საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მედია პლატფორმების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიზნად ისახავს სასამართლოსთვის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას, მასთან ერთად, განსახილველი საქმის არსებითი სამართლებრივი საკითხების შესახებ ობიექტური, აკადემიური და თეორიული განმარტებების მიწოდებას.
დოკუმენტში გაანალიზებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა სისხლის სამართლის კოდექსის 353¹-ე მუხლით კვალიფიკაციის შესახებ, ასევე მიმოხილულია აღნიშნული მუხლისა და 126-ე მუხლის გამიჯვნის საკითხი. გარდა ამისა, განხილულია სისხლისსამართლებრივი მექანიზმების, როგორც უკიდურესი ღონისძიების, გამოყენების პრინციპი და ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამორიცხვის საკითხი.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის, მიმართ განხორციელებული ქმედება უნდა შეფასდეს იმ ფაქტობრივ კონტექსტში, რაც მას წინ უძღოდა. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტამდე პოლიციამ თვითნებურად დააკავა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები, მათ შორის მზია ამაღლობელი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, შეკრების ადგილზე პოლიციამ ასევე თვითნებურად და აგრესიულად დააკავა მზია ამაღლობელის ნაცნობი ახალგაზრდები, რასაც თან ახლდა შეკრების მონაწილეებზე ფიზიკური წნეხი, ჭყლეტა და დაძაბულობა. მნიშვნელოვანია, სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს, ხომ არ იყო მზია ამაღლობელის ქმედება პროვოცირებული პოლიციის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებებით. ამასთან, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პოლიციის მხრიდან მომდინარე და განცდილ უკანონობაზე მზია ამაღლობელის ამგვარი სპონტანური რეაქციას, თავის მხრივ, გამორიცხავს პოლიციელზე თავდასხმის განზრახვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 3531 მუხლით ქმედებით დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, სახეზე გვქონდეს: 1. თავდასხმა - როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი; 2. თავდასხმის განხორციელება პირდაპირი განზრახვით; 3. თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან. მზია ამაღლობელის შემთხვევაში კი აშკარაა, რომ არც ერთი ეს მაკვალიფიცირებელი ნიშანი არ გვაქვს სახეზე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, არა პოლიციელზე თავდასხმად, არამედ ძალადობად (სსკ-ის 126-ე მუხლი) ჩათვალა, მაგალითად, შემდეგი ქმედებები:
შესაბამისად, მზია ამაღლობელის ქმედებაში ძალიან თვალსაჩინოა, რომ პოლიციელზე თავდასხმად განსახილველი ქმედების კვალიფიკაცია დაუსაბუთებელი ჩანს.
სასამართლო მეგობრის პოზიციაში ასევე განხილულია სსკ-ის 126-ე მუხლის კვალიფიკაციის საკითხები და სასამართლოს ყურადღებას მივაქცევთ იმ გარემოებაზე, რომ მზია ამაღლობელის საქმეში არ არსებობს ამ დანაშაულის უმთავრესი ელემენტი - დაზარალებულის მხრიდან ძლიერი ფიზიკური ტკივილის აღქმა. მხოლოდ ვიდეოკადრების დაკვირვებაც კი საკმარისია იმის დასადგენად, რომ მზია ამაღლობელის მოქნეულ ხელს არ შეეძლო გამოეწვია ახალგაზრდა, ფიზიკურად მასზე ძლიერი მამაკაცისათვის მსგავსი ტკივილის მიყენება.
შესაბამისად, მზია ამაღლობელის ქმედება არ იყო ისეთი ინტენსივობის, რომ მისი სისხლისსამართლებრივი დასჯა გამართლებულიყო, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სისხლის სამართლის მექანიზმები უკიდურესი ზომა უნდა იყოს. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ მცირე მნიშვნელობის მქონე ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს.
ჩვენი შეფასებით, მზია ამაღლობელის ქმედება ხასიათდება პოლიციელზე მინიმალური ზემოქმედებით, ხოლო პოლიციელსა და ქალს შორის აშკარა ძალაუფლებრივი ასიმეტრია კიდევ უფრო გამორიცხავს მის დასჯას ამგვარი მექანიზმით. შესაბამისად, მოცემულ საქმეში უნდა იყოს გამოყენებული სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლი.
ჩვენი დაკვირვებით, მზია ამაღლობელის საქმეში იკვეთება მნიშვნელოვანი პროცედურული გამოწვევები. წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ დაცვის მხარის თითქმის ყველა მტკიცებულება დაუშვებლად ცნო, მაშინ როდესაც პროკურატურის ყველა შუამდგომლობა მტკიცებულებების დასაშვებად სცნო. ეს მნიშვნელოვნად ართულებს საქმისთვის არსებითი გარემოებების სრულფასოვან შეფასებას.
განსაკუთრებით საყურადღებოა ინტერესთა კონფლიქტის საკითხიც: დაზარალებულ პირად მიჩნეულია ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ხოლო საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე საქმეს სწორედ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფი იძიებდა. ამავე დანაყოფის უფროსი, რომელიც მზია ამაღლობელის დაკავებაში მონაწილეობდა, მთავარი მოწმეა, ხოლო ყველა სხვა მოწმე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციელია. ამასთან, ყველა საგამოძიებო უწყება დაქვემდებარებულია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ გრიგოლ ბესელიას, რომელიც თავად ფიგურირებს ამ საქმეში. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების გამო. სამწუხაროდ, გენერალურმა პროკურატურამ დაცვის მხარის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქმის საგამოძიებო წარმოება გურიის პოლიციის დეპარტამენტს გადააბარა. თუმცა, საქმეზე კვლავ ზედამხედველობს აჭარის პროკურატურა, რომელიც გამოძიების პირველი დღიდანვე კურირებდა ამ პროცესს და მჭიდრო ოპერატიული კავშირი აქვს როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან, ისე ბათუმის პოლიციის სამმართველოსა და მის ყველა დანაყოფთან. შესაბამისად, საქმის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე არსებული კითხვები კვლავაც აქტუალურია.
ამავდროულად სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოს მნიშვნელოვანი მოწოდებით მიმართავს. სსკ-ის 3531 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა ცალსახად არ არის ჩამოყალიბებული განჭვრეტადი ფორმით, ეს პრაქტიკაში არაერთგვაროვანი განმარტებებისა და არაკეთილსინდისიერი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რეკომენდაციით მიმართა სასამართლოს გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კონსტიტუციური წარდგენის უფლებამოსილება და მუხლის ნორმატიული შინაარსის განმარტებისათვის მოსამართლემ წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოს მოუწოდებს, საქმის განხილვისას გაითვალისწინოს მისი მსუსხავი ეფექტი მედია გარემოსა და ჟურნალისტებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღოს 2024 წლის 16 დეკემბერს მომხდარი შემთხვევა, როდესაც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ ბესელიამ, და ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, საპროტესტო შეკრების დროს დაკავებით დაემუქრნენ “ბათუმელების” რედაქტორს, ეთერ თურაძეს. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოებას დამატებით სიმძიმეს ანიჭებს ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მის მიმართ განხორციელდა ღირსების შემლახავი მოპყრობის უმძიმესი შემთხვევა, რომლის გამოძიებასაც დაცვის მხარე ასევე მოითხოვს. ეს ფაქტები აჩენს ეჭვებს ადგილობრივი პოლიციის მხრიდან “ბათუმელების” დირექტორის დევნის მიმართ შესაძლო დაინტერესებაზე.
მოცემული საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლოს სამართლიან და დასაბუთებულ მსჯელობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც მზია ამაღლობელის საქმეზე სამართლიანობის მიღწევაში და გამორჩეული მედია პლატფორმის დირექტორისა და ღვაწლმოსილი ჟურნალისტის უფლებების დაცვაში, ასევე მსგავს დანაშაულებთან მიმართებით ერთგვაროვანი პრაქტიკის განმტკიცებაში.
[1] უზენაესი სასამართლო განჩინებებს საქმეში მონაწილე პირების იდენტიფიცირების გარეშე, ინიციალებით აქვეყნებს, თუმცა უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებულ ამ განჩინების ერთ მონაკვეთში ჩანს, რომ დაზარალებულად მიჩნეული ერთ-ერთი პოლიციელი ქალია.
[2] საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე #330100119003106908 (№1045აპ-22) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ, ქ. თბილისი, 11 იანვარი, 2023 წელი.
[3] საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე #160100123007507352 (№474აპ-24) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ, ქ. თბილისი, 10 სექტემბერი, 2024 წელი.
[4] საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე #010100122006548824 (№253აპ-24) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ, ქ. თბილისი, 24 ივნისი, 2024 წელი.
[5] საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე #330100122005542913 (№519აპ-23) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ, ქ. თბილისი, 11 სექტემბერი, 2023 წელი.
[6] საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე #330100119003106908 (1045აპ-22) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ, ქ. თბილისი, 11 იანვარი, 2023 წელი.
[7] საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე #0160100119002935126 (№365აპ-20) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ, ქ. თბილისი, 16 სექტემბერი, 2020 წელი.
[8] საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე #210100119002891258 (№967აპ-21) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ, ქ. თბილისი, 4 აპრილი, 2022 წელი.
ინსტრუქცია