საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
უკანასკნელი დღეების განმავლობაში, მედიით ვრცელდება ინფორმაცია პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების, ცემის, არასათანადო მოპყრობის არაერთ ფაქტზე, რომელშიც, მოქალაქეები, მათ შორის, პოლიციის მაღალი რანგის თანამშრომლების მონაწილეობაზე მიუთითებენ.
მოქალაქეთა განცხადებების სიმრავლე პოლიციის უკანონო მოქმედებების შესახებ, ასევე პოლიციის მაღალჩინოსნების სავარაუდო მონაწილეობის შემთხვევები, აჩენს განცდას, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტები ინდივიდუალური გადაცდომების სახეს სცდება. პროკურატურის მხრიდან გამოძიების არდაწყება და დაწყებული გამოძიებების გაჭიანურება, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დანაშაულის სავარაუდო ფაქტებზე შიდა მოკვლევის გზით რეაგირება აძლიერებს განცდას, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ეფექტურად ვერ პასუხობს ძალადობის შემთხვევებს, ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეთა დასჯას, რაც დამატებით ახალისებს პოლიციელების თვითნებურ და უკანონო მოქმედებებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თელავის რაიონში მოქალაქე გურამ მელიქიშვილის მიმართ პოლიციამ ფიზიკური ძალა გამოიყენა სასურველი ჩვენების მიღებაზე უარის თქმის შემდეგ. მოქალაქე ოთარ სეფაშვილის განცხადებით, ყვარელში, მას პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. ასევე ყვარელში, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სასურველი ინფორმაციის მიღების მიზნით, სცემა მოქალაქე კოხტა ვარადაშვილი. გუშინ გავრცელებულ ვიდეოში, მოქალაქე ლიკა კიკიანი საუბრობს თბილისში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ცემასა და შეურაცხყოფაზე. რამდენიმე დღის წინ, ასევე გავრცელდა ინფორმაცია თბილისში მოქალაქეების ფილიპე ბაბაიანისა და არტურ ოგანეზოვის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებულ სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებით.
ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფილიპე ბაბაიანის განცხადების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ასევე, როგორც ცნობილია, ლიკა კიკიანის საქმეზე მოკვლევას აწარმოებს შსს-ის გენერალური ინსპექცია და ამ საქმით პროკურატურა არ დაინტერესებულა. პროკურატურა არ ავრცელებს ინფორმაციას არც სხვა საქმეებზე გამოძიების დაწყების ფაქტის შესახებ.
ხსენებული შემთხვევები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა არაერთ მედიასაშუალებაში, ცალსახად შეიცავს კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს, რაც კანონის მოთხოვნების შესაბამისად გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო.[1] კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც საუბარია პოლიციის მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე საქმეზე გამოძიება უნდა აწარმოოს პროკურატურამ.[2] შსს-ის გენერალური ინსპექციის მანდატი არ არის და არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივ ფაქტებზე რეაგირება. ის ვერ ჩაითვლება გამოძიების მწარმოებელ ობიექტურ ორგანოდ, როდესაც მოქალაქეები ძალადობაში პოლიციის წარმომადგენლებს ადანაშაულებენ.
მნიშვნელოვანია, რომ დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლებამ ნათელი პოლიტიკური განაცხადი გააკეთოს. ამისთვის, ინდივიდუალურ შემთხვევებში ეფექტური გამოძიების ჩატარების გარდა, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ აღიაროს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროება და დროულად დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით. არასათანდო მოპყრობის ფაქტებთან ბრძოლის რეალური პოლიტიკური ნება სწორედ ამ გზით შეიძლება იყოს გამოხატული.
EMC მოუწოდებს პროკურატურას, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა და დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყოს გამოძიება. ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად აწარმოოს ღია განხილვა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხზე.
არასათანდო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესწავლისა და საკითხის სისტემური ანალიზის მიზნით, EMC გეგმავს საქართველოს რეგიონებში მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია პოლიციის საქმიანობის შესახებ.
[1] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდა მასმედიაში
[2] “სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული ქვემდებარეობის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის ბრძანება #34
ინსტრუქცია