა არ იყოს ერთპიროვნულად დამოკიდებული გენერალური პროკურორის ნებაზე და შეხედულებაზე.

  • საგამოძიებო უფლებამოსილების ჩამოშორება პროკურატურიდან

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დღეს დევნის და გამოძიების უფლებამოსილება ერთი უწყების ხელშია მოქცეული. სწორედ პროკურატურაა უფლებამოსილი, გამოძიება დაიწყოს ყველაზე მნიშვნელოვანი სახის საქმეებზე, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირთა ან მათი მონაწილეობით ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე.[4] ერთი უწყების ფარგლებში უშუალოდ  გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციის მოქცევა, საფუძველს აცლის გამოძიების დამოუკიდებლობას. პროკურატურა უნდა იყოს მხოლოდ დევნაზე უფლებამოსილი ორგანო ქვეყანაში.

  • პროკურორის და გამომძიებლის ფუნქციების გამიჯვნა

ცალკე პრობლემაა ისიც, რომ პროკურატურა არსებითად ხელმძღვანელობს და წარმართავს იმ საქმეების გამოძიებას, რომლებსაც სხვა საგამოძიებო უწყებები იძიებენ. ასეთ პირობებშიც, პროკურორი ითავსებს გამოძიების ხელმძღვანელის ფუნქციას და უკანა პლანზე გადადის გამოძიების ობიექტურობა და ყოველმხრივობა. ასეთ მოწყობაში, ასევე აზრი ეკარგება პროკურატურის მხრიდან გამოძიების კანონიერების ზედამხედველობა, რადგან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებას ისედაც პროკურორი იღებს. საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, აუცილებელია პროკურორის და გამომძიებლის ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა, გამოძიების ხარისხის ამაღლება და გამომძიებლების მეტი პროფესიული დამოუკიდებლობით აღჭურვა. ამ მასშტაბური რეფორმის უმთავრესი ნაწილია, გამოძიების პროცესზე პროკურატურის გავლენების შემცირება, გამომძიებლის დამოუკიდებლობის და პასუხისმგებლობის გაძლიერება.

EMC მოუწოდებს პოლიტიკურ ჯგუფებს, განიხილონ პროკურატურის სისტემის რეფორმა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში. რეფორმაზე მსჯელობის პროცესში კი მოიცვან ის საკითხები, რაც შეძლებს უწყების გარდაქმნას რეალურად დამოუკიდებელ, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ ორგანოდ.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]იხ: პრკურატურის რეფორმის შეფასება, ხელმისაწვდომია: https://osgf.ge/prokuraturis-reformis-shefaseba/

[2] 6 პუნქტიანი გეგმა პოლიტიკურ პარტიებს შორის; https://publika.ge/mishelis-6-punqti-ra-weria-molaparakebis-charcho-dokumentshi/

[3] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 204

[4] ,,სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიოტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს N3 ბრძანება

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“