საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
3 მაისს, როდესაც მსოფლიო აღნიშნავს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, საქართველოში მედია მზარდი ავტორიტარიზმის რეალობაში ხვდება. ვითარება, რომელშიც მედიას უწევს ოპერირება, ხასიათდება სამოქალაქო სივრცის სისტემური შევიწროებით, მედიის საქმიანობის შემზღუდავი საკანონმდებლო გარემოს დამკვიდრებით და ჟურნალისტებისთვის მტრული და არაუსაფრთხო პირობების ფორმირებით.
ამ უკიდურესად მძიმე პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ იმ ჟურნალისტების, რედაქტორების, ოპერატორებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების შეუპოვრობა, ვინც ყოველდღიურად დგანან დემოკრატიის სადარაჯოზე და ერთგულად ემსახურებიან საკუთარ პროფესიულ ვალდებულებას - საზოგადოებისთვის სანდო და კრიტიკული ინფორმაციის მიწოდებას, ხშირად პირადი უსაფრთხოების ფასად.
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო პრესის თავისუფლების გლობალურ რეიტინგში 11 პოზიციით დაეცა და ახლა 114-ე ადგილზე იმყოფება. ეს შეფასება ასახავს იმ სისტემურ ძალადობას, რომელიც ჟურნალისტებზე ხორციელდება როგორც ფიზიკური, ასევე სამართლებრივი და ინსტიტუციური მეთოდებით.
მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში საქართველოში მედიის წარმომადგენლების მიმართ 342 ინციდენტი დაფიქსირდა, მათ შორის 112 - ფიზიკური ძალადობის შემთხვევა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ძალადობის უმრავლესობა უკავშირდება პროევროპულ პროტესტებსა და საპარლამენტო არჩევნებს. აღსანიშნავია, რომ პროტესტების დროს ჟურნალისტებზე ძალადობა თავად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა (მათ შორის: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, დავით ბიჭიკაშვილი, ნანუკა ქაჯაია, გიორგი შეწირული, დავით ცაგარელი, მარიამ ნიკურაძე). სამწუხაროდ, ამ დრომდე არცერთ შემთხვევაში არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა სამართალდამცავთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისათვის. ამავე დღეებში დაფიქსირდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობის უმძიმესი შემთხვევებიც, რომლებიც სავარაუდოდ მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მართული კერძო ძალადობრივი ჯგუფების მიერ იყო განხორციელებული (თავდასხმა მაკა ჩიხლაძეზე და მის ოპერატორზე, ასევე ჟურნალისტ მინდია გაბოძეზე). არც ერთი ამ საქმიდან დღემდე გამოძიებული არ არის.
მიმდინარე თვეებში უკანონო დაკავებების ტალღა 13 ჟურნალისტს შეეხო. მათ შორისაა, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც სამ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მისი საქმე წარმოაჩენს სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების კოორდინირებულ, უკანონო მოქმედებას ჟურნალისტის დასჯის მიზნით. მზია ამაღლობელი "ქართული ოცნების" ავტორიტარიზმის პირობებში მედიის დევნისა და შევიწროების სიმბოლურ სახედ იქცა.
საგანგაშოა მდგომარეობა საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტიკის და პროპაგანდის გამტარ ინსტრუმენტად იქცა. განსაკუთრებით ბოლო თვეებში მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებები მიუთითებს სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფაზე და შიდა კრიტიკული აზრის დევნის პრაქტიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის შენობასთან უკვე თვეებია გრძელდება პროტესტი ჟურნალისტებისა და საზოგადოების მხრიდან, მენეჯმენტი კვლავ არ აძლევს ეთერში ხმას ამ ადამიანებს და არ გამოხატავს საზოგადოებრივ ინტერესს. გადაცემების ნაწილი ამ დრომდე შეჩერებულია, ხოლო ათეულობით ჟურნალისტს, რედაქტორსა და პროდიუსერს არ აქვს ინფორმაცია თავისი პროგრამებისა და სამსახურის მომავალზე.
2025 წლის 11 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე გაათავისუფლეს ღვაწლმოსილი ჟურნალისტები - ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. იმავე დღეს დისციპლინური სანქციები დაეკისრათ კიდევ 4 თანამშრომელს. დისციპლინური საფუძველი იყო მათი საჯარო განცხადებები, რომლებიც მაუწყებელმა მიიჩნია "სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებად". ეს სანქციები უკავშირდება კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების შეშფოთებას მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით და ცხადყოფს განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლების დევნის პრაქტიკას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მაუწყებლის კანონით განსაზღვრულ საზოგადოებრივ მისიას.
ამასთან, სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებული ავტორიტარული კანონები - მათ შორის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA), გრანტების შესახებ კანონში განხორციელებული უმძიმესი ცვლილებები - ქმნის სამართლებრივ და ინსტიტუციურ სივრცეს, რომელიც მედიას არა მხოლოდ ზღუდავს, არამედ ეგზისტენციური საფრთხის წინაშე აყენებს.
მაუწყებლებისთვის განსაკუთრებით მძიმეა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში გატარებული ცვლილებები, რომლებიც მედიის საქმიანობაზე შინაარსობრივ კონტროლს აწესებს და თვითრეგულირების მექანიზმების ნაცვლად სახელმწიფო ზედამხედველობას აძლიერებს. განსაკუთრებით მძიმე და უსამართლოა ტელე და რადიომაუწყებლებისთვის უცხოური წყაროებიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების ბლანკეტური აკრძალვა, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ ფინანსურ რესურსებზე წვდომას და აძლიერებს მათ დამოკიდებულებას უთანასწორო ბაზარზე.
კომერციული მედია ასევე მძიმე ფინანსური გამოწვევების წინაშე დგას. მათი დიდი ნაწილი შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსებით ოპერირებს და უჭირს მიმდინარე პროცესების სათანადოდ გაშუქება. ზოგიერთმა კრიტიკულმა მედიამ, მათ შორის "მთავარმა არხმა", იძულებით შეაჩერა მაუწყებლობა. არსებობა შეწყვიტა რამდენიმე რეგიონულმა პლატფორმამაც - მაგალითად, "ლაივპრესმა", რომელმაც 12 წლის განმავლობაში აშუქებდა მოვლენებს სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აფხაზეთში.
მედიის თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტურ საყრდენად გვევლინება, რადგან ის არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის საშუალებაა, არამედ ძალაუფლების სტრუქტურების ანგარიშვალდებულისა და კონტროლის მექანიზმიც. დამოუკიდებელი მედია ის სივრცეა, სადაც მოქალაქეები კრიტიკულად მსჯელობენ საჯარო საკითხებზე და აფორმებენ საზოგადოებრივ აზრს, რაც წინაპირობაა ლეგიტიმური და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის.
მედიის თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტური საყრდენია. ის არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის საშუალებაა, არამედ ძალაუფლების სტრუქტურების კონტროლის მექანიზმი. დამოუკიდებელი მედია ქმნის სივრცეს, სადაც მოქალაქეები კრიტიკულად მსჯელობენ საზოგადოებრივ საკითხებზე და აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს - რაც ლეგიტიმური, ანგარიშვალდებული მმართველობის აუცილებელი პირობაა.
საინფორმაციო ძალაუფლების კონცენტრაცია მმართველი პარტიის ხელში ყოველთვის ნიშნავს კრიტიკული დისკურსის ჩახშობას და პოლიტიკური თუ ეკონომიკური დომინაციის მოპოვებას. მედიის თავისუფლება იძლევა საშუალებას, რომ დომინანტური იდეოლოგიების პარალელურად არსებობდეს ალტერნატიული დისკურსები და ნარატივები, რომლებიც არსებული ძალაუფლების სისტემებს უწევენ წინააღმდეგობას და ახდენენ საზოგადოებრივი ინტერესებისა და გამოცდილებების არტიკულაციას. შესაბამისად, მედიის შეზღუდვა არა მხოლოდ უფლებების დარღვევაა, არამედ დემოკრატიის სტრუქტურის დესტაბილიზაცია, რაც ანგრევს საჯარო დისკუსიის შესაძლებლობას და ამარტივებს ავტორიტარიზმის დაკანონებას.
ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმ კონტექსტში, როდესაც პროპაგანდა მმართველი პარტიის მიერ გამოყენებულია როგორც ძირითადი და მძლავრი პოლიტიკური იარაღი. ასეთ ვითარებაში თავისუფალი მედია რჩება ერთადერთ ინსტიტუციურ გარანტიად, რომელიც საზოგადოებას აძლევს წვდომას ძალაუფლებისგან დამოუკიდებელ ინფორმაციაზე და მონაწილეობის შესაძლებლობას დემოკრატიული პროცესების ფორმირებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ გამოხატავს სოლიდარობას საქართველოში მოქმედი მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიმართ და მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
ინსტრუქცია