საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ძვირფასო მხარდამჭერებო და თანამებრძოლებო,
გვსურს გაგიზიაროთ სიახლეები ჩვენს ორგანიზაციაში წინა წელს მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესებისა და მისი შედეგების შესახებ, რაც ორგანიზაციის მომავალი სტრატეგიისა და ამოცანების განახლებასა და ჩვენი სახელის ცვლილებას უკავშირდება.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ ახალი სახელია. ორგანიზაციის სახელის ცვლილება გამოხატავს ჩვენი, ჩვენი თანამებრძოლების, მხარდამჭერებისა და გულშემატკივრების საერთო სურვილს, ორგანიზაციის სახელი იმთავითვე ცხადს ხდიდეს იმ პრინციპებს, იდეალებსა და წარმოდგენებს, რაც დაფუძნების დღიდან გვაერთიანებს. ჩვენთვის სამართლიანობის, უპირატესად კი სოციალური სამართლიანობის იდეა ყოველთვის წარმოადგენდა ჩვენი ბრძოლისა და ყოველდღიური შრომის მიზანს. სახელის ცვლილება არ უკავშირდება ორგანიზაციის მისიის და ხედვის ცვლილებას, ის ჩვენი იდეოლოგიური ჩარჩოს, პრინციპებისა და და მიზნების გამოკვეთას ისახავს მიზნად.
ჩვენი ორგანიზაცია უკვე 8 წელია ცდილობს ხელი შეუწყოს სოციალურ სამართლიანობაზე, სოლიდარობაზე და ინკლუზიურ დემოკრატიაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოებას ქვეყანაში. დაფუძნების დღიდან ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი პრივილეგირებული პოლიტიკური და ეკონომიკური ჯგუფების კერძო ინტერესებით აიგება და მასში სრულად არის გამოტოვებული ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის და სხვადასხვა ჩაგრული ჯგუფის რეალური სოციალური და პოლიტიკური წუხილები, საჭიროებები და ინტერესები.ამგვარმა პოლიტიკამ არამხოლოდ გამორიცხა საზოგადოებრივი ინტერესები, არამედ ფართე ჯგუფები გააუცხოვა და გარიყა პოლიტიკის ველიდან. კერძო ინტერესების დომინირების პირობებში, საზოგადოებრივი ინტერესების ძიება, პოლიტიკური გამოხატვა და მათ გასატარებლად სოციალური ჯგუფების დემოკრატიული ორგანიზების ხელშეწყობა ჩვენი მუშაობის მთავარი სტრატეგია და პრინციპი გახდა. ცხადია, ეს მიზნები რთულად მიღწევადი იყო მკვეთრად პოლარიზებულ ანტისოციალურ და ნაკლებად დემოკრატიულ პოლიტიკიკურ გარემოში და ჩვენ მუდმივად გვიწევს მუშაობის და ბრძოლის ახალი სტრატეგიების ძიება და განვითარება.
8 წლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, გასულ წელს ორგანიზაციამ დაიწყო საკუთარი მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიების გადააზრებისა და განვითარების დემოკრატიული სამუშაო პროცესი, რომელშიც ჩვენი თანამშრომლები, თანამოაზრეები და თანამებრძოლები აქტიურად მონაწილეობდნენ. მრავალთვიანი ფიქრისა და დისკუსიის შემდეგ, ახალმა სტრატეგიამ ერთი მხრივ სრულად შეინარჩუნა ყველა ის იდეა და ამოცანა, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია 8 წლის განმავლობაში ემყარებოდა, მეორე მხრივ კი შეეცადა ეპასუხა უფრო ფართე სოციალური უკმაყოფილებებისთვის და გაეფართოვებინა ორგანიზაციის სამუშაო თემები და სტრატეგიები. ქვეყანაში მიმდინარე ისტორიული, პოლიტიკური და სოციალური პროცესების კრიტიკული ანალიზი და მათ გარშემო უფრო ფართე საზოგადოებრივი დისკუსიის წარმოება, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ამოცანად დაისახა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ინარჩუნებს ყველა სამუშაო მიმართულებას და მის საქმიანობას აძლიერებს ახალი თემებით:
ჩვენ ვაცნობიერებთ არსებული ეკონიმიკური და პოლიტიკური წესრიგის რადიკალური გარდაქმნის საჭიროებას, რათა ყველა სოციალური ჯგუფისთვის შეიქმნას უფრო სამართლიანი, თანასწორი და დემოკრატიული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარემო. ამ მიზნით კი ქვემოდან მოქალაქეების დემოკრატიული ორგანიზების ხელშეწყობა, რეალურ სოციალურ ცვლილებებზე მიმართული პოლიტიკის მშენებლობა და სოლიდარობის ქსელების განვითარება სოციალური სამართლიანობის ცენტრის პოლიტიკურ და სამუშაო სტრატეგიის წამყვან პრინციპად გვსურს რომ იქცეს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მადლობას უხდის მის ყველა თანამოაზრეს, თანამშომელსა და თანამებრძოლეს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ჩვენს ქვეყანაში უფრო სამართლიანი, თანასწორი და დემოკრატიული გარემოს მშენებლობაში.
ჩვენ გვჯერა, რომ სამართლიანი მომავალი მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით წარმოისახება, იწარმოება და მიიღწევა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვრჩებით ყველა იმ პროცესის, ადამიანის და ორგანიზებული სოციალური ჯგუფის მხარდამჭერად და მეგობრად, რომელიც საკუთარ თემში, სოფელში, ქალაქში, თუ სამუშაო ადგილზე იბრძვის სამართლიანობისთვის და ამ გზით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში რადიკალური გარდაქმნებისთვის.
ინსტრუქცია