[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / ფოტო

პანკისელი მუსლიმები სირიაში მიმდინარე მოვლენებსა და სოციალურ პრობლემებზე

2015 წლის 15 აპრილს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თანამშრომლები პანკისის ხეობაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის - კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა (KRDF) და რელიგიური თემის - ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც რესპონდენტები EMC-ის მკვლევრებთან საუბარში უთითებენ, სირიაში ახალგაზრდა მუსლიმების წასვლის პროცესი და მასთან დაკავშირებით შექმნილი საჯარო დისკურსი პანკისის ხეობაში ტრადიციულ მუსლიმ თემსა და ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლებს შორის გაუცხოებასა და დაძაბულობას აღრმავებს.

ხეობაში ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლები, ამ დროისთვის, მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. სწორედ მათ მეჩეთებში მსახურობენ ძირითადად ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები.

მათი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ხეობიდან 50-მდე ახალგაზრდაა წასული სირიაში. იმ პირობებში, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრად აკონტროლებს მუსლიმი იდენტობის მქონე პირების გადაადგილებას საზღვარზე და ხშირად დაუსაბუთებელ შეზღუდვებს ავრცელებს მათზე, რესპონდენტებისთვის გაურკვეველია, თუ რატომ არ ახდენს შსს სირიაში ახალგაზრდების გამგზავრების ეფექტურ პრევენციას.

ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი არ უწყობენ ხელს სირიაში ახალგაზრდების წასვლის პროცესს, არავითარი ფორმით. მათი თქმით, სახელმწიფო არ ახდენს ორგანიზატორი კონკრეტული პირების, ან სირიაში გამგზავრების სქემის იდენტიფიცირებას და მისი უმოქმედობის პირობებში, სირიაში წასვლის წახალისება მათ რელიგიურ თემს დაუსაბუთებლად მიეწერება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ მარგინალიზაციას.

ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სირიაში მიმდინარე პროცესები არ ეხებათ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს და მათთვის არსებითია ხეობაში უსაფრთხო გარემოს არსებობა. გამოცხადებული ჯიჰადისა და ხალიფატის ლეგიტიმურობის საკითხზე დებატები ამ დრომდე მიმდინარეობს მუსლიმ სწავლულებს შორის და ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. ისინი გმობენ, ტყვეების, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სასტიკ მოპყრობას და მათი თქმით, ისლამი ამგვარ ქცევას ომში კატეგორიულად კრძალავს. ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლების თქმით, ხორციელდება სისასტიკის ამსახველი კადრების პროპაგანდისტული გამოყენება და ძალადობის ესთეტიზაცია. ხშირად გაუგებარი და სადავოა, თუ ვის მიერ მოხდა ვიდეოში ასახული კონკრეტული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, საზოგადოებაში არ ხდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესის ექსპერტული და ჩაღრმავებული გააზრება.

რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლებთან არ აქვს რაიმე სახის კომუნიკაცია და ის ხეობაში ტრადიციული ისლამის უხუცესთა საბჭოს გაძლიერებას ცდილობს. ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლების თქმით, უხუცესთა საბჭოს ხეობაში დაბალი ლეგიტიმურობა და მხარდაჭერა აქვს და სახელმწიფოს არ გააჩნია თემთან კომუნიკაციის სწორი სტრატეგია.

როგორც რესპონდენტები ამბობენ, ხეობის მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა ფიქსირდება დასაქმების, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმების კუთხით. ხეობაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და სახელმწიფო ხელს არ უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. დუისსა და მის ზემოთ სოფლებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ქისტი მუსლიმები შეადგენენ, ამ დრომდე არ არის გაყვანილი გაზი, რაც მძიმე სოციალურ ტვირთად აწვება სოფლებს. ამ პირობებში, არ ხდება თემის ინტეგრაცია პოლიტიკურ და სოციალურ სისტემაში და ეს მის იზოლაციას იწვევს.

განათლების სამინისტროს არ გააჩნია სპეციალური მიდგომა და პროგრამები პანკისის ხეობის საჯარო სკოლებში, რომელიც მათ ინტეგრაციას, ჩეჩნური ენის წავლებას შეუწყობს ხელს და ამავდროულად, ტერორიზმის პრობლემაზე, სათანადოდ მომზადებული საგანმანათლებლო პროექტების გზით, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

EMC აგრძელებს მუშაობას პანკისის ხეობაში არსებულ მდგომარეობაზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“