[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / სტატია

პროტესტის საუკენე: გაკვეთილები და პერსპექტივები თანამედროვე სამოქალაქო წინააღმდეგობისთვის

შესავალი

მასობრივი პროტესტი უსამართლობასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ხშირად გამოყენებადი მეთოდია. პროტესტი იყო და რჩება იმ ადამიანების ხმად, ვისაც ხშირად არ უსმენენ, და ვინც არასასურველი გარემოებების ცვლილებისთვის სხვა გზას ვერ ხედავს.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მასობრივი პროტესტების რაოდენობა მსოფლიოში უპრეცენდენტოდ გაიზარდა. ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, აღმოსავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთ აზიამდე, სამოქალაქო წინააღმდეგობა ჩვენი პოლიტიკური ეპოქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მახასიათებლად იქცა.

ძალადობრივი და არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობების რაოდენობა მსოფლიოში

წყარო

ემპირიული კვლევების თანახმად არაძალადობრივ წინააღმდეგობას ძალადობრივთან შედარებით დასახული შედეგების მიღწევის გაცილებით დიდი ალბათობა აქვს და უფრო მეტიც, მკვლევარები ფიქრობდნენ, რომ თუ არაძალადობრივ წინააღმდეგობაში მოსახლეობის მინიმიმ 3.5% ჩაერთვებოდა, წარმატება თითქმის გარანტირებული იქნებოდა. წინააღმდეგობების მოძრაობებისთვის ეს თითქოს კარგი ამბავია: მოსახლეობის გარკვეული რაოდენობის მობილიზების შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს რეჟიმის ცვლილება.

მაგრამ უკანასკნელი დაახლოებით ორი ათწლეულის განმავლობაში ეს სურათი რადიკალურად შეიცვალა - მასობრივი პროტესტების რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად შემცირდა მათი წარმატების ალბათობა.

ძალადობრივი და არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობების წარმატების მაჩვენებელი

წყარო

როგორ უნდა ავხსნათ ეს პარადოქსი? რატომ ვერ ახერხებენ ფართომასშტაბიანი და მასობრივი მოძრაობები ენერგიის მტკიცე შედეგებად გარდაქმნას?

ეს ბლოგი მიმოიხილავს ბოლოდროინდელ კვლევებს სამოქალაქო წინააღმდეგობის შესახებ იმისათვის, რომ ვნახოთ, თუ რა შეიცვალა და რა არის მნიშვნელოვანი წარმატებისთვის; ასევე იმისათვის, რომ გავიგოთ, რა არის ის ფსიქოლოგიური და სოციალური ძალები, რომლებიც პასიურ უკმაყოფილებას საზოგადოებრივ წინააღმდეგობად აქცევს - ძალები, რომლებიც ადამიანებს ფრუსტრაციიდან კოლექტიური მოქმედებისკენ უბიძგებენ.

რა ამოძრავებს პროტესტს? როგორ გარდაიქმნება უკმაყოფილება მოქმედებად

ყველა მასობრივი პროტესტის უკან ათასობით ინდივიდუალური გადაწყვეტილება დგას. მაგრამ რა აიძულებს ადამიანებს ამ ნაბიჯის გადადგმას? რატომ იწვევს ზოგიერთი უსამართლობა მასობრივ მოძრაობას, მაშინ როცა სხვა დროს შეიძლება ადამიანები უფრო დიდ უსამართლობას უსიტყვოდ შეეგუონ?

სოციალური ფსიქოლოგიის კვლევების თანახმად, პროტესტში მონაწილეობა გამომდინარეობს აღქმის, ემოციის, იდენტობისა და სოციალური კონტექსტის რთული ნაზავისგან.

ყველაფერი ხშირად იწყება წუხილებით. ადამიანები, როგორც წესი, ადარებენ თავიანთ მდგომარეობას - იქნება ეს ეკონომიკური გაჭირვება, პოლიტიკური გარიყვა, კორუფცია, უსამართლობა - იმას, რაც მათ, მათი აზრით, ეკუთვნით. როცა მათ უჩნდებათ შეგრძნება, რომ რაღაც არალეგიტიმურად წაართვეს, ეს მორალური აღშფოთების წყაროდ იქცევა.

მაგრამ მხოლოდ წუხილი საკმარისი არ არის. შემდეგი კრიტიკული საფეხური ემოციური პროცესია. იმ ემოციებს შორის, რომლებიც ადამიანებს პროტესტისკენ უბიძგებს, ცენტრალურია ბრაზი?. ბრაზი განსაკუთრებით მძლავრი ინსტრუმენტია იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფურია და ეფუძნება აღქმას, რომ ჩვენს ჯგუფს უსამართლოდ ექცევიან. ეს არ არის მხოლოდ პირადი ფრუსტრაცია; ეს არის საერთო უსამართლობის ემოციური აღქმა. ეს გარდაქმნის პასიურ უკმაყოფილებას მორალურ აუცილებლობად. ადამიანები უბრალოდ არ ბრაზდებიან - ისინი ერთად ბრაზდებიან და ერთმანეთისთვის.

მაგრამ თუნდაც ძლიერი მრისხანება და უსამართლობის შეგრძნება ვერ გადაიზრდება მდგრად ქმედებაში, თუ ადამიანები არ ფიქრობენ, რომ რაიმეს შეცვლა შესაძლებელია. აქ შემოდის ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიც არის ეფექტურობის მოლოდინი - რწმენა იმისა, რომ კოლექტიურ ქმედებას შედეგის მოტანა შეუძლია. მოძრაობები, რომლებიც ქმნიან პროგრესის განცდას, აღწევენ მცირე გამარჯვებებს, აჩვენებენ კომპეტენტურობას, უფრო მეტად იზიდავენ მონაწილეებს. პროტესტში მონაწილეობა ამ თვალსაზრისით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც სტრატეგიული ქმედება: ადამიანები აფასებენ შანსებს და ასე იღებენ გადაწყვეტილებას მასში მონაწილეობაზე.

ყველა ეს ფაქტორი ძლიერდება, როდესაც ინდივიდები იდენტიფიცირდებიან ჯგუფთან - „ჩვენთან“, რომელიც დაზარალდა უსამართლობისგან და იბრძვის მის წინააღმდეგ. ჯგუფური იდენტობა ორმაგ როლს ასრულებს: ის განსაზღვრავს, როგორ აღიქვამენ ადამიანები წუხილებს და ემოციურად აერთიანებს მათ მოძრაობაში. რაც უფრო ძლიერია ჯგუფური იდენტობა, მით მეტად აღიქმება პროტესტი როგორც მოვალეობა - მორალური თვითგამოხატვა.

და ბოლოს, პროტესტი არასოდეს არის მხოლოდ ინდივიდუალური ქმედება. ის ცოცხლობს სოციალური ნორმებისა და კავშირების წყალობით. ადამიანები უფრო მეტად მოქმედებენ, როცა გარშემომყოფებიც მოქმედებენ. ამიტომ მოძრაობები ხშირად ფართოვდება და ძლიერდება თანატოლთა წრეებში, სტუდენტურ ჯგუფებში, სამუშაო ადგილებში - იმ სივრცეებში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და ცხოვრების აზრს პოულობენ.

ეს შიდა დინამიკები: წუხილები, ემოციები, ეფექტურობა, იდენტობა და ქსელები - გვეხმარება გავიგოთ, თუ რა ამოძრავებს პროტესტს. მაგრამ რა ხდება, როცა ამ ყველაფერს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები აძლიერებს?

სოციალური მედია და მობილიზაციის პარადოქსი

სოციალურმა მედიამ რადიკალურად შეცვალა აქტივიზმის ხასიათი. ის პროტესტების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ბევრი სხვადასხვა გზით შეიძლება დაეხმაროს. პირველ რიგში, სოციალური ქსელები დიდი რაოდენობის ადამიანების სწრაფად მობილიზების საშუალებას იძლევა: დღესდღეობით, ერთ ჰეშთეგს შეუძლია იმ საქმის შესრულება, რასაც წარსულში კვირების განმავლობაში ფლაერების დარიგება, კარდაკარ სიარული და შეკრებების ორგანიზება სჭირდებოდა. გარდა ამისა, სოციალური ქსელების მეშვეობით სწრაფად შეიძლება გავრცელდეს ინფორმაცია რეპრესიების, ძალადობის შესახებ, რომლის დამალვასაც შესაძლოა ბევრი რეჟიმი ცდილობდეს.

ამის გამო ბევრი მკვლევარი სოციალური ქსელების როლს დემოკრატიზაციის პროცესებში დიდი იმედით შეჰყურებდა. 2010 წელს, როცა “არაბული გაზაფხულის” სახელით ცნობილი მოძრაობები დაიწყო ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სწორედ სოციალური ქსელების საშუალებით მობილიზდებოდნენ ძირითადად პროტესტის მონაწილეები. თუმცა მხოლოდ ტუნისის შემთხვევაში აღმოჩნდა ეს პროცესი მეტწილად წარმატებული. დაახლოებით ამავე დროს მიმდინარეობდა “დაიკავე უოლ-სტრიტის” აქციები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოდნავ მოგვიანებით კი გეზის პარკის საპროტესტო მოძრაობა თურქეთში.

ყველა ამ შემთხვევაში ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა ძალიან სწრაფად მობილიზდა და გამოვიდა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის მხარდასაჭერად, ან პრობლემის წინააღმდეგ. ეს სწრაფი მობილიზება სწორედ ციფრული ტექნოლოგიების და სოციალური ქსელების საშუალებით მოხდა. თუმცა, ზოგი მკვლევარის აზრით, ასე სწრაფად გაჩენილ მასშტაბურ მოძრაობებს ხშირად აკლდათ მიმართულება, ორგანიზება და საერთო ფუნდამენტი. მათ არ ჰქონდათ სათანადო ინსტრუმენტები, რომ პოლიტიკაში გადაეთარგმნათ ქმედება. წარსულში დიდი მარშების ორგანიზება ხანგრძლივი საორგანიზაციო პროცესის, ნდობისა და ქსელების შენების, საერთო იდეებზე შეთანხმების კულმინაციას წარმოადგენდა. ამ პროცესის განმავლობაში ადამიანები ერთმანეთს იცნობდნენ, განიხილავდნენ საკითხებს, იღებდნენ გადაწყვეტილებებს. სწორედ ეს ეხმარებოდათ მათ პროტესტის კულმინაციური მომენტის და მის შემდგომ ეტაპზე.

ამიტომ სწრაფი მობილიზება შესაძლოა კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს: მოძრაობებს მასშტაბურობა შეიძლება მიენიჭოს იმაზე ადრე, ვიდრე მათ ექნებათ ორგანიზაციული სტრუქტურა ხანგრძლივი ბრძოლის გასაგრძელებლად. სწრაფმა და მასშტაბურმა მობილიზაციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს “ტაქტიკური გაყინვა” — სტრატეგიის შეცვლის ან ადაპტაციის უუნარობა რეპრესიების დროს.

სოციალური მედია ასევე უწყობს ხელს პოლარიზაციას, რაც ავტორიტარულ რეჟიმებს უფრო აძლევს ხელს. როგორც მრავალი კვლევა მიუთითებს, პლატფორმები ხშირად გამოიყენება იმისთვის, რომ დაითესოს უნდობლობა, გაამწვავოს დაყოფა და დაშალოს პროტესტის კოალიციები მათ გაძლიერებამდე. ალგორითმები ანიჭებენ უპირატესობას ემოციურ აღშფოთებას, და არა სტრატეგიულ ერთობას.

საბოლოოდ, ციფრულ ინსტრუმენტებს შეუძლიათ დაეხმარონ პროტესტს და გააძლიერონ მისი როგორც სოციალური, ასევე ემოციური მამოძრავებლები. თუმცა შესაბამისი საფუძვლის და ინფრასტრუქტურის გარეშე, მოძრაობები შესაძლოა მყიფე და რეაქტიული გახდეს, ნაცვლად იმისა რომ იყოს გამძლე და სტრატეგიული.

ორგანიზება და სტრუქტურა მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია დროც

ბოლო ორი ათწლეულის საპროტესტო მოძრაობების კიდევ ერთ მნიშნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს პროტესტების ჰორიზონტალური და არასტრუქტურირებული ხასიათი. ხშირ შემთხვევაში პროტესტის მონაწილეები ამას დადებით მოვლენად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ გამოკვეთილი ლიდერის ან ლიდერთა ჯგუფის არარსებობა მოძრაობას მეტ ლეგიტიმაციას ანიჭებს, და ამავე დროს მმართველი რეჟიმის მიერ მათი თავიდან მოშორება საფრთხესაც საგრძნობლად ამცირებს. ამერიკელი ანთროპოლოგის დევიდ გრებერის თვალსაზრისით, თვითონ პროტესტის პროცესი, მაქსიმალური ჰორიზონტალურობა და მონაწილეობითობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული.

თუმცა ზოგი მკვლევარი ამ თვალსაზრისს არ იზიარებს. ამერიკელი ჟურნალისტი ვინსენტ ბევინი თავის წიგნში „თუ დავიწვებით: პროტესტის საუკუნე და რევოლუცია, რომელიც ვერ შედგა“ 2010-2020 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიზაციის მიზნით დაწყებული საპროტესტო მოძრაობების კრიტიკულ ანალიზს წარმოადგენს. ბევინსი ამტკიცებს, რომ ლიდერობისა და სტრუქტურის არარსებობამ ხელი შეუწყო პროტესტების დეზორგანიზაციას. ჰორიზონტალური, ლიდერობის გარეშე მოძრაობები ხშირად ვერ ახერხებდნენ მიზნების მკაფიოდ განსაზღვრას და სტრატეგიული მიმართულების შენარჩუნებას.

ამ თვალსაზრისით შეგვიძლია განვიხილოთ განსხვავებები ეგვიპტისა და ტუნისის საპროტესტო მოძრაობებს შორის. ორივე მათგანი „არაბული გაზაფხულის“ ფარგლებში მოხდა და დაახლოებით მსგავსად განვითარდა. ეგვიპტეში ტაჰრირის მოედანზე პროტესტში ბევრი სხვადასხვა ჯგუფი მონაწილეობდა, თუმცა მათ შორის მხოლოდ მუსლიმური საძმო იყო სათანადოდ ორგანიზებული. მოძრაობის წევრებს არ ჰქონდათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭირო იყო წინააღმდეგობიდან მმართველობაში გადასვლისთვის.

ტუნისში კი 2011 წლის რევოლუციის დროს უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ქვეყნის ყველაზე დიდმა პროფესიულმა კავშირმა UGTT-მ. “იმ დღეს, როცა UGTT შეუერთდა პროტესტს, ვიცოდი, რომ ბენ ალის (ტუნისის მაშინდელი პრეზიდენტის) დღეები დათვლილი იყო” - იხსენებს საპროტესტო მოძრაობის აქტივისტი. გარდა უშუალოდ რეჟიმის ცვლილებაში წარმატების მიღწევისა, UGTT-იმ დიდი როლი ითამაშა ცვლილების შემდეგ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში.

გარდა იმისა, რომ სტრუქტურა და წარმომადგენლობითობა - ლიდერის, ან ლიდერთა ჯგუფის - ყოლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროტესტის უშუალო მიზნის მისაღწევად, არამედ მომავალი ლეგიტიმური წარმომადგენლის არჩევისთვის. წინააღმდეგობის ლიდერთა ჯგუფის არარსებობა ახალ რეალობაში შესაძლოა არასასურველი აქტორების პოლიტიკური გაძლიერება გამოიწვიოს. ამის შესახებ ჯო ფრიმანი ჯერ კიდევ 1969 წელს საუბრობდა სტატიაში სახელად “არასტრუქტურულობის ტირანია”.

ამის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ბრაზილიის 2013 წლის საპროტესტო მოძრაობა, რომელიც მემარცხენე პროგრესულმა ძალებმა წამოიწყეს. თუმცა, სწორედ იმის გამო, რომ მოძრაობას აკლდა სტრუქტურა, ორგანიზებულობა, არ ჰყავდა ლიდერი და არ წარიმართა სათანადო პოლიტიკური პროცესი, სადავეები საბოლოოდ რეაქციულმა მემარჯვენე ძალებმა ჩაიგდეს ხელში, რაც ბოლსანაროს ხელისუფლებაში მოსვლით დაგვირგვინდა.

სტრუქტურის გარდა, ასევე გადამწყვეტია დრო. მკვლევარები ფიქრობენ, რომ, ხანგრძლივი, არაძალადობრივი მობილიზაციები უფრო ხშირად იწვევს ინკლუზიურ და სტაბილურ დემოკრატიებს. დრო საშუალებას აძლევს მოძრაობებს:

  • შექმნან ინსტიტუციური მეხსიერება
  • განავითარონ ლიდერები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა
  • გაამყარონ კავშირები სამოქალაქო საზოგადოებასა და მომავალ პოლიტიკურ სისტემებს შორის

სწრაფმა რევოლუციებმა შესაძლოა დატოვონ სახიფათო ვაკუუმები. ნელი ტრანსფორმაციები, როგორც წესი, ამყარებს დემოკრატიას.

ავტორიტარული ადაპტაცია: როგორ სწავლობენ რეჟიმები წინააღმდეგობასთან გამკლავებას

ხშირად ისმის საუბარი იმის შესახებ, რომ დემოკრატიზაციის მიზნით წამოწყებულ საპროტესტო მოძრაობათა ბოლოდროინდელი წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ავტორიტარული რეჟიმების მიერ სწრაფი ადაპტირებაა. რეჟიმებს აღარ აკვირვებთ უეცარი მასობრივი მობილიზაცია და სპონტანური ქმედება. როგორც ფრანგმა ფილოსოფოსმა და პოლიტიკურმა თეორეტიკოსმა ანდრე გორცმა 1969 წლის სტატიაში თქვა, მმართველ კლასს სპონტანურობით მხოლოდ ერთხელ გააკვირვებ, შემდეგ ჯერზე კი ისინი უკეთ მოემზადებიან. ახლა ავტორიტარული რეჟიმები მრავალფეროვან ინსტრუმენტებს იყენებენ პოლიტიკური კრიზისის გადასალახავად: ისინი აკვირდებიან ერთმანეთს, ითვისებენ ტაქტიკებს და სწავლობენ კონტროლის მეთოდებს. რეჟიმებმა ისწავლეს არა მხოლოდ როგორ იძალადონ, არამედ როგორ მოერგონ პროტესტს ისე, რომ ძალაუფლება არ დათმონ. ისინი წარსული მარცხებიდან სწავლობენ, წინასწარ ელიან პროტესტის ციკლებს და შესაბამის მოქმედებებს გეგმავენ.

თანამედროვე ავტორიტარული სისტემების მოქმედების ძირითადი სტრატეგიები შემდეგია:

  • პროტესტის წარმოჩენა, როგორც უცხოეთიდან დაფინანსებულის, ან როგორც სამშობლოს ღალატის ფორმა;
  • კონტრპროტესტების, ტროლ-ფაბრიკების და ციფრული დეზინფორმაციის გამოყენება;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ შეზღუდვების დაწესება და დაფინანსების დაბლოკვა;
  • უშიშროების სექტორის დაყოფა, სუსტი წერტილების ჩამოშლის, ან სისტემიდან გასვლის თავიდან ასაცილებლად;
  • მეთვალყურეობის ტექნოლოგიების გამოყენება დაშინებისა და კონტროლის მიზნით;
  • დემოკრატიული ინსტიტუტების გამოფიტვა ფორმალური გარეგნობის შენარჩუნებით.

სტივენ ლევიტსკი და ლუკან ვეი აღწერენ, როგორ ინარჩუნებენ ჰიბრიდული რეჟიმები ძალაუფლებას “კონკურენტული ავტორიტარიზმის” გზით, სადაც ფორმალური ინსტიტუტები არსებობს, მაგრამ მათი სტრატეგიულად მანიპულირება ხდება რეალური ოპოზიციის დასათრგუნად.

ტაქტიკური მრავალფეროვნება: მარშსა და აქციას მიღმა

მარშები და მასობრივი შეკრებები ხშირად ყველაზე ხილული პროტესტის ფორმებია - ისინი იზიდავენ მედიის ყურადღებას, გამოხატავენ საზოგადოების უკმაყოფილებას და ლამაზ საინსტაგრამე იმიჯებს ქმნიან. თუმცა, მხოლოდ ამ ტიპის მასობრივ ღონისძიებებზე დაყრდნობა მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს. მოძრაობები, რომლებიც მთლიანად ცენტრალურ დემონსტრაციებზეა აგებული, ხშირად განიცდიან ტაქტიკურ გამოფიტვას, რადგან მონაწილეები იღლებიან, ხელისუფლება სწავლობს როგორ შეაკავოს ისინი და შედეგები მცირდება, როცა „შოკის ეფექტი“ ნელდება. მთავრობები ხშირად სწავლობენ, როგორ გადაურჩნენ პროტესტს: ან უბრალოდ დაელოდებიან, ან ყურადღებას გადაიტანენ, ან ჩუმად გააძლიერებენ რეპრესიებს მთავარ მოედნებს გარეთ.

ეს აჩვენებს ტაქტიკური მრავალფეროვნების გადამწყვეტ მნიშვნელობას. ეს გულისხმობს მოძრაობის უნარს და მზადყოფნას, გამოიყენოს პროტესტის მრავალფეროვანი მეთოდები, სტრატეგიულად შერჩეული პოლიტიკური კონტექსტის, სახელმწიფო რეპრესიების ინტენსივობისა და მოძრაობის შიდა ენერგიისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

ეფექტური საპროტესტო მოძრაობები ადაპტაციის უნარს სხვადასხვა გზით ავლენენ:

  • კონცენტრაციისა და დისპერსიის მეთოდების შერწყმით: მასშტაბური, ცენტრალიზებული მოქმედებების (როგორიცაა მარშები) მონაცვლეობა მცირე, ლოკალიზებულ ან დეცენტრალიზებულ ინიციატივებთან (მაგალითად, სამეზობლო შეკრებები, ფლეშმობები, მიზნობრივი ბოიკოტები). ეს ამცირებს მოძრაობის მთლიანად ჩახშობის შესაძლებლობას;
  • აგრესიული და შემოქმედებითი ქმედებების ინტეგრირებით: ისეთი ტაქტიკების გამოყენება, რომლებიც არღვევს სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას (მაგ. გზების ბლოკირება, ჯდომითი აქციები, გაფიცვები, ბოიკოტები), პარალელურად ისეთ ქმედებებთან, რომლებიც ქმნიან ალტერნატივებს და ზრდიან საზოგადოებრივ გამძლეობას (მაგ. ურთიერთდახმარების ქსელები, დამოუკიდებელი მედია, საზოგადოებრივი სერვისების ორგანიზება, პარალელური მმართველობის სტრუქტურები);
  • კულტურისა და სიმბოლიკის გამოყენებით: იუმორის, მუსიკის, ქუჩის თეატრის, ხელოვნებისა და სიმბოლოების გამოყენება იმისათვის, რომ გადმოსცენ მესიჯები, გააერთიანონ მონაწილეები, დაასუსტონ რეჟიმის ნარატივები და მიაწვდინონ ხმა იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურად ჩართულები არ არიან.

2018 წლის სომხეთის "ხავერდოვანი რევოლუცია" ამ ყველაფრის შესანიშნავი მაგალითია. პროტესტები არ შემოიფარგლებოდა სტატიკური შეკრებებით - არამედ მოიცავდა მობილურ, მრავალფეროვან და კოორდინირებულ ქმედებებს, როგორებიც იყო ქალაქის მასშტაბით ორგანიზებული საგზაო ბლოკადები ("გადადგი ნაბიჯი"), სტუდენტური გაფიცვები, ავტომობილების სიგნალები („ჰონკ-ინები“) და ენერგიული სამეზობლო შეკრებები. ამ არაძალადობრივმა, მაგრამ მტკიცე ტაქტიკებმა ხელისუფლებას დამაბნეველი პოზიცია შეუქმნა და პროტესტის მაღალი ტემპი შეინარჩუნა მმართველი რეჟიმის გადადგომამდე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტაქტიკური მრავალფეროვნება აფართოებს მონაწილეობის ბაზას. ყველას არ შეუძლია, ან არ სურს დაკავების თუ დაჯარიმების რისკზე წავიდეს ქუჩის აქციაზე, მაგრამ ბევრს შეუძლია გაფიცვაში მონაწილეობა, კონკრეტული პროდუქტის ბოიკოტი, ინფორმაციის გავრცელება, ლოჯისტიკური დახმარება, ფულადი მხარდაჭერა, ან ნაკლები რისკის ქმედებები. მრავალფეროვანი ტაქტიკა საშუალებას აძლევს ადამიანებს, იბრძოლონ საკუთარი შესაძლებლობების და რისკის ზღვრის შესაბამისად — რაც ამაღლებს მოძრაობის ინკლუზიურობასა და გამძლეობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროტესტის თუნდაც ყველაზე პასიურ ფორმაში ჩართული ადამიანების წვლილიც სათანადოდ იყოს აღქმული და დაფასებული.

ტაქტიკური ინოვაცია ასევე ართულებს რეჟიმისთვის სტრატეგიის ცვლილებას. რაც უფრო მეტად უწევთ ხელისუფლებებს ადაპტირება, მით მეტია მათი შეცდომის და საბოლოოდ, მარცხის შანსი.

სტრატეგიული მიზანშეწონილობა: ზეწოლა რეჟიმის საყრდენებზე

ის მოსაზრება, რომ მხოლოდ მასობრივი რაოდენობის ადამიანთა ქუჩაში გამოსვლა და პროტესტში ჩაბმა ავტომატურად გამოიწვევს პოლიტიკურ გამარჯვებას არაერთხელ გაქარწყლდა. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ლეგიტიმაციის დემონსტრირებისთვის და ზოგადად ზეწოლის მოსახდენად, საბოლოოდ პროტესტი წარმატებულია მაშინ, როცა იგი მიზანმიმართულად ასუსტებს იმ ძირითად სტრუქტურებს, რომლებიც რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება — ე.წ. „საყრდენებს“.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, წარმატებული არაძალადობრივი კამპანიები გამოირჩევიან იმით, რომ კარგად ცნობენ და მიზანმიმართულად უტევენ რეჟიმის მთავარ საყრდენებს. ეს საყრდენები, როგორც წესი, მოიცავს:

  • უსაფრთხოების ძალებს: სამხედრო, პოლიცია, სპეცსამსახურები და პარამილიტარული ჯგუფები - ძალადობრივი ძალაუფლების მატარებელი სტრუქტურები;
  • ეკონომიკურ ელიტებს: ბიზნესლიდერები, სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელები, ფინანსისტები და ოლიგარქები, რომლებზეც ეკონომიკური მდგრადობა და რეჟიმის დაფინანსება არის დამოკიდებული;
  • ბიუროკრატიულ აპარატს: საჯარო მოხელეები, მოსამართლეები, კანონმდებლები და მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც მართავენ სახელმწიფოს;
  • იდეოლოგიურ და კულტურულ ინსტიტუტებს: სახელმწიფო მედიას, განათლების სისტემას, რელიგიურ სტრუქტურებს და კულტურულ ლიდერებს, რომლებიც ქმნიან საზოგადოებრივ აღქმებს და ლეგიტიმაციას regime-სთვის.

ძირითადი იდეა ისაა, რომ საქპროტესტო მოქმედებები - ქუჩაში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას - უნდა ახერხებდეს ამ საყრდენებზე სხვადასხვა სახის ზეწოლას: ეკონომიკური ზიანის მიყენებას, მორალური დილემების გაჩენას, ან რეჟიმის მიმართ ლოიალობის დათმობის სტიმულირებას. ხშირად მიზანი არ არის საყრდენის განადგურება, არამედ მისი ნეიტრალიზაცია, ან დეფექცია, რაც ხშირად წარმატების კრიტიკულ ფაქტორად გვევლინება.

ეს სტრატეგიული მიზანშეწონილობა ხშირად ტაქტიკურად ვლინდება:

  • უსაფრთხოების ძალების მიმართ: დაახლოების ტაქტიკებით, პროფესიონალიზმზე მიმართული გზავნილებით, რეჟიმის სისასტიკის დემონსტრირებით, მათი ოჯახების ჩართვით, ან მშვიდობიანი ბლოკირებებით;
  • ეკონომიკური ელიტების მიმართ: მასობრივი გაფიცვები ართულებს ეკონომიკის ფუნქციონირებას და უბიძგებს ბიზნესლიდერებს, ზეწოლა მოახდინონ რეჟიმზე. ბოიკოტები მიზანში იღებენ რეჟიმთან დაკავშირებულ ბიზნესებს. ჩილეში 1980-იან წლებში პროფკავშირებმა და სამოქალაქო ჯგუფებმა სწორედ ხანგრძლივი ეკონომიკური ზეწოლით დაარწმუნეს ელიტების ნაწილი, რომ დემოკრატია აჯობებდა პინოჩეტის ძალაუფლების შენარჩუნებას;
  • ბიუროკრატიის მიმართ: „შიდა წინააღმდეგობა“ - სამუშაოს შენელება, სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების შეფერხება, ან კრიტიკული ინფორმაციის გაჟონვა, რეჟიმის მექანიზმების პარალიზებას იწვევს;
  • იდეოლოგიური საყრდენების მიმართ: კონტრ-ნარატივების შექმნა, რეჟიმის ტყუილების გამოვლენა, სიმბოლოების გამოყენება - ყველაფერი ეს ამცირებს რეჟიმის ლეგიტიმაციას.

ცხადია, რეჟიმებიც სწავლობენ ამ ყველაფერს და ხშირად ცდილობენ "გადატრიალებისგან დაცვას“ - პატრონაჟით, შიშით, შიდა დაყოფებით, პროპაგანდით და ლოიალობის შენარჩუნებით. ამიტომ წარმატება არასოდეს არის გარანტირებული, საჭიროა ღრმა ანალიზი და დაფიქრება იმაზე, თუ რომელი საყრდენებია კრიტიკულად მნიშვნელოვანი? რომლები არიან დაუცველი ან შიგნიდან დაყოფილები? სად შეუძლია მოძრაობას მაქსიმალური ზეწოლა? მკვლევართა დასკვნით, ყველაზე ეფექტური იქნება ისეთ საყრდენებზე იერიშის მიტანა, რომლებიც უფრო მოწყვლადია, ან რომელთა გადმობირების თუ დეაქტივაციის ალბათობა უფრო მაღალია. წარმატებული მოძრაობები ატარებენ ძალაუფლების ანალიზს. ისინი არ ებრძვიან მხოლოდ აბსტრაქტულ ძალას, ისინი იკვლევენ მის სტრუქტურას და ყველაზე სუსტ წერტილებში მიმართავენ ზეწოლას.

თანამედროვე სამოქალაქო წინააღმდეგობის ლანდშაფტი ღრმად შეცვლილია. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი პროტესტი კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს უსამართლობასთან ბრძოლაში, მხოლოდ მოქალაქეთა დიდი რაოდენობის ჩართულობის საფუძველზე აღარ არის წარმატების ავტომატური გარანტი. წარმატებული მოძრაობები უფრო ხშირად გამოირჩევიან სტრატეგიული ფოკუსით, სტრუქტურით, ტაქტიკური მრავალფეროვნებით და რეალისტური მიზნების დასახვით. ციფრული ტექნოლოგიები მობილიზაციის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობენ, მაგრამ მათ თან ახლავს ახალი გამოწვევებიც - ზედაპირულობა, მობილიზების სიმყიფე და პოლარიზაციის გაღვივება. საბოლოოდ, მდგრადი და შედეგიანი წინააღმდეგობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს მოძრაობა წუხილების, ემოციების, იმედისა და სოციალური კავშრების გარდაქმნას სტრატეგიულ ქმედებად, რომელიც ზეწოლას ახდენს რეჟიმის კრიტიკულ საყრდენებზე და ქმნის ცვლილებისთვის საჭირო საფუძველს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“