საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსჯავრდების უწყვეტ სერიას და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ლიდერებისადმი საპატიმრო სასჯელების გამოყენება, ქვეყანაში ოპოზიციის გაქრობასა და პოლიტიკური წინააღმდეგობის განეიტრალებას ემსახურება და ავტოკრატიული მმართველობის კონსოლიდაციის უმძიმესი ნიშანია.
2025 წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის სამ პოლიტიკურ ლიდერს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, პოლიტიკური პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. იმავე დღეს, მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენი გამოიტანა პოლიტიკური პარტია “ლელოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სისხლის სამართლის საქმეზე და პოლიტიკოსებს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2025 წლის 24 ივნისს, თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც, რომელსაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლოს წარმოებაშია ასევე პოლიტიკოსების, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები, რომლებზეც განაჩენი უახლოეს დღეებში დადგება, და ამ შემთხვევაშიც, მოსალოდნელია, რომ პოლიტიკოსების თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, პროკურატურა პოლიტიკოსებს, ქართული ოცნების პარლამენტში, 2003-2012 წლებში არსებული ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება. მივიჩნევთ, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და პოლიტიკური ლიდერების პატიმრობა ამ საფუძვლით უკანონო და თვითნებურია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, კომისიაზე გამოუცხადებლობის საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება ურთიერთგამომრიცხავი და არაგანჭვრეტადია და სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733 მუხლები (საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა) არსებითად იდენტური შინაარსისაა. შესაბამისად, მოქმედი საკანონმდებლო რეალობით ერთი და იგივე ქმედება პარალელურად წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ისე სისხლის სამართლის დანაშაულს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგის განჭვრეტის არანაირი ობიექტური კრიტერიუმი, აღნიშნული კი განსახილველ ნორმას არაკონსტიტუციურს ხდის. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ პოლიტიკოსების მიმართ, სადავო მუხლით გამოძიების დაწყება სწორედ მათი პოლიტიკური საქმიანობისგან ჩამოშორებას ემსახურება და არ არის ნაკარნახევი დაცვის ღირსი საჯარო ინტერესით.
გარდა ამისა, დაუსაბუთებელია პოლიტიკოსებისთვის ყველაზე მძიმე სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის შეფარდების საკითხი. მოსამართლეს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მათთვის უფრო ნაკლებად მზღუდავი სასჯელი, მაგალითად ჯარიმა განესაზღვრა, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლი, 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთის გარდა, ჯარიმასაც ითვალისწინებს. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავდროულად, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის შეფარდებისას, მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის მოტივი და მიზანი, ნორმის დარღვევის ხასიათი და ზომა, ასევე, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. სასჯელის დანიშვნისას, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას დამნაშავის წარსული ცხოვრება და სხვა პიროვნული მახასიათებლები. მოცემულ შემთხვევაში, პოლიტიკოსთა მიერ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის აქტი, წარმოადგენდა მათი პოლიტიკური გამოხატვის ნაწილს და არარელევანტურია მის სისხლისსამართლებრივ მნიშვნელობაზე საუბარი. ასევე ცხადია, რომ პოლიტიკოსთა ქმედებას არ მოჰყოლია რაიმე სახის ზიანი და დაუსაბუთებელია, თუ რა სახის მართლსაწინააღმდეგო შედეგი მოჰყვა მათ ქმედებას. ყველა მათგანი, უკვე ათწლეულებია, რაც ჩართულია ქართულ პოლიტიკაში და სხვადასხვა დროს ეკავათ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობები. შესაბამისად, პოლიტიკოსთათვის ყველაზე მძიმე სასჯელის დაკისრება, მიუთითებს, მათ მიმართ დაუსაბუთებლად რეპრესიულ მიდგომაზე.
მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის სულისკვეთებასა და შინაარსს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება და დასჯა ფორმალურად ეფუძნება სამართლებრივ ნორმებს, აშკარაა, რომ ამ ნორმათა გამოყენება ემსახურება არა მართლმსაჯულების მიზნებს, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური აქტორების დისკვალიფიკაციას, დაშინებასა და პოლიტიკური პროცესიდან ჩამოშორებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა არაერთგზის ადასტურებს, რომ სახელმწიფოებმა არ უნდა გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები პოლიტიკური პლურალიზმის წაშლის მიზნით, რასაც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში სისტემური ფორმები აქვს მიღებული.
პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ყველა რგოლი - პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო - სრულად არის ჩართული ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაციაში, ვიწრო პარტიული და პოლიტიკური ინტერესების მოქმედებს და დაკარგული აქვს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალობა. მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური რევანშისთვის გამოყენება შემაშფოთებელია და სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების უმძიმეს რეალობას ქმნის, სადაც სასამართლოს სრულად აქვს დაკარგული დემოკრატიული ბალანსისა და შემაკავებელი ძალის ფუნქცია.
პოლიტიკური რეპრესიების ეს ახალი ტალღა ემთხვევა საქართველოს პოლიტიკური სისტემის ღრმა რესტრუქტურიზაციას, როდესაც ხელისუფლება ცდილობს სრულად გაწმინდოს პოლიტიკური სივრცე ორგანიზებული ოპოზიციური წინააღმდეგობისგან. ოპოზიციის ლიდერთა მასობრივი დაპატიმრება უნდა განვიხილოთ როგორც უფრო ფართო პროცესის ნაწილი, რომელიც მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებს, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სისტემურ დარღვევას, საარჩევნო სისტემის მანიპულირებას და ა.შ.
აშკარაა, “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ანადგურებს საჯარო პოლიტიკურ სივრცეს და ოპონენტებს, რაც პრაქტიკულად აქრობს პოლიტიკური კონკურენციის გარემოს საქართველოში და ქვეყანა სრული ავტორიტარიზმის რეალობაში გადაჰყავს. ქვეყანაში შექმნილი კრიზისის განმუხტვისა და ნორმალიზების ნაცვლად, “ქართული ოცნება” ძალაუფლების აგრესიული კონსოლიდაციის გზას დაადგა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში განმტკიცებულ ჩვენს სუვერენულ შეთანხმებას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შესახებ და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ იზოლაციას შეუქცევადად აღრმავებს.
ჩვენი გადმოსახედიდან, ეს აღარ არის მხოლოდ ინდივიდუალური პოლიტიკოსების საქმეები, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის საკითხი, რადგან პოლიტიკური პლურალიზმის და კონკურენციის გაუქმება ქმნის რეალობას, როცა მმართველ პოლიტიკურ ძალას ეძლევა შეუზღუდავი კონტროლი ადამიანებზე, რესურსებზე, გეოპოლიტიკაზე, მომავალზე და იქმნება რეალობა, როცა ადამიანების უსაფრთხოებისა და მათი საბაზისო უფლებების დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
ინსტრუქცია