საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
FARA აშშ-ში 1938 წელს მიღებული კანონია, რომელიც მიზნად ისახავს არა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების შეზღუდვას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობის გამოაშკარავებას.
FARA იმ დროის ამერიკაში მიიჩნეოდა ტოტალიტარული სახელმწიფოებისგან დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის მექანიზმად და ამ კუთხით გამონახულ კომპრომისად, რომელსაც ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული ქმედებების კრიმინალიზება უნდა მოეხდინა. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, FARA აქტიურად გამოიყენებოდა აშშ-ში აქტიური პრონაცისტური საქმიანობების დევნისა და გამოძიებისთვის.
თუმცა, კანონის მიერ შემოღებული საკმაოდ ფართო და ბუნდოვანი ნორმატიული ტერმინოლოგია, უკვე შემდგომ ათწლეულებში, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფებისა და ადამიანების დევნის რისკიც გახდა.
„ქართული ოცნება“ ცდილობს, FARA-ს კანონი რუსეთის სტილის „აგენტების კანონის“ ალტერნატივად გამოიყენოს. აშშ-ში ის არასდროს გამოყენებულა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ, ხოლო საქართველოში მისი მიღება მიზნად სწორედ კრიტიკული ხმების შეზღუდვას ისახავს.
მიუხედავად იმისა, რომ FARA-ს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზები მას პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის შესაძლებლობას უტოვებს, მისი მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში, კანონი არ ვრცელდება საზოგადოებრივ და მედია ორგანიზაციებზე. ამას ადასტურებს ისიც, რომ 2023 წლის მონაცემებით, FARA-ს რეესტრში რეგისტრირებული არაკომერციული იურიდიული პირების წილი 5%-ზე ნაკლებია.
ასევე, კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ ხორციელდებოდა, რომლებიც ფიგურირებდნენ ფულის გათეთრებაში, თაღლითობაში, სანქციების დარღვევაში, საარჩევნო კამპანიების უკანონო დაფინანსებაში, მოსყიდვაში, ტერორიზმში ან მტრულად განწყობილი უცხოური ძალების მხარდაჭერაში.
საქართველოში FARA-ს მსგავსი კანონის მიღებას სერიოზული საფრთხეები ახლავს, რადგან არსებობს მაღალი რისკი, რომ ის პოლიტიკურმა კლასმა ისტორიული კონტექსტის გაუთვალისწინებლად და კონკრეტული პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს.
ასეთი კანონების მანიპულაციური ინტერპრეტაცია დემოკრატიული პრინციპების – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, სამართლის უზენაესობის – შეზღუდვის ინსტრუმენტად არაერთ ქვეყანაში ქცეულა. შესაბამისად, საქართველოს რეალობაში FARA-ს მსგავსი კანონმდებლობა შესაძლოა, კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის პოლიტიკური რეპრესიის იარაღად იქცეს.
ინსტრუქცია