[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / თვალსაზრისი

პატრიარქის დეცენტრალიზაცია

გრიგოლ მახარაძე 

map_georgia

ჩვენ გვაშინებენ.

ჩვენ გვაშინებენ, რომ თუ თვითმმართველობას შემოვიღებთ, თუ მოქალაქეები საკუთარ საქმეებს თავად მივხედავთ, საქართველო დაიშლება. მოდი, დავაზუსტოთ, სახელმწიფოს დამანგრევლი რეგიონულ დონეზე თვითმმართველობის ელემენტების შემოტანა ყოფილა.

სინამდვილეში, ჩემი აზრით, ფრიად სამწუხაროდ, რეგიონულ დონეზე არანაირი თვითმმართველობის შემოღება არ ხდება. კარგი კი იქნებოდა, რეგიონულ დონეზე არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანოს და არჩევითი გუბერნატორის არსებობა, საკუთარი უფლებამოსილებებით, ქონებითა და ბიუჯეტით, მაგრამ ასე არ არის. საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საქართველოს ორგანული კანონის „თვითმმართველობის კოდექსის“ პროექტი ითვალიწინებს საქართველოს რეგიონებში ერთგვარი საბჭოების შექმნას, რომლებიც მთავრობის მიერ დანიშნულ გუბერნატორსა და მის მიერ სხვადასხვა სამთავრობო პროექტის განხორციელებას მონიტორინგს გაუწევენ. ეს თვითმმართველობა არ არის, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც დღეს გვაქვს, წინგადადგმული ნაბიჯი კია.

ისტორიულად, საქართველო ყოველთვის მხარეებად იყო დაყოფილი. ამა თუ იმ მხარის წარმომადგენლობა ქართველის იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითად გურულები ამაყობენ თავიანთი გურულობით, ისევე, როგორც კახელები კახელობით და ასე შემდეგ. საქართველოს მხარეებს, გარდა მოსახლეობის საერთო იდენტობისა, საერთო გეოგრაფია, ისტორია, კულტურა და ეკონომიკა გააჩნიათ. რეგიონი, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, საქართველოსთვის ისტორიულად დამახასიათებელი, ბუნებრივი მოვლენაა.

რეგიონების არსებობა აუცილებელია სახელმწიფო მოწყობის მხრივაც. არსებობს საჯარო საკითხები, რომლებიც თავისი არსით რეგიონული მნიშვნელობისაა და რომელთა გადაწყვეტა მხოლოდ რეგიონულ დონეზეა შესაძლებელი. რეგიონებში ბევრი პრობლემაა. მათი მოგვარება დიდი ხანია, ვერ ხერხდება. ცალკეული მუნიციპალიტეტები მათ ვერ მოაგვარებს, რადგან მათი ფარგლები მუნიციპალიტეტების საზღვრებს ცდება. ცენტრალურ ხელისუფლებას კი მათ მოსაგვარებლად არ სცალია, სხვა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს მოსაგვარებელი. და ეს ლოგიკურია, არ შეიძლება ყველაფერზე პასუხისმგებლობა მთავრობას ავკიდოთ.

ზოგიერთი დცენტრალიზაციაში სეპარატიზმის საფრთხეს ხედავს. ეს არასწორია. სეპარატიზმი, როგორც ამას ჩვენი მასწავლებელი, იაკობ გოგებაშვილი ამბობდა, ცენტრალიზმის პირმშოა. სეპარატიზმს ის სისტემა წარმოშობს, სადაც მოქალაქეებს არ შეუძლიათ საკუთარი საქმეები თავად მოაგვარონ.

საქართველო არ დაიშლება. საქართველოს სახელმწიფოს ხერხემალი არც ცალკეული პიროვნებებია (როგორც ზოგს ჰგონია) და არც ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება (ზოგსაც ასე ჰგონია). ძლიერი სახელმწიფო ძლიერი მოქალაქეა, ძლიერი საზოგადოებაა. თვითმმართველობა კი (მათ შორის რეგიონულ დონეზე) ამ საზოგადოების საფუძველი. დღეს, 21-ე საუკუნეში წარმოდგენელია ჩვენი ქვეყნის განვითარება და წინსვლა მოქალაქეთა თვითმმართველობის გარეშე. ჯერ კიდევ IX საუკუნეში ოცნებობდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და სხვები საქართველოში ერობის, თვითმმართველობის დამკვიდრებაზე როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ დონეზე! ჩვენ კი დღეს მათი ოცნების განხორციელების შანსი გვაქვს.

ძალიან დიდი უსამართლობა იქნება, თუ ჩვენ, ჩვენი პასუხისმგებლობით ჩვენივე საქმეების მოგვარების უფლება და საშუალება არ მოგვეცემა დაუსაბუთებელი, ირაციონალური შიშების გამო.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“